Facebook Twitter

საქმე #ბს-451-446(კ-12) 28 თებერვალი, 2013წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივანი - ნინო გოგატიშვილი

კასატორი – ი. ბ-ი, წარმომადგენელი პ. ნ-ე (მინდობილობა 19.03.12წ. №120261370)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, წარმომადგენელი ო. ნ-ი (მინდობილობა 04.01.13წ. №12-13/104); ქ.თბილისის მერია, წარმომადგენელი თ. შ-ა (მინდობილობა 30.01.13წ. №06-7/768)

მესამე პირი - გ. ო-ი; ბმა ,,...“ (თავმჯდომარე: ლ. ო-ი)

დავის საგანი – ლეგალიზაციის აქტის ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2012წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-მა 18.08.10წ. განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქ.№8-ში გ. ო-ის მიერ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ადგილზე შეამოწმა განცხადებაში მითითებული გარემოება და გ. ო-ს უნებართვო მიშენების გამო 21.09.2010 წ. მისცა მითითება 15 დღის ვადაში მოეხდინა შენობის დემონტაჟი ან წარმოედგინა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. 27.09.10 წ. შედგა ამხანაგობის კრების ოქმი №1. გ. ო-მა 01.12.10 წ. განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს ფართის ლეგალიზაციის მოთხოვნით. არქიტექტურის სამსახურის №5679 ბრძანებით გ. ო-ს მიეცა ექვსთვიანი ვადა სამუშაოების დასასრულებლად. მოსაპირკეთებელი სამუშაოების შემდეგ არქიტექტურის სამსახურმა გამოსცა 02.12.10 წ. №ლეგ-770 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ო-ის განცხადება და მიშენებული ფართი ლეგალიზებულად ჩაითვალა. აღნიშნული ბრძანება ი. ბ-ის წარმომადგენელმა მერიაში გაასაჩივრა, 20.09.11 წ. №2188 განკარგულებით ი. ბ-ის რწმუნებულის ნ.ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ი. ბ-ის წარმომადგენელმა ნ. ტ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხეების ქ.თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, მესამე პირების: გ. ო-ის, ბმა ,,...-ს“ წინააღმდეგ და მოითხოვა ბმა ,, ...-ს“ 27.09.10 წ. კრების ოქმის ბათილად ცნობა, არქიტექტურის სამსხურის 02.12.10 წ. №ლეგ-770 ბრძანების და მერიის 20.09.11წ. №2188 განკარგულების გაუქმება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ. ო-მა 2010 წ. გაზაფხულზე საერთო საკუთრების ფართზე განახორციელა მიშენება ... ქ. №8-ში. მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე, რომ 27.09.10 წ. შედგენილი კრების ოქმში გაყალბებულია ფაქტები, სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100 %, მოსარჩელემ კრების შესახებ არაფერი იცოდა, კრებას არ დასწრებია და სავარაუდოდ კრება საერთოდ არ მოწვეულა. უსწოროა აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიშენება 2007 წლის 01 იანვრამდეა დასრულებული. ლეგალიზაცია საჭიროებდა ყველა თანამესაკუთრის თანხმობას, მოსარჩელეს თანხმობა თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე მიშენების განხორციელებაზე არ მიუცია. ლეგალიზაციის შესახებ ბრძანება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.11.11 წ. განჩინებით სარჩელი ამხანაგობის 27.09.10 წ. №1 კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობით გადაეგზავნა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.01.12 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-10.1 მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ ბინათმესაკუთრეთა წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის წევრთა კრებაზე ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ოქმის სიყალბის შესახებ და მიუთითა, რომ დოკუმენტის სიყალბე არ არის დადგენილი, ხოლო კრების ოქმის კანონიერების შემოწმება სცილდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას, კრების ოქმი არის სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება და მისი კანონიერების შემოწმება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხორციელდეს. სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე მოსარჩელის არგუმენტი მიშენების 2010 წელს განხორციელების შესახებ, რადგანაც 21.09.10 წ. მითითების გაცემისას მშენებლობა უკვე დასრულებული იყო, ამასთანავე, 2007 წლის 01 იანვრამდე მშენებლობის განხორციელება დასტურდება აგრეთვე ამხანაგობის წევრთა კრების ოქმით, რომლის გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.12 წ. განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა 16.01.12 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტის მიღება მოხდა გაყალბებული კრების ოქმის საფუძველზე. პალატამ მიუთითა, რომ გ. ო-მა წარადგინა ნოტარიალურად დამოწმებული კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს, რომ აზომვით ნახაზზე შპს ,, ...“ მიერ ასახული 23,16 კვ.მ. ფართი წარმოადგენდა გ. ო-ის პირად მფლობელობაში არსებულ ქონებას და ამხანაგობის წევრთა 100% დაეთანხმა მის ლეგალიზებას, აგრეთვე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მშენებლობა დასრულებული იყო 2007 წლის 1 იანვრამდე. აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება სიყალბის შესახებ.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა კასატორის წარმომადგენლის მიერ. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გაეუქმებინა სადავო აქტი, რადგან მისი მიღება მოხდა გაყალბებული კრების ოქმის საფუძველზე, ამრიგად, აქტი ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე ადმინისტრაციული საქმის შეჩერების შესახებ, ამასთანავე, სასამართლო თავადვე განმარტავს, რომ კრების ოქმი სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებაა და მისი კანონიერების შემოწმება სამოქალაქო-სამართლებრივი წესით უნდა განხორციელებულიყო. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან საქმის განხილვა შეუძლებელი იყო სხვა საქმის გადაწყვეტამდე. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ მხარემ წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.06.12 წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა ,, ...-ს“ 27.09.10 წ. №1 კრების ოქმი.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის და მერიის წარმომადგენლებმა, აგრეთვე საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა პირებმა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ბ-ი არის ქ. თბილისში, ... ქ.№8-ში მდებარე N4, N5, №6 შენობა-ნაგებობების მესაკუთრე. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბინის მესაკუთრე არის ამხანაგობის წევრი. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 5.4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას. ამავე კანონის 10.1 მუხლით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, თუმცა უარი თქვა საქმის წარმოების შეჩერებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ოქმის ბათილობის განხილვამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ლეგალიზაციის აქტის გამოცემის წინაპირობას საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07 წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენდა თანამესაკუთრეთა თანხმობა, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არსებობდა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოცემული საქმის განხილვის შეჩერების პირობა კრების ოქმთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტამდე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.06.12წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...-ს“ 27.09.10წ. №1 კრების ოქმი, რომლის მიხედვით გ. ო-ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ... ქ.№8-ში მდებარე 23,16 კვ.მ ფართის მიშენება. კრების ოქმის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 27.09.10 წ. გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ამხანაგობის ყველა წევრის მიერ. სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, მხარეებს არ აქვთ უფლება სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07 წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 6.1 მუხლის თანახმად, შესაბამისი ორგანო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები.

საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული მიშენება განთავსებულია ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება და გავლენა მოახდინა ბინის მესაკუთრეთა მიერ, მათ შორის მოსარჩელის მიერ საერთო ქონების - მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე. ასეთი გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უკლებლივ ყველა წევრის თანხმობას, ანუ ამხანაგობის წევრთა ერთსულოვნად მიღებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07 წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულება ან თანხმობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისკენ. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ ლეგალიზებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა არის ობიექტის ლეგალიზებაზე უარის თქმის საფუძველი. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ლეგალიზაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის (კრების ოქმის) წარუდგენლობა, არ დასტურდება ლეგალიზაციის აქტის გამოცემის და შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია პროცესუალური ნორმების დაუცველად, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება და შეცდომით დადგენილი ფაქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. ამდენად, არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.12.წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. ქათამაძე