Facebook Twitter

#ბს-694-680(კ-12) 14 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა…’’ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 19 სექტემბერს ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა…’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. ო-ისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე...’’ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 აგვისტოს #121700 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს მიერ 2002 წლის 30 სექტემბერს და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 8 თებერვალს განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა ქ. ბათუმში, ... ქ. №133-ში მდებარე, საერთო საკუთრებაში არსებული 1506 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან საერთო საკუთრებაში არსებულ 43,7 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გიორგი ორაგველიძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე; მითითებულ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობა „ა...“ საკუთრების უფლების აღიარება; ცვლილების შეტანა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე...’’ დაფუძნებისა და ერთობლივი საქმიანობის შესახებ 2008 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებაში; ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა...’’ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ამხანაგობა ,,ა...’’ სარჩელი „ე...’’ დაფუძნებისა და ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2012 წლის 12 მარტს მოსარჩელემ განცხადება-შუამდგომლობით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოცემული ადმინისტრაციული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემის შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოს მიერ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,ა...’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა...’’ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებისა და ამავე კოლეგიის საოქმო განჩინების გაუქმება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის შესახებ ამხანაგობა ,,ა...’’ მიერ 2012 წლის 12 მარტს წარდგენილ განცხადება-შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა...’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ამხანაგობა „ა...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობა-განხილვის თაობაზე ამხანაგობა „ა...“ 2012 წლის 12 მარტს წარდგენილ განცხადება-შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა...’’, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა...’’ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ა....“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ა...“ სახელით რ. ქ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 5 ოქტომბერს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რ. ქ-ეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ა...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;

3. რ. ქ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ ბინისა და მიწის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ა...“ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 5 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ლ. მურუსიძე