Facebook Twitter

ბს-874-856 (უს-12) 9 იანვარი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. ლ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2012 წ. განჩინებაზე და

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ტ. ლ-მა და თ.ნ-მა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ (მესამე პირების – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, ქ.რუსთავის საკრებულო, ქ.რუსთავის მთავრობა და მ.ჩ-ე). მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. მოპასუხისათვის 05.06.2008 წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოსარჩელეთათვის დაბრუნების დაკისრება; 2. ქ.რუსთავში ... მ/რ-ის 7-55 ბინასთან დაკავშირებით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ გამოტანილი განკარგულების არარად ცნობა და აღნიშნულის შესახებ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დაკისრება; 3. მოპასუხის 21.03.2011 წ. #10539 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა; 4. მოპასუხისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება იმის თაობაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ #3-2 საქმეზე გამოტანილი 19.03.2007 წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 05.04.2007 წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელი სახით იმყოფება ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში; 5. მოპასუხისათვის მოსარჩელის 10.02.2011 წ. განცხადებაზე სამართალწარმოების განხორციელების დავალება; 6. მოპასუხისათვის ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ისეთი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.03.2007 წ. გადაწყვეტილებაში მითითებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ გააფრთხილოს ქ.რუსთავის საკრებულო 05.04.2007 წ. სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულებასთან დაკავშირებით და განუმარტოს ნებაყოფლობით აღუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2012 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე ტ. ლ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.08.2012 წ. განჩინებით ტ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა ტ.ლ-მა და მოითხოვა ქ.რუსთავის საკრებულოდან და ქ.რუსთავის მერიდიან იძულებით ამოღებულ იქნეს საქმე #3-2 სააღსრულებო წარმოებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, ვინაიდან სახელისუფლებო ცვლილებების გამო ორგანოები, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების დაფარვის მიზნით, ანადგურებენ მათთან დაცულ დოკუმენტაციას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის განადგურებაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.2012 წ. განჩიებით ტ.ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც დადგენილ ვადაში გასაჩივრდა ტ.ლ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.11.2012წ. განჩინებით ტ.ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ.ლ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.2012 წ. განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. აღსანიშნავია, რომ მოცემული ნორმით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს მხარის სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

განსახილველ შემთხვევაში ტ.ლ-ი ითხოვს ქ.რუსთავის საკრებულოდან და ქ.რუსთავის მერიიდიან #3-2 სააღსრულებო წარმოებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის ამოღებას იმ საფუძვლით, რომ სახელისუფლებო ცვლილებების გამო ორგანოები, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების დაფარვის მიზნით, ანადგურებენ მათთან დაცულ დოკუმენტაციას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის განადგურებაც.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უსრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთან, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (სსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს მის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. მხოლოდ აბსტრაქტული ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა მოხდეს ქ.რუსთავის მერიიდან და საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაციის განადგურება, ვერ გახდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ტ.ლ-ის მიერ მხოლოდ ნორმის ზოგად დანაწესზე მითითება, რომ შემდგომში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, არ ქმნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. განმცხადებელი ვალდებულია დაასაბუთოს ის მოსალოდნელი რეალური საშიშროება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული დასაბუთება ტ.ლ-ს არც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში და არც საჩივარში არ მოუყვანია. ამასთან, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს 29.10.2012 წ. განჩინების სამართლებრივი უსწორობა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ.ლ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.2012 წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 191-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2012 წ. განჩნება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: პ.სილაგაძე

ლ. მურუსიძე