საქმე ბს-634-622(კ-12) 19 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური;
მესამე პირები: ზ. თ-ე; ტ. თ-ე; ნ. ყ-ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება - ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ლ. რ-ე
წარმომადგენელი: ა. რ-ე
მოპასუხეები: - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური;
სარჩელის სახე: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მხულის საფუძველზე ქმედების განხორციელება.
სარჩელის საგანი:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 ოქტომბრის №882011501827-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის №882011501827-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 30 ნოემბრის №180602 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა;
4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დავალდებულება განახორციელოს ქ.თბილისში, ... ქ.№10-ში მდებარე უძრავი ქონების ლ. რ-ის სახელზე რეგისტრაცია.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: ქ. თბილისში, ... ქ. №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ირიცხება მოსარჩელის მამის ა. ტ. ძე თ-ის სახელზე.
ა. ტ. ძე თ-ე დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს ქ. ....
1950 წლის 25 თებერვლის ... სახელობის კოლმეურნეობის წევრების საერთო კრების გადაწყვეტილებით ოჯახის უფროსად დარჩა ა. ტ. ძე თ-ის მეუღლე მ. (მ.) თ-ე, ვინაიდან იგი იყო კომლის უფროსი, მასზე გაფორმდა ა. ტ. ძე თ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2011 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ.№10-ში.
2011 წლის 20 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011501827-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ლ. რ-ეს დაევალა დამატებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურისა და ა.წ გარდაცვლილ ა. თ-ის დანაშთ უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის წარდგენა, რადგან, ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად ... ქ.№10-ში აღრიცხულნი არიან ა. თ-ე, ს. ყ-ე და ტ. თ-ე.
2011 წლის 13 ოქტომბერს ლ. რ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის №882011501827-05 გადაწყვეტილებით ლ. რ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ განმცხადებელმა არ წარუდგინა ადმინისტრაციულ ორგანოს დადგენილ ვადაში წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, ა. თ-ის დანაშთ უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა.
მითითებული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რომლის 2011 წლის 30 ნოემბრის №180602 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-14).
მოპასუხემ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა შესაგებელით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 54-62);
საქმის გარემოებები: მოსარჩელის განმარტებით, მისმა მშობლებმა ა. ტ. ძე თ-ემ და მ. (მ., მ.) ს-ემ იქორწინეს 1934 წლის 28 ივლისს, ქორწინების შემდეგ მ. (მ., მ.) ს-ის ქორწინების გვარი გახდა ,,თ-ე“; მოსარჩელე - ლ. თ-ე დაიბადა 1935 წელს, რომელიც ა. და მ. თ-ეების ერთადერთი შვილი იყო. 1939 წელს ა. თ-ე გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს ქ. ....
ა. თ-ე მეუღლესთან - მ. თ-ესთან ერთად იყო ... სახელობის კოლმეურნეობის წევრი და რეგისტრირებული იყვნენ როგორც ერთიანი კომლი, კომლის უფროსზე ა. თ-ეზე რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთი, მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. №102-ში ( ამჟამად ... ქ. №10).
ვინაიდან ა. თ-ე დაიღუპა ომში, ... სახელობის კოლმეურნეობის წევრების საერთო კრების გადაწყვეტილებით ა. თ-ეზე რიცხული ქონება გადაფორმდა მის მეუღლეზე, კომლში დარჩენილ წევრზე - მ. თ-ეზე, რაც დასტურდება სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - გარდაბნის არქივის მიერ გაცემული საარქივო ამონაწერით.
მოსარჩელის განმარტებით, მისმა წარმომადგენელმა 2011 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისში, ... ქ.№10-ში. 2011 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და ლ. რ-ეს დაევალა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის გადახდა და ა.წ გარდაცვლილი ა. თ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის წარდგენა; 2011 წლის 1 ნოემბერს ხარვეზის შევსების მიზნით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს წარედგინა რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელმაც წარდგენილი ქვითრი დაასკანერა და შემდეგ გადასცა განცხადების მიღების ბარათი. იმავე დღეს წარადგინა განცხადება და საარქივო ამონაწერის ასლი, რომლის თანახმად, 1950 წლის 25 თებერვალს შედგა ... სახელობის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება. მოისმინეს საკითხი - ზონარგაყრილ წიგნში ცვლილებების შეტანის შესახებ და დაადგინეს, რომ შევიდეს ცვლილება ზონარგაყრილ წიგნში, შემდეგი სახით: ,,თ-ე ა. დაიღუპა ჯარში და ოჯახის უფროსად - დარჩა ცოლი თ-ე მ., შესაბამისად, საკარმიდამო ნაკვეთი გაფორმდა თ-ე მ. სახელზე“. სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლის მიერ ხსენებული დოკუმენტების სკანირება არ განხორციელდა.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის №882011501827-05 გადაწყვეტილებით ლ. რ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ განმცხადებელმა არ წარუდგინა ადმინისტრაციულ ორგანოს დადგენილ ვადაში წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსარჩელის განმარტებით, ა. თ-ის დაღუპვის შემდეგ კომლში (ოჯახში) დარჩნენ მისი მეუღლე მ. (მ.) თ-ე და მისი არასრულწლოვანი შვილი - ლ. რ-ე. იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საომარი მოქმედებების დროს დაღუპული კომლის უფროსის ადგილი დაიკავა მისმა მეუღლემ - მ. თ-ემ და 1950 წლის 25 თებერვლის ... სახელობის კოლმეურნეობის წევრების საერთო კრების გადაწყვეტილებით ა. თ-ის ნაცვლად კომლის უფროსი და ამავდროულად მემკვიდრე გახდა მ. (მ.) თ-ე და ცვლილება შევიდა ... სახელობის კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწების აღრიცხვის ზონარგაყრილ (საკომლო) წიგნში. აღნიშნულის საფუძველეზე მ. (მ. ) თ-ე გახდა მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელი. მ. (მ.) რ-ის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრედ გამოცხადდა - მისი ერთადერთი შვილი - ლ. რ-ე (ქალიშვილობის გვარი თ-ე) , რაზედაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მ. (მ.) თ-ე იყო ა.წ. გარდაცვლილი ა. ტ. ძე თ-ის დანაშთი ქონების მიმღები, როგორც კომლის წევრი, რომელმაც ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობა, რაც რეგისტრირებულია ... სახელობის კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწების აღრიცხვის ზონარგაყრილ (საკომლო) წიგნში და აღნიშნულის საფუძველზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 1-14; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. თ-ე, ტ. თ-ე და ნ. ყ-ე (იხ. ს.ფ. 141-142; ტ.1).
მესამე პირებმა - სარჩელი ცნეს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 155-160; ტ.1).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 სექტემბრის ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ.თბილისი, ... ქ.№10-ში მდებარე 2667 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ა. თ-ის, ს. ყ-ისა და ტ. თ-ის სახელზე.
მოსარჩელემ 2011 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. №10-ში. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან. საინვენტარიზაციო გეგმა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა, კოლმეურნეობის წევრთა სია, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, ქორწინებისა და დაბადების მოწმობის ასლები, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის მიერ გაცემული გადაწყვეტილება №22, ცნობა და საარქივო ამონაწერი, ოქმი №2-ის ასლი.
2011 წლის 20 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011501827-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ლ. რ-ეს დაევალა დამატებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურისა და აწ .გარდაცვლილ ა. თ-ის დანაშთ უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის წარდგენა, ვინაიდან ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად ... ქ.№10-ში აღრიცხულნი არიან ა. თ-ძე, ს. ყ-ძე და ტ. თ-ე.
2011 წლის 13 ოქტომბერს ლ. რ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის №882011501827-05 გადაწყვეტილებით ლ. რ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ განმცხადებელმა არ წარუდგინა ადმინისტრაციულ ორგანოს დადგენილ ვადაში წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 30 ნოემბრის №180602 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. რ-ის 2011 წლის 18 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 21-ე მუხლით ცალსახად განისაზღვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, ... ქ.№10-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ ა. თ-ე, ს. ყ-ე და ტ. თ-ე. შესაბამისად ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებლისათვის მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გარდა მოეთხოვა სამკვიდრო მოწმობა ა. თ-ის დანაშთ ქონებაზე.
ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით კი ლ. რ-ემ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარუდგინა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს თანამესაკუთრის თანხმობა ფართის დაზუსტებასთან და დაზუსტებული ფართიდან თითოეულის კვადრატულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შესაბამისად თბილისის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების შესაბამისად.
სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი, ანუ მოსარჩელისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოს დასკვნები:
გასაჩივრებული აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,, საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია (იხ. ს.ფ.163-172; ტ.1).
აპელანტი: ლ. რ-ე
წარმომადგენელი: ა. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე):საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; თბილისის სარეგისტრაციო სამსახური;
მესამე პირები: ზ. თ-ე; ტ. თ-ე; ნ. ყ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტი სააპელაციო საჩივარში ძირითადად მიუთითებს იმავე გარემოებებზე, რაზეც სარჩელში და დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონიერად არ შეაფასა მათი პოზიცია როდესაც ჩათვალა, რომ ხარვეზი არ იყო გამოსწორებული და უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ წარდგენილი არ იყო სამკვიდრო მოწმობა ა. თ-ის დანაშთ ქონებაზე. სასამართლო სხდომაზე კი მოწინააღმდეგე მხარემ შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ ლ. რ-ეს რეგისტრაციის განხორციელებაზე უარი ეთქვა თითქოს იმიტომ, რომ მოითხოვდა იმაზე მეტს, ვიდრე ეს იყო და არის დაფიქსირებული საკოლმეურნეო წიგნში და რომ თითქოს საჯარო რეესტრისათვის გაუგებარი იყო რეგისტრირებულ თანამფლობელთა პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებაში.
აპელანტის განმარტებით, საჯარო რეესტრის პოზიციის შემდეგ, მოხდა მოთხოვნის დაკონკრეტება და თანახმა იყო საკუთრების სახით მის სახელზე დარეგისტრირებულიყო მიწის ნაკვეთის ის ოდენობა, რომელიც დაფიქსირებული იყო ა. თ-ის სახელზე საკოლმეურნეო წიგნში. მესამე პირებმაც (თანამფლობელთა მემკვიდრეებმა), უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს თავიანთი პოზიცია და გამოთქვეს თანხმობა, რომ არ იყვნენ წინააღმდეგნი ლ. რ-ის სახელზე საკუთრების ფორმით დარეგისტრირებულიყო 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ანუ ის ფართობი, რომელიც დაფიქსირებული იყო და არის საკოლმეურნეო წიგნში.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს, არ დაუდგენია ხარვეზი ფართის დაზუსტებასთან დაკავშირებით, თანამესაკუთრის თანხმობის წარმოდგენაზე, ამდენად გაუგებარია ამ საკითხზე საქალაქო სასამართლოს განმარტება.
აპელანტის მიუთითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა - საჯარო რეესტრის სააგენტომ და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა არასწორი შეფასება მისცეს ფაქტობრივად არსებულ გარემოებებს, არ გაითვალისწინეს მოქმედი კანონმდებლობა, რაც გახდა საფუძველი მათ მიერ გამოცემული აქტების გასაჩივრებისა.
სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებული არ აქვს (იხ. ს.ფ. 183-198; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ლ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 43-55; ტ.2).
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამრთლომ არ გაიზიარა აპელაციის მოტივები, პალატამ მიიჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს და მიუთითა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებით აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი სევერიან ყიფშიძესა და ტ. თ-ესთან ერთად, აღრიცხული იყო აწ გარდაცვლილი ა. თ-ის სახელზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლ. რ-ის მიერ წარმოდგენილი 25.10.2011 წლით დათარიღებული საარქივო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ... ფ.მახარაძის სახ. კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების (№2) ოქმის საფუძველზე, ფ.მახარაძის კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწების აღრიცხვის ზონარგაყრილ (საკომლო) წიგნში, ომში დაღუპული ა. ტ. ძე თ-ის ნაცვლად, მიწის ნაკვეთი გაფორმდა ა. თ-ის მეუღლის - მ. (მ., მ.) თ-ის სახელზე, ვერ გახდება სადავო რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, უნდა წარადგინონ კანონით დადგენილი წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც გაირკვევა ა. თ-ის კანონისმიერი მემკვიდრის (მემკვიდრეები) ვინაობა და შესაბამისად, დადგინდება სადავო ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობით საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყებაზე უფლებამოსილი პირი (პირები).
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნას სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.
კასატორი: ლ. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი - ა. თ-ე
მესამე პირები: ზ. თ-ე, ტ. თ-ე, ნ. ყ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის მითითებით არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემობა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით (1999 წლის 15 ივლისის მდგომარეობით) ფაქტობრივად დამკვიდრებული იყო ,,საკომლო მეურნეობის“ ცნება და კომლში კანონით სამკვიდროს ნოტარიული წესით გადაცემა არ ხდებოდა, კომლის უფროსის გარდაცვალების შემთხვევაში კომლის უფროსად ცხადდებოდა კომლის მომდევნო სრულწლოვანი წევრი და სწორედ მასზე ხდებოდა კომლის ქონების რეგისტრაცია საკომლო წიგნში. რაც განხორციელდა კონკრეტულ შემთხვევაში, ა. თ-ის გარდაცვალების შემდეგ, ... სახელობის კოლმეურნეობის საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისად, ა. თ-ის, როგორც კომლის უფროსის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი და მთელი დანაშთი ქონება, საკოლმეურნეო წიგნში რეგისტრაციაში გატარდა ა. თ-ის მეუღლის მ. (მ.) თ-ის სახელზე (იხ. ს.ფ. 69-81; 103-107; ტ.2).
მოწინააღმდეგე მხარემ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მოსაზრებით მოითხოვა ლ. რ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მიუთითა, რომ კასატორი ვერ უთითებს, ვერც ერთ ნორმაზე რომელიც დაარღვია სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას და რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება (116-117; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა კასატორმა ლ. რ-ემ (იხ. ს.ფ. 118-122; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ კასატორის - ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 124-127; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის სასამართლო სხდომაზე კასატორმა სასამართლოს წარუდგინა ამონაწერი საჯარი რეესტრიდან, რომლითაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, კერძოდ, ლ. რ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქ.№10-ში მდებარე უძრავი ქონება (იხ. ს.ფ. 134-136; ტ.2).
მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი განცხადებით გამოთქვა თანხმობა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე (იხ. ს.ფ. 141-142; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძვლიანობისა და კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასატორის ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება, ლ. რ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში ლ. რ-ის სარჩელის საგანს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 ოქტომბრის №882011501827-05 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის №882011501827-05 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 30 ნოემბრის №180602 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას განახორციელოს ლ. რ-ის სახელზე ქ. თბილისში, ... ქ.№10-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის სასამართლო სხდომაზე კასატორმა წარმოადგინა 2013 წლის 28 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც ლ. რ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქ.№10-ში მდებარე უძრავი ქონება (იხ. ს.ფ. 134-136; ტ.2).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეწყვიტოს საქმის წარმოება, ამავე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთ პროცესუალურ საფუძვლად დადგენილია დავის საგნის არარსებობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდავე მხარეებს შორის აღმოფხვრილია დავის მიზეზი და კონფლიქტი ამოწურულია, შესაბამისად, აღარ არსებობს დავის სასამართლოს გზით გადაწყვეტის პროცესუალური მიზეზი, ვინაიდან მხარეებს აღარ გააჩნიათ სასარჩელო მოთხოვნების მიმართ კანონიერი ინტერესი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. რ-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ლ. რ-ის საკუთრებად ქ. თბილისში, ... ქ. №10-ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი - 22207,00 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა №1 და №2, შესაბამისად, აღარ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე მხარის კანონიერი ინტერესი და საქმის წარმოების გაგრძელების პროცესუალური წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა1” პუნქტით, 372-ე, 390-e, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ლ. რ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
4. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/