საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ¹ბს-104-97(კ-13) 13 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა¹#32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო გაეცნო სს „…“ საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინების ასლი სს „…“ (დირექტორი გ. ო-ი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად 2013 წლის 8 იანვარს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, … გამზ. #16, მე-8 სართული) და აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2013 წლის 8 იანვარს ჩაბარდა ადრესატის წარმომადგენელს (სამეთვალყურეო საბჭოს წევრს) - ნ. ლ-ს (ტ. II, ს.ფ. 49). საკასაციო საჩივარზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ სს „…“ საკასაციო საჩივარი 2013 წლის 30 იანვარს შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების ვადა სს „…“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 9 იანვარს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2013 წლის 29 იანვარს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე სამშაბათი, მაგრამ სს „…“ ერთი დღით გადააცილა საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადას, რადგან 2013 წლის 30 იანვარს შეიტანა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „…“ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 _ დღიანი ვადა, რის გამოც სს „…“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სს „…“ 2013 წლის 30 იანვარს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის _ 620 (ექვსას ოცი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სს „…“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე;
2. სს „…“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 30 იანვრის #1 საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი …) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 620 (ექვსას ოცი) ლარის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე