საქმე ¹ბს-7-3(კ-13) 13 თებერვალი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ.ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2012 წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ.ჯ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მიმართ 17.05.2012 წ. №302 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული №6718 საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში დატოვების მოთხოვნით. 19.07.2012წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მიუთითა, რომ მოპასუხედ მოწვეულ უნდა იქნას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.07.2012წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ.მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.08.2012წ. გადაწყვეტილებით ჯ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2012წ. განჩინებით ჯ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ჯ-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, მ. მ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 25.12.2012 წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) და 04.02.2013 წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (200 ლარი) - სულ 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2012 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. მ-ს (პ.ნ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 25.12.2012 წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) და 04.02.2013 წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (200 ლარი) - სულ 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე