Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ¹ბს-687-673(კ-12) 13 თებერვალი, 2013 წელი

. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 2 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად, რის გამოც შპს „…“ დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

შპს „…“ წარმომადგენელმა ა. თ-ემ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში - 2012 წლის 11 დეკემბერის განცხადებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ 5 დღის ვადაში ვერ მოახერხა აღნიშნული თანხის მობილიზება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს „…“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. შპს „…“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

შპს „…“ წარმომადგენელმა ა. თ-ემ 2013 წლის 4 იანვრის განცხადებით ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები თურქეთის მოქალაქეები არიან და საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით არ იმყოფებიან საქართველოში, ამასთან, მოსაძიებელი აქვთ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხა, რისთვისაც დრო სჭირდებოდათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 იანვრის განჩინებით შპს „…“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. შპს „…“ დაევალა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 იანვრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს „…“ წარმომადგენელს ა. თ-ეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. ოზურგეთი, … ქ. #9/12) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გაეგზავნა 2013 წლის 14 იანვარს, რომელიც აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2013 წლის 17 იანვარს ჩაბარდა „ოფისის მენეჯერს“ - ი. ყ-ს (პრადი #...). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორისთვის საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 18 იანვარს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 22 იანვარს ოცდაოთხ საათზე ამოიწურ, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე სამშაბათი, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის შპს „…“ მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს „…“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე