Facebook Twitter

#ბს-795-779(კს-12) 22 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. გ-ე

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 18 აპრილს მ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2012 წლის 6 მარტის №3/4-149 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის წელთა ნამსახურობის დაანგარიშების და 1992 წლის 15 აგვისტოდან 1997 წლის 25 მარტამდე პერიოდის ჩათვლის საერთო ნამსახურობაში დავალება (იხ. ს.ფ. 1-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2012 წლის 6 მარტის №3/4-149 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 105-112).

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 118-129.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის 14 დღიანი საპროცესო ვადის დაუცველობის გამო (იხ. ს.ფ. 132-136), რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2012 წლის 17 სექტემბერს, მას სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადა ეწურებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერს. ვინაიდან 2012 წლის 1 ოქტომბერი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადებული იქნა დასვენების დღედ, შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში უნდა წარედგინა 2012 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი იქნა 2012 წლის 3 ოქტომბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ მოტივით, რომ მას არ დაურღვევია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი საპროცესო ვადა. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის 2 ოქტომბერს კომპანია ,,...“ შეუკვეთა საფოსტო მომსახურება და შეადგინა შესაბამისი ტექსტი (ტელეგრამა) თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართზე, სადაც მითითებული იყო გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს №3/1894-12 გადაწყვეტილება მ. გ-ის საქმეზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება ერთვის კერძო საჩივარს (იხ. ს.ფ. 144-146).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაბარდა 2012 წლის 17 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 113). სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, 2012 წლის 3 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 118-128;), რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 1 ოქტომბერი გამოცხადებული იქნა დასვენების დღედ და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეეძლო სააპელაციო საჩივარი შეეტანა სასამართლოში 2012 წლის 2 ოქტომბერს, რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ეწურებოდა 2012 წლის 2 ოქტომბერს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის 2 ოქტომბერს, კომპანია ,,...“ შეუკვეთა საფოსტო მომსახურება და შეადგინა შესაბამისი ტექსტი (ტელეგრამა) თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართზე, სადაც მითითებული იყო, რომ სამინისტრო ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს №3/1894-12 გადაწყვეტილებას მ. გ-ის საქმეზე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას დაცული აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა, რის დასადასტურებლადაც, კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შპს ,,...“ ქვითარი (იხ. ს.ფ. 146 ).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლომ აპელაციის დასაშვებობის სტადიიდან უნდა გამოიკვლიოს მითითებული ფაქტობრივი გარემოება და ობიექტურად დაადგინოს დაცულია თუ არა აპელანტის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და გამოიკვლიოს, რომ შპს ,,...“ მეშვეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება ნამდვილად 2012 წლის 2 ოქტომბერს, როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე