საქმე #ბს-448-443(k-12) 13 თებერვალი,2013 წელი
ქთბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.
კასატორი (მოსარჩელე) – ი. კ-ე.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
დავის საგანი – ქმედების განხორციელება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2012 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისთვის მისი სრულყოფილი მკურნალობის ჩატარების დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღენიშნება ოფთალმოლოგიური, უროლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, ასევე დაავადებულია „ც“ ჰეპატიტით. ი. კ-ემ 03.06.11 წ. თხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს ადეკვატური მკურნალობის ჩატარების მოთხოვნით. 10.06.11 წ. სამინისტროში იმავე მოთხოვნით წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.11 წ. გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ისთვის სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებულ იქნა სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ეს მიღებული ჰქონდა დანიშნულებით დადგენილი პრეპარატები. რაც შეეხება მოსარჩელისთვის დადგენილ დიაგნოზს B ჰეპატიტი დელტა აგენტთან ერთად, სასამართლომ მიუთითა, რომ 02.08.11წ. ინფექციონისტის კონსულტაციით საერთაშორისო რეკომენდაციით ღვიძლის დაავადების მოცემულ სტადიაზე მოწოდებული იყო ანტივირუსული თერაპიის ჩატარება პეგილირებული ინტერფერონით 48 კვირის განმავლობაში, თუმცა ვინაიდან პაციენტს ახასიათებდა ფსიქიკური სფეროს პათოლოგია - ემოიციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით აუტოტრავმებისადმი, ასეთ პაციენტთან ანტივირუსული მკურნალობის პერიოდში სიცოცხლისთვის საშიში გართულებების რისკი საკმაოდ მაღალი იყო და მნიშვნელოვნად აჭარბებდა განკურნების ალბათობას, ამიტომ მოცემულ ეტაპზე ანტივირუსული თერაპია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საექიმო ტაქტიკა - ანტივირუსული მკურნალობის გადავადება და პაციენტზე მეთვალყურეობის დაწესება. სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის 24-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის უფლება სამედიცინო მომსახურებაზე დამოკიდებული იყო ასეთი მომსახურების საჭიროებაზე, საჭიროების საკითხს წყვეტდა შესაბამისი სპეციალობის მქონე ექიმი. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ინფექციონისტის კონსულტაცია ანტივირუსული თერაპიის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილიად მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა მოპასუხის მხრიდან ხორცილედებოდა დადგენილი დიაგნოზისა და შესაბამისი სპეციალობის ექიმთა კონსულტაციის საფუძველზე, ამდენად, არ არსებობს მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.11 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.12 წ. განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.11 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ი. კ-ე სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულებაში. 03.06.11წ. ი. კ-ის ადვოკატმა განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს, რომლითაც ი. კ-ისთვის ყველა დაავადებაზე ადეკვატური მკურნალობის ჩატარება მოითხოვა. 10.06.11წ. ი. კ-ის ადვოკატმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს და ი. კ-ისთვის ადეკვატური მკურნალობის ჩატარება მოითხოვა. 21.07.11წ. ი. კ-ე სასჯელაღსრულწების დეპარტამენტის №15 დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო №18 დაწესებულებაში. ი. კ-ემ თანხმობა განაცხადა №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. ი. კ-ეს სამკურნალო დაწესებულებაში ჩაუტარდა შემდეგი სახის პროცედურები: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ანალიზი ჰეპატიტის მარკერებზე, სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა, HBV დნმ რაოდენობრივი განსაზღვრა PCR მეთოდით, HDV დნმ რაოდენობრივი განსაზღვრა PCR მეთოდით, სისხლის შრატის გამოკვლევა (ANA+AUTOBLOT), სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა, სისხლის ანალიზი აივ ინფექცია შიდსზე, სიფილისის ანტისხეულების განსაზღვრა, გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოთა ულტრასონოგრაფიული კვლევა. 26.07.11წ. ი. კ-ე კონსულტირებულ იქნა უროლოგის მიერ და დაუდგინდა დიაგნოზი ქრონიკული შეგუბებითი პროსტატიტი, მარცხენა სათესლე ჯირკვლის ჰიპოგრაფია, ერექციული დისფუნქცია. დაენიშნა მკურნალობა „ნიტროქსილით“, „სერპენსი-უნოთი“, „ცენტროვიტით“. უროლოგის რეკომენდაციით პაციენტს უნდა ჩატარებოდა პროსტატის ექოსკოპია და სისხლში ტესტოსტერონის განსაზღვრა, მაგრამ მათ ჩატარებაზე 05.08.11წ. ი. კ-ემ უარი განაცხადა. 28.07.11წ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე (დნმ რაოდენობრივი განსაზღვრა PRC მეთოდით (83 Iu/ml), HDV რნმ რაოდენობრივი განსაზღვრა PRC მეთოდით(80000 კოპ/მლ), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები შეესაბამება ნორმას, აუტოიმუნური ჰეპატიტის მარკერები უარყოფითია) 02.08.11წ. ი. კ-ე კონსულტირებულ იქნა ინფექციონისტის მიერ. აღნიშნული გამოკვლევის საფუძველზე ღვიძლის ციროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომო-კომპლექსი და ფუნქციური უკმარისობა გამოხატული არ იყო. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ეს ჩაუტარდა ოფთალმოსკოპია და მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა. ოფთალმოსკოპიით თვალის ფსკერი პათოლოგიური ცვლილებების გარეშეა. დაუდგინდა კონიუქტივიტი და დაენიშნა მკურნალობა „მაქსიტროლის“ თვალის წვეთებით. 2011 წლის 22-26 ივლისს ი. კ-ე კონსულტირებულ იქნა ფსიქიატრის მიერ და დაუდგინდა დიაგნოზი - ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით აუტოტრამვებისკენ. დაენიშნა მკურნალობა ზოლომაქსით, დიაზეპამით და ტრუქსალით. 28.07.11წ. ი. კ-ე კონსულტირებულ იქნა ნევროლოგის მიერ. ჩანაწერში მითითებულია რომ კრანიალური ნერვების მხრივ პათოლოგიური ცვლილებები არ აღენიშნება. მყეს-ძვალთა რეფლექსების საერთო ფონი ცოცხალი, ასიმეტრიის გარეშე. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ორგანული დაზიანებების ნიშნები არ ვლინდება. იმ ეტაპზე რაიმე სახის დამატებითი კვლევის ჩატარების აუცილებლობა არ გამოვლინდა. დაენიშნა მკურნალობა პირაცეტამით. ი. კ-ეს დაესვა დიაგნოზი კონიუქტივიტი, B ჰეპატიტი დელტა აგენტთან ერთად პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით, ქრონიკული შეგუბებითი პროსტატიტი, მარცხენა სათესლე ჯირკვლის ჰიპოტროფია, ერექციული დისფუნქცია, ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით აუტოტრამვებისკენ; საქმეში არსებული სამედიცინო ცნობით დადასტურდა, რომ ი. კ-ე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა სასჯელის მოხდის ადგილას, ამბულატორიულ პირობებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ი. კ-ეს მიეცა დანიშნულება ზოლომაქსი 0,5-1 აბი ერთხელ დღეში, დიაზეპამი 10 მგ-2 აბი ერთხელ დღეში, ტრუქსალი 0,025 – 1 აბი ერთხელ დღეში, ნიტროქსოლინი - 2 აბი სამჯერ დღეში, სერპეს-უნო - 1 კაფსულა ერთხელ დღეში. 2011 წლის 22 ივლისიდან 2011 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით ი. კ-ეს მიღებული ჰქონდა დანიშნულებით დადგენილი პრეპარატები. მოწმის სახით დაკითხულმა სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარმა ექიმმა დაადასტურა, რომ ი. კ-ეს ჩაუტარდა ასევე ოფთალმოლოგიური მკურნალობა. 02.08.11წ. ინფექციონისტის კონსულტაციის თანახმად, ი. კ-ეს დაესვა დიაგნოზი ქრონიკული B ჰეპატიტი დელტა აგენტთან ერთად პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით მიმდინარე, ღვიძლის ციროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომო-კომპლექსი და ფუნქციური უკმარისობა არ იყო გამოხატული. საერთაშორისო რეკომენდაციის თანახმად, ღვიძლის დაავადების მოცემულ სტადიაზე მოწოდებული იყო ანტივირუსული თერაპიის ჩატარება პეგილირებული ინტერფერონით 48 კვირის განმავლობაში, თუმცა ვინაიდან პაციენტს ახასიათებდა ფსიქიკური სფეროს პათოლოგია - ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით აუტოტრამვებისადმი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკი საკმაოდ მაღალი იყო და მნიშვნელოვნად აჭარბებდა განკურნების ალბათობას, ამიტომ ამ ეტაპზე ანტივირუსული თერაპიის ჩატარება მიზანშეუწონელად იქნა მიჩნეული. ამასთან, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დასადგენად და დაავადების პროგნოზირების მიზნით, საჭირო იყო ღვიძლის ელასტოგრაფის ჩატარება, თუმცა მიღებული პასუხი ამ ეტაპზე მკურნალობის ტაქტიკაზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა. მოცემულ ეტაპზე გამართლებული იყო საექიმო ტაქტიკა - ანტივირუსული მკურნალობის გადავადება და პაციენტზე მეთვალყურეობის დაწესება. პირველი ინსტანციის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარმა ექიმმა სასამართლოს განუმარტა, რომ ი. კ-ისთვის ანტივირუსული თერაპიის ჩატარება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეუწონელი იყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტ ი. კ-ის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.12წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.12 წ. განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სააპელაციო სასამართლომ ბუკვალურად გადაიწერა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაყვეტილება და არ დაასაბუთა თუ რატომ ეთქვა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის უტყუარად დადგენილი, რომ ტარდება ადეკვატური მკურნალობა ყველა დაავადებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ რამოდენიმე დასახელების მედიკამენტის მიწოდება არ ნიშნავს სრულფასოვან და ადეკვატურ მკურნალობას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დღემდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოსწორებულა და მიწოდებული მედიკამენტები არაეფექტურია. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ის არის “B” ჰეპატიტით დაავადებული “d” აგენტთან ერთად, რასთან დაკავშირებითაც არანაირი სახის მკურნალობა არ უტარდება. კასატორი არ ეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას ფსიქიკური პრობლემების გამო მკურნალობის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ ფსიქიკური სნეულება რაიმე კავშირში არ არის “B” და “d” ჰეპატიტის მკურნალობასთან. კასატორი მზადყოფნას აცხადებს ჰეპატიტთან მიმართებაში ადეკვატური მკურნალობის ჩატარებაზე და უკეთუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება - მკურნალობის შეწყვეტაზე, თავიდანვე უპირობოდ მკურნალობაზე უარის თქმა დასაბუთებული მოტივაციის გარეშე, კასატორის აზრით, უკანონოა და ზიანის მომტანია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ი. კ-ის საკასაციო საჩივარი საკასაციო პალატის მიერ დასაშვებად იქნა ცნობილი. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: 02.08.12 წ. ი. კ-ეს დაუდგინდა ქრონიკული B ჰეპატიტი დელტა აგენტთან ერთად, პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით მიმდინარე, თუმცა კასატორს არ ჩაუტარდა შესაბამისი მკურალობა, რასაც საფუძვლად დაედო ინფექციონისტის კონსულტაცია, რომლის მიხედვით, პაციენტის ფსიქიკური სფეროს პათოლოგიის გათვალისწინებით ანტივირუსული თერაპიის ჩატარება არამიზანშეწონილი იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს პატიმრობის კოდექსის 24-ე მუხლზე და განმარტა, რომ მსჯავრდებულის უფლება სამედიცინო მომსახურებაზე დამოკიდებული იყო ასეთი მომსახურების საჭიროებაზე, საჭიროების საკითხს წყვეტს შესაბამისი სპეციალობის მქონე ექიმი - განსახილველ შემთხვევაში ინფექციონისტი. აღნიშნულის შესაბამისად, დაეყრდნო რა ინფექციონისტის კონსულტაციას, სასამართლომ ჩათვალა, რომ ი. კ-ეს უტარდებოდა დაავადებების შესაბამისი მკურნალობა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით არცერთ გარემოებაზე არ უმსჯელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე ადგენს პატიმრობის კოდექსი, რომლის 119-ე და 120-ე მუხლების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, დაავადებულ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელდეს საჭიროების შემთხვევაში, თუმცა არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ საჭიროების დასადგენად გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლო მეთოდი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირთა ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს ისინი სიცოცხლის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ“ პ.71). პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირს უფლება აქვს ისარგებლოს „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით („პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონი, მუხ. 46). ამასთანავე, ციხეებში ადეკვატური სამედიცინო მომსახურების შეფასებისას მთლიანობაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო შესაბამისი სტანდარტები („გოლოშვილი საქართველოს წინააღმდეგ“). პატიმრებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს საერთო სტანდარტებს და არ გულიხმობს იმ დონეზე მომსახურების გაწევას, როგორც ეს საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებში ხდება, ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ მძიმე ავადმყოფი პატიმრის განკურნების ვალდებულების შესრულება განისაზღვრება მიღებული ზომით და არა დამდგარი შედეგით („გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ პ. 71, 75). ამდენად, ის გარემოება, რომ კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გამოსწორებული, არ ადასტურებს არაადეკვატურ მკურნალობას.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით არ არის საკმარისი მხოლოდ გასინჯვა და დიაგნოზის დასმა, მნიშვნელოვანია დასმული დიაგნოზის შესაბამისი თერაპიის და ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის ჩატარება („პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“ პ. 48; 59). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. კ-ეს უტარდება გამოკვლევები და მკურნალობა, დადგენილია, რომ ი. კ-ეს ჩაუტარდა ოფთალმოლოგიური მკურნალობა, ქრონიკული შეგუბებითი პროსტატის სამკურნალოდ დაენიშნა მკურნალობა სამედიცინო პრეპარატებით. უროლოგის რეკომენდაციით პაციენტს უნდა ჩატარებოდა პროსტატის ექოსკოპია და სისხლში ტესტოსტერონის განსაზღვრა, რაზედაც აპელანტმა უარი განაცხადა. ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობის სამკურნალოდ დაენიშნა მკურნალობა სამედიცინო პრეპარატებით, ჩაუტარდა რენტგენოლოგიური, კარდიოლოგიური, სტომატოლოგიური გამოკვლევები, აგრეთვე გამოკვლევა ტუბერკულოზზე, ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. კ-ეს უტარდება გამოკვლევები და საჭიროებისამებრ მკურნალობა. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გაწეული მკურნალობის არაადეკვატურობას. რაც შეეხება ჰეპატიტით დაავადების მკურნალობას, სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარი ექიმის ჩვენებით, პაციენტს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით დანიშნული აქვს მედიკამენტები, ხოლო ღვიძლის დაავადებასთან (“B” ჰეპატიტი დელტა აგენტთან ერთად) დაკავშირებით მკურნალობა არ უტარდება. ი. კ-ე თანხმობას აცხადებს ჰეპატიტთან დაკავშირებით ადეკვატური მკურნალობის ჩატარებაზე, უთითებს მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობაზე უარყოფითი სიმპტომატიკის შემთხვევაში, არ ეთანხმება იმთავითვე მკურნალობაზე უარის თქმას და მოითხოვს მკურნალობის დაწყებას (ტ. 1, სფ.239, ტ.2, ს.ფ. 66 ). სასკ-ის 331 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდიდვიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, სასკ-ის 24-ე მუხლში აღნიშნულ მიკუთვნებით სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს მოქმედების განხორციელებას. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით გარანტირებულია მსჯავრდებულის უფლება სამედიცინო მომსახურებით სარგებლობაზე, რაც ამავდროულად გულისხმობს მოპასუხის ვალდებულებას გაუწიოს მას სამედიცინო მომსახურება. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროებისამებრ - სამედიცინო მომსახურება. “B” ჰეპატიტზე მკურნალობის ჩაუტარებლობას საფუძვლად დაედო ინფექციონისტის კონსულტაცია, რომელშიც საუბარია ანტივირუსული თერაპიის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ინფექციონისტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაისვა დიაგნოზი - ქრონიკული “B” ჰეპატიტი დელტა აგენტთან ერთად, პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით მიმდინარე. ღვიძლის ციროზისათვის დამახასიათებელი სიმპტომო - კომპლექსი და ფუნქციური უკმარისობა არ არის გამოხატული. ინფექციონისტის დასკვნაში მითითებულია აგრეთვე, რომ საერთაშორისო რეკომენდაციით ღვიძლის დაავადების ამ სტადიაზე მოწოდებულია ანტივირუსული თერაპიის ჩატარება პეგილირებული ინტერფერონით 48 კვირის განმავლობაში, თუმცა ვინაიდან პაციენტს ახასიათებს ფსიქიკური სფეროს პათოლოგია - ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით აუტოტრამვებისადმი, ასეთ პაციენტთან ანტივირუსული მკურნალობის პერიოდში მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკი საკმაოდ მაღალია, ის აჭარბებს განკურნების ალბათობას, რის გამოც ამ ეტაპზე ანტივირუსული თერაპია არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, საჭიროდ იქნა მიჩნეული ანტივირუსული მკურნალობის გადავადება და პაციენტზე მეთვალყურეობის დაწესება (ტ.1, სფ.86). საკასაციო პალატა თვლის, რომ მიზანშეწონილობის საკითხის გარკევა საჭიროებს დამატებით სპეციალური სამედიცინო ცოდნის გამოყენებას, კერძოდ, შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზით უნდა დადგინდეს ი. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით “B” ჰეპატიტზე მკურნალობის დანიშვნის შედეგები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ერთდროულად აქვს რამდენიმე დაავადება, ის არის ჰეპატიტით დაავადებული, მას აქვს ოფთალმოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, ამასთანავე, დასკვნა ანტივირუსული თერაპიის გამოყენებაზე ემყარება მხოლოდ ინფექციონისტის მოსაზრებას (საქმის მასალებში დაცული ფსიქიატრის დასკვნა შეიცავს მითითებას ი.კ-ის ემოციურად არასტაბილურ პერსონოლოგიურ აშლილობაზე, დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას პაციენტისთვის ანტივირუსული თერაპიის ჩატარების შესაძლებლობაზე). მართალია, სამედიცინო მიზანშეწონილობის სფერო სცილდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საშიშროება ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენებას, რათა აღიკვეთოს რაიმე შეცდომის დაშვების და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ 22.02.12 წ. განჩინებაში ერთგვარი წინააღმდეგობა შეინიშნება, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნევს იმას, რომ ი. კ-ე დაავადებულია “B” ჰეპატიტით დელტა აგენტთან ერთად პათოლოგიური პროცესის დაბალი აქტივობით მიმდინარე, თუმცა მეორეს მხრივ ეთანხმება ინფექციონისტის კონსულტაციას და საჭიროდ არ მიიჩნევს ამ კონკრეტულ დაავადებასთან მიმართებით სათანადო მკურნალობის ჩატარებას. აღნიშნული წინააღმდეგობის დასაძლევად სააპელაციო სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დაენიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა, რის შედეგადაც ზუსტად დადგინდებოდა ი. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოცემულ ეტაპზე მისთვის თერაპიული მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა.
ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) გამომდინარე სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებულია თავისი ინიციატივით მიიღოს ზომები საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავის სწორი გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ი. კ-ისათვის ანტივირუსული თერაპიის ჩატარების შესაძლებლობის საკითხის გარკვევას, რაც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას - სათანადო კვალიფიციურ საექსპერტო შეფასებებს. სამართალწარმოებაში სასამართლო ექსპერტიზის დანიშნულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარეებსა და სასამართლოს ხელი შეუწყოს მტკიცებას დაქვემდებარებულ გარემოებათა დადგენაში. ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ჩატარების შედეგად უნდა დადგინდეს ანტივირუსული თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა, მისი ჩატარების კონკრეტული შედეგები, რაც საფუძვლად დაედება დავის გადაწყვეტას, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის დადგენას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლოს დამატებით უნდა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საკითხისათვის და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დავის გადაწყვეტისათვის და დავის გადაწყვეტა საჭიროებს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენას. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავისმხრივ საქმის ხელახლა განხილვისას, უნდა ჩაატაროს სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება კასატორისათვის ანტივირუსული თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს 22.02.12წ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.12 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე