საქმე ¹ბ-1732-14(ა-12) 09 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. განჩინება.
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2012 წ. გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ 07.03.11 წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.12.10წ. #000267 დადგენილების და ქ. თბილისის მერიის 17.02.11წ. #268 განკარგულების ბათილად ცნობის, ასევე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.11წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.11წ. განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.03.11წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.07.2012 წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.11წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის მოთხოვნა მასზე დაკისრებული ჯარიმის 10 000 ლარის გაუქმების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.12.10წ. #000267 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10000 ლარი შემცირდა 8000 ლარამდე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა გ. ბ-ემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.07.2012 წ. გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2012 წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (სასკ) პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ) 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსკ 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, გ. ბ-ე უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ მას ინფორმაცია დავის განხილვის მიმდინარეობის დროსაც ჰქონდა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც ობიექტურად არსებობდა საქმეზე საბოლოო გადაყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, განმცხადებელმა ვერ მიუთითა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ შეიტყო მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მანამდე მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენის თუ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. აღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ბ-ის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
განმცხადებელს წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოწმეთა ახნა-განმარტებებით და ა.შ) სურს დაადასტუროს, რომ სახლი მის საკუთრებაში აღრიცხვამდეც აშენებული იყო, შესაბამისად, ის მშენებლობას ვერ აწარმოებდა და ამდენად, უკანონოდ დაეკისრა საჯარიმო სანქცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.07.2012წ. გადაწყვეტილებაში გ. ბ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად მითითებულია არა მის მიერ კანონშეუსაბამო მშნებელობის წარმოება, არამედ მშნებელობის მწარმოებელი კონკრეტული სუბიექტის დაუდგენლობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევაზე ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, პასუხს აგებს სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. საკითხის ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს აგრეთვე ამჟამად მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტიც. ამდენად, იმ გარემოებების დადასტურებაც კი, რომ კანონშეუსაბამო მშენებლობა გ. ბ-ემ არ აწარმოა და მან სახლი არსებულ მდგომარეობაში შეიძინა, არ ქმნის უზენაესი სასამართლოს 25.07.2012წ. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. ამასთან, საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ გ. ბ-ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 19.10.2010წ. შედგენილ იქნა მითითება, რომლითაც გ. ბ-ეს მიეცა წინადადება 10 დღის ვადაში დარღვევის გამოსწორების მიზნით მოეხდინა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, კერძოდ, განეხორციელებინა ობიექტის დემონტაჟი. საქმეზე დადგენილია აგრეთვე, რომ 01.11.2010 წ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოხდა მითითების შესრულების შემოწმება და დადგინდა 19.10.2010 წ. მითითების მოთხოვნების შეუსრულებლობა, რაზედაც შედგა შემოწმების აქტი. მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ დაეკისრა გ. ბ-ეს საჯარიმო სანქცია და უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. ამდენად, გ. ბ-ეს ჰქონდა გონივრული ვადა აღმოეფხვრა არსებული სამართალდარღვევა და თავიდან აეცილებინა შემდგომი დაჯარიმება, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს (სასკ-ის მე-3, მე-4, მე-17 მუხ., სსკ მე-3, 102-ე მუხ.). საქმის არსებითი განხილვისას გ. ბ-ეს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულიც იყო წარმოედგინა თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მან ვერ განახორციელა. მხარის მიერ მტკიცების ვალდებულების არასათანადოდ შესრულება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.07.2012 წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-427-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2012წ. #ბს-1211-1197(კ-11) გადაწვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე