Facebook Twitter

ბს-1738-1707(კ-11) 27 თებერვალი,2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი - ა. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი ვ. ჯ-ა (მინდობილობა 15.10.09წ. N224469)

მესამე პირები - ა. ბ-ი, რ. ა-ე, ხ. შ-ი, თარჯიმანი - ი. ყ-ი

დავის საგანი - ანტრესოლის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 23.06.08წ. #ლეგ-2015 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა. ბ-ის განცხადება, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, დიღმის მასივი, კვარტალი ..., კორპუსი ...-ში მდებარე ფართში უნებართვოდ მოწყობილი ანტრესოლი. 11.12.08წ. აღნიშნულ ანტრესოლზე დარეგისტრირდა ა. ბ-ის საკუთრების უფლება.

07.05.09წ. ა. ბ-მა ანტრესოლი 5 ათას ლარად მიყიდა რ. ა-ეს. 13.05.09წ. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ხსნებულ ანტრესოლზე ა. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და ფართზე დარეგისტრირდა რ. ა-ის საკუთრების უფლება. 05.06.09წ. ანტრესოლი გაიმიჯნა და 31,81 კვ.მ. და 24,45 კვ.მ. ცალკ-ცალკე დარეგისტრირდა რ. ა-ის სახელზე. 16.06.09წ. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ანტრესოლის 31,81 კვ.მ.-ზე რ. ა-ის საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრაციის გადაწყვეტილება და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ხ. შ-ის საკუთრების უფლება.

ქ. თბილისის მერის 06.07.09წ. #747 განკარგულებით დაკმაყოფილდა ა. ძ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 23.06.08წ. #ლეგ - 2015 ბრძანება.

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.08.09წ. #164246 გადაწყვეტილებით ა. ძ-ის განცხადება ანტრესოლზე ა. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.09წ. #174992 გადაწყვეტილებით ა. ძ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, განმცხადებელს დაუბრუნდა საბუთები. ა. ძ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.12.08წ. #882008361421-03 გადაწყვეტილების, რომლითაც ანტრესოლზე დარეგისტრირდა ა. ბ-ის საკუთრების უფლება, 06.08.09წ. #164246 გადაწყვეტილების, რომლითაც ა. ძ-ს უარი ეთქვა ა. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე, აგრეთვე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.09წ. #174992 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სარეგისტრაციო სამსახურის რიგი გადაწყვეტილებების (13.05.09წ. #882009127407-03, 05.06.09წ. #882009145568-07, 19.06.09წ. #882009171016-03) არარად აღიარება. მოთხოვნის ამ ნაწილში საქმის წარმოება საქალაქო სასამართლოს 17.11.09წ. განჩინებით დაუშვებლობის გამო შეწყდა, განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 06.05.10წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.10წ. გადაწყვეტილებით ა. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ ლეგალიზაციის შესახებ ბრძანება წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს და შესაბამისად არსებობდა უძრავ ნივთზე ა. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. მერიის 06.07.09წ. განკარგულებით უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს რეგისტრაციის არა ბათილად ცნობის, არამედ ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე უფლებები უკვე გადასულია მესამე პირებზე, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება ძალადაკარგულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.05.10წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ძ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.06.11წ. განჩინებით ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 06.05.10წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ დავის საგანია ანტრესოლის რეგისტრაცია, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ანტრესოლი საკუთრების უფლებით ა. ბ-ის სახელზე დარეგისტრირდა ცალკე უფლების ობიექტად, თუ მთლიან ფართთან ერთად, რის შემდეგაც უნდა ემსჯელა საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. #57 დადგენილებასთან რეგისტრაციის შესაბამისობაზე. სზაკ-ის 61.7 მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. სზაკ-ის 601.1 მუხლის შესაბამისად აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. შესაბამისად, სადავო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობა სარეგისტრაციო სამსახურს არ ართმევდა უფლებას ბათილად ეცნო მის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია მხარის კანონიერი ინტერესის არსებობის პირობებში, რაც საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო. ა. ბ-ის სახელზე ანტრესოლის რეგისტრაციის ბათილად ცნობა წარმოშობდა მისი სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.10.11წ. განჩინებით ა. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.10წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ანტრესოლი დარეგისტრირდა ა. ბ-ისა და ა. ძ-ის საკუთრებასთან ერთად, ანტრესოლს ცალკე საკადასტრო კოდი არ მინიჭებია, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ანტრესოლი ცალკე უფლების ობიექტად არ დარეგისტრირებულა. რაც შეეხება 24.03.09წ. #57 დადგენილებით დამტკიცებულ წესთან ანტრესოლის რეგისტრაციის შესაბამისობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დადგენილება ანტრესოლის რეგისტრაციის დროს (11.12.08წ.) ჯერ მიღებული არ ყოფილა. პალატამ აღნიშნა, აგრეთვე რომ სადავო 11.12.08წ. რეგისტრაციის გადაწყვეტილება გამოიცა ლეგალიზაციის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად, დაცულია იმ დროს მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები, რეგისტრაცია განხორციელდა უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე. მერიის 06.07.09წ. განკარგულებით საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გაუქმება, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არის რეგისტრაციის არა ბათილად ცნობის, არამედ ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.10.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ძ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს განჩინების მითითებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს დადგენილად ჰქონდა მიჩნეული, რომ არსებობდა მხარის კანონიერი ინტერესი ბათილად ყოფილიყო ცნობილი სადავო რეგისტრაცია, რაც წარმოშობდა შემდგომი რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველს. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ანტრესოლს ცალკე საკადასტრო კოდი არ მინიჭებია, ის ორჯერ გასხვისდა, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი. სადავო რეგისტრაციის დროისათვის მოქმედებდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ 11.08.05წ. N140 საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც შეიცავდა საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. დადგენილებით დამტკიცებულ წესში მოცემულ ანტრესოლის ანალოგიურ დეფინიციას. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. N57 დადგენილება ანტრესოლის რეგისტრაციის დროისათვის მიღებული არ იყო და არ იმსჯელა იმ დროისათვის მოქმედ საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. N140 დადგენილებასთან ანტრესოლის შესაბამისობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითებები და მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, დიღმის მასივის ... კვ. ... კორპუსში არსებული 77 კვ.მ. ფართის თანამესაკუთრეები არიან ა. ძ-ი (42 კვ.მ.) და ა. ბ-ი, უკანასკნელს საკუთრებაში აქვს 35 კვ.მ. ფართი, ურბანული დაგეგმარების სამსახურმა ა. ბ-ს, ფართის ლეგალიზაციის შედეგად, დაუკანონა 57.26 კვ.მ. ანტრესოლი. ანტრესოლის, როგორც შიდა არქიტექტურის ნაწილის, კერძოდ, სასარგებლო ფართის გაზრდის მიზნით ზედა ნაწილში მოწყობილი ნახევარსართულის, თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე, მთლიანად ა. ბ-ის სახელზე დაკანონებით, გაიზარდა ა. ბ-ის წილი თანასაკუთრებაში. სკ-ის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრების მართვა უნდა განხორციელდეს თანამესაკუთრეების მიერ ერთობლივად. ამდენად, ობიექტის ლეგალიზება საჭიროებდა თანამესაკუთრის თანხმობას, მიუხედავად ამისა ანტრესოლის ლეგალიზება მოხდა თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, შესაბამისი ორგანო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერის 06.07.09წ. N747 განკარგულებით დაკმაყოფილდა ა. ძ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 23.06.08წ. Nლეგ-2015 ბრძანება, რომელიც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში ა. ბ-ის სახელზე ფართის რეგისტრაციას. ა. ძ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში ლეგალიზაციის აქტი ძალაში იყო. საერთო წესის თანახმად, რეგისტრაციის საფუძვლის (ანტრესოლის ლეგალიზების აქტის) ბათილად ცნობა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო რეგისტრაცია, ა. ბ-ის მიერ ანტრესოლის გაყიდვის გამო, ამჟამად ისედაც ძალადაკარგულია. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის საფუძვლის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს რეგისტრაციის მომენტიდან რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის დასმის შესაძლებლობას. სზაკ-ის 61.7 მუხლის მიხედვით აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. კოდექსის 601 მუხლის თანახმად ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის გაუქმების მიუხედავად მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს აგრეთვე სზაკ-ის 190-ე, სასკ-ის 32.3 მუხლების შინაარსიდან. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით რეგისტრაცია ბათილად ან არარად გამოცხადდება: თუ ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სზაკ-ის 601 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს, შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა მისი ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობის დღიდან და მომავალში კონკრეტული თარიღის მითითებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რეგისტრაციის მომენტში უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა არ ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ცნობის შეუძლებლობას, ვინაიდან ლეგალიზაციის აქტი ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის დღიდან ქ. თბილისის მერის 06.07.09წ. N747 განკარგულებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტებით არ დაკმაყოფილდა მერის 06.07.09წ. №747 განკარგულების გაუქმების მოთხოვნა, დადასტურდა 06.07.09წ. №747 განკარგულების კანონიერება. ამასთანავე, რეგისტრაციის საფუძვლის ბათილად ცნობა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.3 მუხლის მიხედვით, ქმნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველს. აღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის საგანს არ შეადგენს ანტრესოლის შემდგომი განკარგვები და მათთან დაკავშირებული რეგისტრაციები (ანტრესოლის გასხვისებასთან დაკავშირებული რეგისტრაციების არარად აღიარების ნაწილში სარჩელი არ იქნა დაშვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ა. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამოცემის მომენტიდან სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ თავისთავად გულისხმობს შემდგომი რეგისტრაციების გაუქმებასაც, ხოლო უკანასკნელი თავის მხრივ შეუძლებელია რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების გარეშე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 17.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბათილად ან არარად იქნება ცნობილი, რეგისტრაციის შედეგად საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე დაზუსტებას საჭიროებს დავის საგანი, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა თავის თავში მოიცავს შემდგომი რეგისტრაციების, კერძოდ ანტრესოლის ფართზე რ. ა-ის, ხ. შ-ის, ი. ღ-ის უფლების რეგისტრაციების, აგრეთვე ხსენებული რეგისტრაციების საფუძვლების (ნასყიდობის ხელშეკრულებების) ბათილად ცნობის მოთხოვნებსაც. საკასაციო სასამართლოს 21.06.11წ. განჩინებაში მითითებულია, რომ ა. ბ-ის სახელზე სადავო ანტრესოლის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებისაგან განსხვავებით, წარმოშობდა რეგისტრაციის სამართლებრივი შედეგების, მომდევნო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველს, აღნიშნული ასევე ადასტურებს ა. ძ-ის მოთხოვნის დაზუსტების საჭიროებას. ვინაიდან რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა იმთავითვე მოიცავდა ხსენებულ საკითხებსაც, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სამართალურთიერთობების წრის გაფართოება მოცემულ შემთხვეავში შესაძლებელია არა დავის საგნის გაზრდის შედეგად, რაც მოცემულ ეტაპზე დაუშვებელია, არამედ დავის საგნის დაზუსტების შედეგად. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ დავის საგნის დაზუსტების შემთხვევაში დავის საგნით მოცული სამართალურთიერთობების კომპლექსურობის გამო, უნდა გაიმიჯნოს დავის ცალკეული ასპექტების (ნასყიდობის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრში რეგისტრაციები) განსჯადობის და განხილვის რიგითობის საკითხები.

დავის საგანთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ 06.06.12წ. განხორციელდა ახალი რეგისტრაცია, კერძოდ ხ. შ-მა მოახდინა თავისი კუთვნილი წილი ფართის რეალიზაცია ი. ღ-ზე. უკანასკნელს სასამართლო შეტყობინება საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით გაეგზავნა 08.02.13წ., ასევე 12.02.13წ. სატელეფონო აქტით ეცნობა მიმდინარე დავის შესახებ და განემარტა რომ 13.02.13წ. განიხილებოდა ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი და მესამე პირად ჩართვის სურვილის შემთხვევაში უნდა გამოცხადებულიყო საქმის ზეპირ განხილვაზე და განეცხადებინა თანხმობა საკასაციო ინსტანციაში მესამე პირად ჩართვის თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, პალატის მთავარი სხდომის დასრულებამდე მას არ გამოუთქვამს სურვილი პროცესში ჩაბმის შესახებ (განცხადება პროცესში მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა პალატის სათათბიროდ გასვლის შემდეგ), რაც გამორიცხავდა სასკ-ის 34-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო ინსტანციაში მისი პროცესში ჩაბმის შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის დაზუსტების შედეგად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ფართის ახალი შემძენის პროცესში ჩაბმის საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით იმ გარემოებაზე, რომ სადავო რეგისტრაციის დროისათვის არ იყო მიღებული საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. N57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ არ ადასტურებს მოთხოვნის უსაფუძვლობას, ვინაიდან ხსენებული კანონქვემდებარე აქტი არ იძლევა კონსტრუქციის - ანტრესოლის რაიმე პრინციპულად ახალ დეფინიციას, ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავდა N57 დადგენილების მიღებამდე და სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. N140 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი. აღნიშნულ წესში მთავრობის 27.10.08წ. N214 დადგენილებით შეტანილი დამატების თანახმად, ანტრესოლი არის ინტერიერის/სამყოფის სივრცეში იატაკის ზედაპირის შესაქმნელად მოწყობილი ისეთი კონს­ტრუქ­ცია, რომელიც ინტერიერის/სამყოფის ნაწილს ყოფს ორ სართუ­ლად. ანტრესოლის ხსენებული ლეგალური დეფინიცია მოქმედებდა სადავო რეგისტრაციის განხორციელების (11.12.08წ.) მომენტში. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს არ უმსჯელია ანტრესოლის ცალკე დამოუკიდებელ ობიექტად რეგისტრაციის დასაშვებობის საკითხზე. სააპელაციო პალატის მითითება, რომ ანტრესოლს არ აქვს მინიჭებული ცალკე დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი არ უარყოფს ანტრესოლის ცალკე ობიექტად რეგისტრაციას, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ შემდგომში ანტრესოლი არაერთგზის გასხვისდა, ამასთანავე აპელანტი აყენებდა ზოგადად საკითხს ანტრესოლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ანუ მისი რეგისტრაციაუნარიანობის, მისი ცალკე სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად დაშვების შესაძლებლობაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 25-ე პუნქტის თანახმად, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს დუპლექსის ტიპის ნაგებობას, ან როდესაც ერთ სისტემაში გაერთიანებულ სხვადასხვა სართულზე მდებარე სათავსებს აქვთ ერთი შესასვლელი, რეგისტრაცია ხორციელდება, როგორც ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.09წ. N174992 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. სზაკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ სზაკ-ის მე-13 თავით თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის IV თავით გათვალისწინებული დებულებანი, ხოლო 80.4 მუხლის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ამდენად, გარკვევას საჭიროებს მოსარჩელის კაონიერი ინტერესი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.09წ. №174992 გადაწყვეტილების გაუქმების მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, საჭიროა სადავო სამართალურთიერთობის ყველა მონაწილის ჩაბმა, დავის საგნის დაზუსტება, რის გამოც ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

d a a d g i n a:

1. ა. ძ-ი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.11წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. სასამართლო ხარჯები გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ბ. ალავიძე