საქმე ბს-866-848(კს-12) 23 იანვარი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ. ქ-ა.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დავის საგანი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12 წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
11.05.11 წ. მ. ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და რეაბილიტირებულად აღიარება და სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.11წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართYრეაბილიტირებულად აღიარებისა და სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.11 წ. განჩინებით მ. ქ-ას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ხუთდღიანი ვადა განჩინების ჩაბარებიდან.Aაპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება მ. ქ-ას 06.09.11 წ. გაეგზავნა.
მ. ქ-ამ 13.09.11წ. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.11 წ. განჩინებით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.09.11წ. განჩინება მ. ქ-ასთვის გაგზავნილ იქნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატის დედას – ც. ქ-ას 07.09.11წ. ჩაბარდა. განცხადება სააპელაციო საჩივართან ერთად სასამართლოში 13.09.11წ. იქნა შეტანილი. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს ჩაბარდა 07.09.11წ., აპელანტისთვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 08.09.11წ. და ამოიწურა 12.09.11წ. 24:00 საათზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული, რაც მ. ქ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.11 წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-ამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ჩაბარების ვადის აღდგენა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 05.09.11წ. განჩინება ც. ქ-ას ჩაბარდა არა 07.09.11 წ., არამედ 08.09.11 წ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.11.11 წ. განჩინებით მ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.11 წ. განჩინება. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. ქ-ას უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია 08.09.11 წ. გზავნილის ჩაბარების შესახებ.
01.02.12წ. მ. ქ-ამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.11 წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.12 წ. განჩინებით მ. ქ-ას განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12 წ. განჩინებით მ. ქ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.11 წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო რა სსსკ 423-ე მუხლს აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.11 წ. განჩინება მ. ქ-ას მიერ გასაჩივრებულ იქნა კერძო საჩივრით, შესაბამისად, მოდავე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნულ ეტაპზე წარედგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელთაც იგი ეყრდნობოდა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12 წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ქ-ას მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ უზენაეს სასამართლოს მიმართა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მისი დედა ც. ქ-ა 07.09.11 წ. ღამიდან 08.09.11 წ. შუადღემდე სენაკში, ... №36-ში არ იმყოფებოდა და წარადგინა ც. ქ-ას თბილისში ყოფნის მტკიცებულებები. მ. ქ-ამ აღნიშნა, რომ რადგან 16.09.11 წ. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაში არ იყო აღნიშნული 07 სექტემბრის სასამართლო შეტყობინებასა და 08 სექტემბრით დათარიღებულ მის მიერ წარდგენილ კონვერტის ქსეროასლს შორის წინააღმდეგობა, გასაჩივრება ვერ მოხდებოდა. კერძო საჩივრით გასაჩივრებისას წარდგენილი კონვერტის დედანი კი, რომელზეც აღნიშნული იყო 08.09.11წ., წარმოადგენდა უტყუარ მტკიცებულებას. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ ც. ქ-ა არის ქმედუუნარო, შესაბამისად, ჩაბარების თარიღად უნდა ჩათვლილიყო 09.09.11წ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. ქ-ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 05.09.12წ. განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით: 07.09.11წ. საქმეში არსებულ მისამართზე (სენაკი, ... №36-ში) არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, დედამისი ც. ქ-ა სასამართლო უწყებას ვერ ჩაიბარებდა; ც. ქ-ა არის ქმედუუნარო, შესაბამისად იგი უწყების მიმღებ პირად ვერ ჩაითვლებოდა და უწყების ჩაბარების თარიღად უნდა ჩათვლილიყო 09.09.11 წ. (მ. ქ-ას სენაკში დაბრუნების დღე).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსსკ 423-ე მუხლის მიხედვით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი მხარეს არ ათავისუფლებს მტკიცების ტვირთის ვალდებულებისგან, ამდენად, მან უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სასკ-ის მე-3, მე-4, მე-17 მუხ., სსკ მე-3, 102-ე მუხ.). აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ,,ახალი” ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12წ. სხდომით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.11წ. განჩინების ჩაბარების შემდგომ (08.10.11წ.) მ. ქ-ასთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების ჩაბარების თარიღად ჩათვალა 07.09.11წ., შესაბამისად, ცალსახაა, რომ კერძო საჩივრის ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულიც იყო, 07.09.11წ. სენაკში მისი მშობლის არყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარედგინა 12.10.11 წ., როდესაც მ. ქ-ამ სააპელაციო სასამართლოს 16.09.11 წ. განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარის მიერ თავისი პროცესუალური ვალდებულების არასათნადოდ შესრულება არ წარმოადგენს განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.3 მუხლის საფუძველზე თვლის, რომ არ არსებობს ახალი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლების და 05.09.12წ. განჩინების გაუქმების პირობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულია ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების სუბიექტებისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩააბაროს იგი ადრესატს. უწყების აღნიშნული პირისათვის ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ უწყება ჩაიბარა კერძო საჩივრის ავტორის დედამ ც. ქ-ამ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირის ქმედუუნარობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მ. ქ-ას მიერ წარდგენილ ფორმა №100-ს, სადაც მითითებაა მხოლოდ იმაზე, რომ პაციენტ ც. ქ-ას ესაჭიროება მუდმივი მეურვეობა, სასამართლო ვერ მიიჩნევს ც. ქ-ას ქმედუუნარობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს მ. ქ-ას მოსაზრებას, მისი მშობლის ქმედუუნარობის გამო ვადის ათვლის 09 სექტემბერიდან დაწყების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ქ-ას მიერ ხარვეზის გამოსწორების თაობაზე განცხადება და სათანადო ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 13.09.11წ. წარედგინა. განმცხადებელი სადავოდ ხდის უწყების ჩაბარების თარიღს (07 თუ 08 სექტემბერი). საკასაციო პალატა 07 სექტემბერს მისამართზე (სენაკი, ... №36) არყოფნის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს მ. ქ-ას მიერ წარდგენილ მეზობელ ა.არჩვავას განცხადებას და ასევე მ. ქ-ას დის დ. ქ-ას მეზობლების ახსნა-განმარტებას, რამდენადაც ამ უკანასკნელში საერთოდ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ ც. ქ-ა 07.09.11 წ. იმყოფებოდა თბილისში დ. ქ-ას სახლში. Aსაკასაციო პალატა თვლის, რომ 07.09.11წ. ც. ქ-ას სენაკში არყოფნას ცალსახად ვერ ადასტურებს 07.09.11წ. ც. ქ-ას თბილისში გამოკვლევაზე ყოფნის დამადასტურებელი ექიმის დანიშნულებებიც, რამდენადაც იგი არ გამორიცხავს იმავე დღეს სენაკში დაბრუნების შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს საფოსტო გზავნილს, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მ. ქ-ას დედას 07.09.11 წ. ჩაბარდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორების ვადის დარღვევის მოტივით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მ. ქ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12 წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე, 410-ე, 423-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12 წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
B მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე