Facebook Twitter

საქმე №ბს-828-812(კს-12) 30 იანვარი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი/მ „ზ. რ-ი“;

წარმომადგენელი - თ. მ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე - 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2 სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - ინდვივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2012 წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 11.06.2012 წ. ი/მ „ზ. რ-მა“ სარჩელი აღძრა მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.05.2012 წ. გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 03.11.2011 წ. #049-23 საგადასახადო მოთხოვნისა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 20.12.2011 წ. #049-4867 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებაზე ან დავის დამთავრებამდე გადავადებაზე, იმ საფუძვლით, რომ პატიმარია და მის მთელს ქონებას ყადაღა ადევს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.06.2012წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ი/მ ,,ზ. რ-ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 2 298, 03 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.08.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ი/მ „ზ. რ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აგრეთვე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2012 წ. განჩინებით ი/მ „ზ. რ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს განესაზღვრა 05-დღიანი ვადა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად.

03.10.2012 წ. აპელანტის ი/მ „ზ. რ-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება ან გადავადება პროცესის დასრულებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2012 წ. განჩინებით ი/მ „ზ. რ-ის“ წარმომადგენლის თ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა აპელანტს გაუგრძელდა 07 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2012 წ. განჩინებით ი/მ „ზ. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი არ უნდა განთავისუფლებულიყო ბაჟის გადახდისგან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების თანახმად, აპელანტს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.12 წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ „ზ. რ-მა“.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ არის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რის დასადასტურებლადაც მიუთითა, რომ არის პატიმრობაში, არ გააჩნია შემოსავალი, არ არის დასაქმებული, მისი მთელი ქონება დაყადაღებულია და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 29.10.2012 წ. განჩინების გაუქმება და დასაშვებობის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო ი/მ „ზ. რ-ის“ კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლო ხარჯების გადახდისგან განთავისუფლების წინაპირობებს, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან მხარეთა განთავისუფლების სხვა შემთხვევებიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლების თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გაანთავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ან გადაუვადოს მას ბაჟის გადახდა პროცესის დასრულებამდე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი/მ „ზ. რ-ის" მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კერძო საჩივრის ავტორის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. ი/მ „ზ. რ-ი" უთითებდა, რომ მას და მის ძმას - ი. რ. ო-ის ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვთ თავისუფლების აღკვეთა 05 წლის და 06 თვის ვადით, დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნიათ და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული აქვთ სახელმწიფოს სასარგებლოდ თითოეულს 50 000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 03.04.2012 წ. განაჩენით, რომელიც თან ერთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების ან გადავადების შესახებ. ამავე განცხადებას ერთვის ი/მ „ზ. რ-სა" და სს „..." შორის არსებული ხელშეკრულების ასლი, რომლითაც ი. რ. ო-ი თავდებობით კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს გადაუხადოს ზ. რ-ის მიერ საბანკო კრედიტის შესახებ 11.04.2011 წ. ხელშეკრულებით მიღებული 40 000 ლარი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ქვედა ინსტანციების სასამართლოებში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება ი.მ ,,ზ. რ-ის" მძიმე მატერიალური მდგომარეობა, იგი არ არის დასაქმებული პატიმრობის გამო და ვერ განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ დაყადაღებულ ქონებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორს უნდა გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა პროცესის დასრულებამდე, და განიხილოს საქმე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და:

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი/მ „ზ. რ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2012 წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

2. საქმე ი/მ „ზ. რ-ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლე: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე