განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ
საქმე ¹ბ-59-1 (ა-12) 30 იანვარი,2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ გ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2006 წ. განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ლ-მა 10.11.04წ. სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. #01/03-01/513 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით დამატებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 01.02.05წ. გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. #01/03-01/513 ბრძანება გ. ლ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, გ. ლ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდა განაცდური დროის ხელფასი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ გ. ლ-ის მოთხოვნას უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.09.05წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 01.02.05წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.2006 წ. განჩინებით გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.09.05წ. გადაწყვეტილება.
16.01.2013 წ. საქართველოს უზენაეს სასაართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა გ. ლ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.2006 წ. განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გ. ლ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.2006 წ. განჩინების გაუქმებას.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან უზენაესი სასამართლოს 20.03.06 წ. განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის განცხადება განჩინების გაუქმების შესახებ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის, განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ლ. მურუსიძე