Facebook Twitter

საქმე ბს-788-772(კ-12) 27 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ემ 19.10.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 11.06.11წ. №687955 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის №153607 სააღსრულებო წარმოების სრულად აღსრულების დავალება მოითხოვა.

02.12.11წ. მოსარჩელემ დაზუსტებული მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 11.06.11წ. №687955 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მ. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2007 წლის 06 მარტიდან და ამ ნაწილში ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მ. გ-ე გათავისუფლდებოდა 2011 წლის 11 ივნისიდან. ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, 26.07.11წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის სრულად აღსრულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 11.06.11წ. №687955 ბრძანება მ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველომ მ. გ-ე გაათავისუფლა 2007 წლის 06 მარტიდან და ამ ნაწილში მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-ემ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.08.12წ. გადაწყვეტილებით შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.12წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით მ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 11.06.11წ. №687955 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.12წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.08.12წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.08.12წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ლ. მურუსიძე