საქმე ბს-403-398(კ-12) 13 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. თ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო
მესამე პირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.02.2012 წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ რეგისტრაციაში გატარების დავალება, ხსენებული სახლის თავისუფალი ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უზრუნველყოფის დავალება ქ. სოხუმის მერიისათვის. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 04.11.1987წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად ა. თ-ას მთელი ქონების მემკვიდრენი გახდნენ მისი შვილები ლ. თ-ა და მოსარჩელე ი. თ-ა. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა ქ. სოხუმში ... #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლი, ოთხი საცხოვრებელი ოთახით, 44 კვ.მ. ფართით და დამხმარე 29 კვ.მ. ფართით, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დამხმარე სათავსოები 533 კვ.მ. ფართით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საბინაო წიგნი, 1989წ. სახლის დაზღვევის მოწმობა, #2074 სავალდებულო საგანაკვეთო დაზღვევის ქვითარი, #8338 და #8339 საგადასახადო უწყებები, 08.12.90წ. ავტომობილის მფლობელის მოწმობა ადასტურებდნენ სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლებას. აფხაზეთის ომის შედეგად მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლა მოსარჩელის და, რომელიც 28.09.93წ. დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა. 30.09.05წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრში ხსენებული ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია. 10.10.05წ. სააგენტომ წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ ქონების რეგისტრაცია ამ მომენტისათვის შეუძლებელია. მოსარჩელემ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 1921წ. კონსტიტუციის 114-ე მუხლებზე, 09.04.91წ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებზე, მათ უპირატეს ძალაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 183-ე, 184-ე მუხლებზე მითითებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 27.04.2006 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო 17.05.2006 წ. განჩინებით - აფხაზეთის ა/რ მთავრობა.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ი. თ-ას სახელზე საკუთრების უფლებით ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის რეგისტრაციაში გატარება, მოსარჩელეს ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის 27.12.01წ. დადგენილების დათქმები ადასტურებენ იმას, თუ რამდენად მიუღწევადია სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლომ პარლამენტის 27.12.01წ. დადგენილება და საკონსტიტუციო სასამართლოს 16.11.03წ. გადაწყვეტილება მიიჩნია სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების საფუძვლად და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის სამსახური, გაეროს მეთვალყურეთა მისია საქართველოში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში 1994 წლიდან მიმდინარე ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებების შედეგად ვერ ახერხებენ აფხაზეთის პრობლემატური საკითხის ეფექტურ მოგვარებას, დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული ქ. სოხუმის მერიის დავალდებულება უზრუნველყოს მოსარჩელის მიერ ქ. სოხუმში არსებული უძრავი ქონების თავისუფალი ფლობა-სარგებლობა, განკარგვა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მის უფლებას საკუთრებაზე გარანტირებულს ხდიდა საქართველოს 1921 წ. კონსტიტუცია, 09.04.91წ. ,,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”, გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული ნორმები. კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არ მოიპოვება ნორმატიული აქტი ან ნორმა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იქნება ი. თ-ას ქ. სოხუმში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება და დარეგისტრირება.
სასამართლოს აზრით, სახლის ი. თ-ას საკუთრებაში ყოფნას ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, 04.11.87წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, უძრავი ქონების ნებაყოფლობითი დაზღვევის, საგადასახადო უწყებების, გადასახადის ქვითრები, საბინაო წიგნის ჩანაწერები. მესაკუთრედ აღიარების დამაბრკოლებელი აქტი არ არის პარლამენტის 27.12.01წ. დადგენილება, რომლის კონსტიტუციურობის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა და მიეთითა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა სპობს არა თავად ვალდებულებას, არამედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის. მართალია, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ი. თ-ას მიერ ქ. სოხუმში იძულებით მიტოვებული უძრავი ქონების ხელყოფის აღკვეთას ან ამ ქონებით თავისუფალი ფლობა-განკარგვის და სარგებლობის რეალიზებას, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს, რომელსაც ევალება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით ნებისმიერი ხერხით და საშუალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სრულიად დაუბრკოლებლად შეუძლია ცნოს ასეთ ქონებაზე დევნილი მოსარჩელის უფლება, გაატაროს იგი მესაკუთრედ რეგისტრაციაში. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არ მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტის 14.02.06წ. №124, 08.04.06წ. E#255 ბრძანებულებები, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 31.03.06წ. №30 ბრძანება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ი. თ-ას უფლება ქ. სოხუმში იძულებით მიტოვებულ სახლზე რეგისტრირებული ჰქონდა ამავე ქალაქის ტექაღრიცხვის სამსახურში, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 33-ე მუხლის თანახმად ტექინვენტარიზაციის სამსახურში ამ სამსახურის ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. თ-ამ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.06.2007 წ. განჩინებით საქმეზე აფხაზეთის მთავრობა ცნობილ იქნა ქ.სოხუმის მერიის უფლებამონაცვლედ და მესამე პირად ჩართული აფხაზეთის მთავრობა ჩაბმულ იქნა საქმეში როგორც სათანადო მოპასუხე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინებით ი. თ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ი. თ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინება ი. თ-ასათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. თ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. სოხუმის მერიისათვის მოსარჩელის კუთვნილი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.03.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი. თ-ა ცნობილ იქნა ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში ი. თ-ას გატარება და მის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების აღრიცხვა, საქმე ამ ნაწილში ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.06.09წ. საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრი მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და ამ ნაწილში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო (ტ.2, ს.ფ.147).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.09წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ი. თ-ას მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეცა საგნობრივად განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის გამო შეჩერდა სამართალწარმოება საქმის სამოქალაქო წესით განხილვის დასრულებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.10წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ი. თ-ა ცნობილ იქნა მესაკუთრედ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.11წ. განჩინებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.10წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.11წ. განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.12წ. განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.12წ. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ აღრიცხვა და უძრავი ნივთით თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უზრუნველყოფა, ხოლო მოგვიანებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ი. თ-ამ გაზარდა მოთხოვნა და დამატებით საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა. პალატის მითითებით, აღნიშნულით ი.თ-ამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 224-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან სასამართლო მთავარ სხდომაზე, მოპასუხის თანხმობის გარეშე გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დარღვევის მიუხედავად, სრულად დააკმაყოფილა ი. თ-ას სარჩელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევაა. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ ი. თ-ას თავიდანვე რომც მოეთხოვა საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა, მისი ეს მოთხოვნა მაინც უსაფუძვლო იქნებოდა, რადგან 04.11.1987 წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის შესახებ მოწმობის მიხედვით ალ. თ-ას სამკვიდრო თანაბრად გაიყო მის მემკვიდრეებს ი. და ლ. თ-ებს შორის, შესაბამისად საცხოვრებელი ბინის 1/2 წილი ლ. თ-ას გადაეცა მემკვიდრეობით. ი.თ-ამ მართალია წარმოადგინა, საბინაო წიგნი, სადაზღვევო და მფლობელთა გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული სააპელაციო პალატამ მოსარჩელის სადავო ბინის მესაკუთრედ აღიარების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია, იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა დაუშვებელია პირის იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის გარეშე, სადაც უძრავი ნივთია განლაგებული, ამასთან, არც ი. თ-ას მიერ გარდაცვლილი დის მემკვიდრეობის მიღება დადასტურდა.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. თ-ას მესაკუთრედ ცნობის საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან ი. თ-ას მიერ საჯარო რეესტრში არ ყოფილა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი: საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. პალატამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ შენობაზე უფლების რეგისტრაცია იმთავითვე გულისხმობს მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციასაც და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართის დაუდგენლობა გამორიცხავს მასზე საკუთრების ულების აღრიცხვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი ვერ მოახდენს იმ უფლების რეგისტრაციას, რომელიც კანონის საფუძველზე არ ექვემდებარება რეგისტრაციას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია განსხვავებული წესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტის 21.06.2011 წ. #326 ბრძანებულების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრაცია ხდება წინასწარი და არა საბოლოო სახით. ამ უძრავი ქონების საბოლოო რეგისტრაცია, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, განხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით ცალსახად არის დადგენილი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო, განსაკუთრებული მდგომარეობის რეჟიმი, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დადების განსაკუთრებული წესი. ი. თ-ასთვის საცხოვრებელი სახლის საბოლოო წესით რეგისტრაცია გულისხმობს მისთვის ქ. სოხუმში მდებარე ფართის გასხვისების უფლების მინიჭებასაც, რაც განსახილველი კანონის აკრძალვებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ი. თ-ას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 31.03.2006წ. №30 ბრძანების შესაბამისად არ მოუხდენია კონფლიქტამდე მისი უძრავი ქონების სათანადო წესით დეკლარირება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ი. თ-ას არ მოუთხოვია საცხოვრებელი სახლის წინასწარი, დროებითი რეგისტრაცია, არამედ მოითხოვა საცხოვრებელ სახლზე საბოლოო რეგისტრაციის განხორციელება, ამიტომ არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკუთრების უფლების დადგენის საფუძვლად არასწორად მოიშველია 20.03.1952 წ. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის პირველი მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა წარმოადგენს არა საკუთრების უფლების დადგენის საფუძველს, არამედ უკვე წარმოშობილი საკუთრების დაცვის გარანტს. ამასთან, საქართველოს პარლამენტის 27.12.2001წ. დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა რა აღნიშნული კონვენცია, იქვე გაკეთდა დათქმა, რომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი ამ სტატუსის მინიჭების გარემოებების აღმოფხვრამდე. აღნიშნულით სახელმწიფო არ აუქმებს დევნილთა საკუთრების უფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებაზე, პირიქით – აღიარებს და იღებს მისი დაცვის ვალდებულებას.
პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უადგილოდ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის შესაბამისადაც საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ შეთანხმებები საქართველოში უშუალოდ მოქმედ სამართლად მოიაზრება და მათი რეალიზებისთვის დამატებით, იერარქიულად დაბალ საფეხურზე მდგომი ნორმატიული აქტების მიღება საჭირო არ არის. პალატამ აღნიშნა, რომ ეს მსჯელობა მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა, რადგან ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, მოსამართლემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაბუთებული წარდგინებით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაასაბუთა თუ რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მიმართ წინასწარი რეგისტრაციის დამდგენი ნორმები საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.12წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 14.07.2011 წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მისი მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. აღნიშნული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლით, კანონიერ ძალაში შევიდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. თ-ა ცნობილ იქნა ქ. სოხუმში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ და საჯარო რეესტრს დაევალა აღნიშნული საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა და გამოტანილია არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ. ამასთან, პროცესში უკანონოდ იქნა ჩაბმული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო. თავისი არასწორი ქმედებებით სასამართლომ მოახდინა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ლეგალიზება, არ დაიცვა კანონთა იერარქია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, პრეზიდენტის 14.02.2006 წ. #124, 08.04.2006 წ. #255 და 21.07.2011 წ. #326 ბრძანებულებების მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ი. თ-ა სასარჩელო განცხადებით ითხოვს: ქ.სოხუმში, ... @#21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ი. თ-ას მესაკუთრედ აღრიცხვის დავალებას და ქ. სოხუმის მერიისთვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალებას. სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.2006წ. გადაწყვეტილებით ი. თ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უძრავ ნივთზე ი. თ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის მოთხოვნა ქ. სოხუმის მერიისთვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.03.2009 წ. განჩინებით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება ქ. სოხუმის მერიისთვის მოსარჩელის კუთვნილი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალების შესახებ ი. თ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.2006 წ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა იწვევს გადაწყვეტილების საბოლოო, სავალდებულო ხასიათს პროცესის მხარეებისა და ნებისმიერი მესამე პირებისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება. სხვა შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება არ დაიშვება. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად გააუქმა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.2006წ. გადაწყვეტილება, რისი უფლებამოსილებაც მას ხსენებულ ნაწილში (მერიისთვის ფლობისა და სარგებლობის უზრუნველყოფის დავალების ნაწილში) არ ჰქონდა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 23.02.2012წ. გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
ი. თ-ას მიერ წარმოდგენილი კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით (ტ.1, ს.ფ.97) დგიდნება, რომ მამკვიდრებლის - ა. თ-ას გარდაცვალების შემდგომ მისი სამკვიდრო თანაბარწილად გადაეცათ ი. და ლ. თ-ებს. კასატორის მოთხოვნა ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არაერთხელ იქნა განხილული სასამართლო ინსტანციებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2009 წ. საოქმო განჩინებით (ტ.2, ს.ფ.147) ი. თ-ას მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და ამ ნაწილში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა აფხაზეთის ა.რ. ეკონომიკის სამინისტრო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.12.2009 წ. განჩინებით სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი გამოეყო მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და განსახილველად გადაეგზავნა საგნობრივად განსჯად სასამართლოს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე(ტ.3, ს.ფ.64, 280). სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2011წ. განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. ამდენად, არსებულით უცვლელად დარჩა და კანონიერ ძალაში შევიდა სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 08.06.2006 წ. გადაწყვეტილება ქ.სოხუმში, ... #21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლ. თ-ას 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის ნაწილში. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ამ ნაწილშიც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ი. თ-ას 1/2 წილს, საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მასის მიღების ფაქტი. სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოვლენილი ნება ნამდვილად ჩაითვლება მემკვიდრის მიერ კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში. ერთ-ერთ ასეთ მოქმედებად, მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების მიზნით განცხადების შეტანა მიიჩნევა. ი. თ-ას მიერ წარმოდგენილი კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით (ტ.1, ს.ფ.97) კასატორის მიერ სამკვიდროს მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვა და სამკვიდროს მიღება უტყუარად დასტურდება. მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 26.12.1964 წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მიღებად მიიჩნევა სამკვიდრო მასის ან მისი ნაწილის მფლობელობაში მიღება. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ სამკვიდრო მასაში შემავალი საცხოვრებელი სახლის ფლობა მამის გარდაცვალების შემდგომ დგინდება მის მიერ წარმოდგენილი საბინაო წიგნით (ტ.1, ს.ფ.17), სადაზღვევო მოწმობითა (ტ.1, ს.ფ.99) და სსრკ ფინანსთა სამინისტროს აქტებით მფლობელობითი გადასახადების შესახებ (ტ.1, ს.ფ.103-112). ამდენად, არსებობს ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ი.თ-ას მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი დაუსაბუთებელია. ამასთან, მოსარჩელის მიერ ამ მოთხოვნის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დასმა არ ადასტურებს საპროცესო მოთხოვნების დარღვევას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოთხოვნის დაზუსტებას (მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ გულისხმობდა რეგისტრაციამდე ქონების მესაკუთრედ აღიარებას) და არა დამატებითი მოთხოვნის წამოყენებას.
კასატორის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ი.თ-ას ქ. სოხუმში, ... #¹21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ რეგისტრაციის დავალება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 14.02.06წ. #124 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა კონფლიქტის ზონაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის ფორმირება. ზემოაღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 31.03.06წ. #30 ბრძანებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის” თანახმად არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება აღირიცხება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, კონფლიქტამდე უძრავი ქონებით მოსარგებლე/მობინადრე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უძრავი ქონების ,,დეკლარაციის” სათანადო წესით შევსების მეშვეობით, რაც ქმნის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული უძრავი ქონების სამინისტროს ბეჭდით დამოწმებული ,,სააღრიცხვო მოწმობის” გაცემის საფუძველს. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ი. თ-ას არ მოუხდენია კონფლიქტამდე მისი უძრავი ქონების სათანადო წესით დეკლარირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
საქართველოს პრეზიდენტის 08.04.06წ. #255 ბრძანებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 21.06.11წ. №326 ბრძანებულებით) დამტკიცებული უძრავი ქონების რეგისტრაციის წესის 10.2 მუხლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ, წარმოადგენს საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების წინასწარი რეგისტრაცია. მსგავს რეგულაციას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 21.06.11წ. №326 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 4.1 მუხლიც. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის შესაძლებლობას, რომელიც საბოლოო რეგისტრაციის საფუძველია. ხსენებული ნორმების თანახმად, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების საბოლოო რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურიდისდიქციის სრულად აღდგენა. აღნიშნული მოწესრიგებით სახელმწიფო არ უარყოფს უფლების არსებობას, თუმცა მისი განხორიცელების თავისებურ წესს ადგენს. სახელმწიფო აღიარებს უფლებას და გამოთქვამს მზადყოფნას მის დასაცავად, როგორც კი ამისი ობიექტური შესაძლებლობა შეიქმნება. საჯარო რეესტრში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის ინსტიტუტი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე კანონისმიერი დაცვის გარეშე არ დარჩეს დევნილთა საკუთრების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე უძრავ ქონებაზე და ამასთანავე, გარანტირებული იყოს დევნილთა საკუთრების უფლების საბოლოო რეგისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველობის აღდგენის შემდგომ. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით თუ დევნილი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ დაბრუნდება საცხოვრებელ ადგილას, აღმასრულებელი ხელისფულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ მისთვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლებების განხორციელებას , პირადი საკუთრების, მათ შორის საცხოვრებელი სახლის და მასზე განპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთის იმ მომენტისთვის არსებული სახით დაბრუნებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე უძრავი ქონება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ფაქტობრივად ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან, ხოლო იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ კვლავ მოხდეს აღნიშნული კატეგორიის ნივთების სამოქალაქო ბრუნვაში ეფექტური ჩართვა, შემოღებულია წინასწარი რეგისტრაციის ინსტიტუტი, რომელიც საბოლოო რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობაა. წინასწარი რეგისტრაციის ინსტიტუტის შემოღება არის არსებული ფაქტობრივი ვითარების ანგარიშგაწევისა და სათანადო შეფასების შედეგი, რომლითაც სახელმწიფო აღიარებს დევნილთა საკუთრების უფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებაზე, თუმცა ახდენს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფის გადავადებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე. აღნიშნული მოწესრიგება ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარეობს და მას შეესაბამება. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ხსენებული ნორმის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადების შეზღუდვას გულისხმობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს (მე-5 მუხ. 1-ლი ნაწ.). სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ი. თ-ას მოსაზრება განსახილველი დავის მომწესრიგებელი კანონქმვემდებარე აქტების გამოყენებაზე უარს თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ინციდენტური კონტროლის განხორციელების და ხსენებული კანონქვემდებარე აქტების სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებაზე უარის თქმის საფუძვლები, რადგან, დავის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე აქტები არ გასაჩივრებულა, ისინი შეესაბამებიან უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტებს, კანონის ქმედითობა არ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ მის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების გამო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2005წ. წერილით (ტ.1, ს.ფ.25), რომლითაც ი.თ-ას უარი ეთქვა სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლის საბოლოო რეგისტრაციაზე, მოსარჩელეს განემარტა, რომ იმ დროისთვის შეუძლებელი იყო სახლზე საკუთრების უფლების აღრიცხვა. ი.თ-ამ არც აღნიშნული აქტი გაასაჩივრა და არც წინასწარი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნით მიმართა უფლებამოსილ ორგანოებს. ამის საპირისპიროდ, კასატორმა მიმდინარე დავის განხილვისას არაერთგზის აღნიშნა, რომ მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრისთვის საბოლოო (და არა წინასწარი) რეგისტრაციის განხორციელების დავალება და თავისი მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მიუთითა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 27.12.2001წ. დადგენილების მე-2 პუნქტით გაკეთებულია დათქმა, რომლის თანახმადაც, მოცემული მუხლი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი ამ სტატუსის მინიჭების გარემოებების აღმოფხვრამდე. საქართველოს მიერ გაკეთებული დათქმების კონსტიტუციურობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც (16.11.2004წ. გადაწყვეტილება #1/5/224) და მიიჩნია, რომ არ არსებობს განსახილველი დათქმების ანტიკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ი.თ-ას აღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ წინასწარი რეგისტრაციის ინსტიტუტი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ საბოლოო რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მოთხოვნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი.თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2012წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06 წ. გადაწყვეტილება ქ. სოხუმში, ... №21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ი.თ-ას მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ქ. სოხუმის მერიისთვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილების ამ ნაწილებში კანონიერ ძალაში ყოფნის გამო;
2. დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2012წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06 წ. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლის ი.თ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე