ბს-Nბს-857-851(კ-11) 5 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – …
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) –ქ. თბილისის მერია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინება
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
… 2009 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, ... 2009 წლის 3 სექტემბრისა და 21 სექტემბრის განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით … სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თავად ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (,,ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე საკანონმდებლო აქტის 37.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს სჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე კოდექსის 38-ე მუხლი ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, სქემა, ელექტრონული ინფორმაცია...) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ არ არსებობდა … სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინებით ... სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნია, რომ აპელანტის _ … სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს განუმარტა შემდეგი: საჯარო ინფორმაციის გაცემის სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია სათანადო საჯარო ინფორმაცია ან ხელი მიუწვდება მასზე. მოთხოვნილი ინფორმაცია მოპასუხის აღიარებით ქ.თბილისის მერიაში არ არის მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, ან დაცული. აქედან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებას ვერ დაევალება იმ ინფორმაციის გაცემა, რომელსაც იგი არ ფლობდა. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია კანონმდებლობის თანახმად უნდა გააჩნდეს მოპასუხეს, წარმოადგენს სხვა დავის საგანს და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ საკითხზე.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებებზე, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2009 წლის 9 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით განმცხადებელს მიეწოდა ქ.თბილისის მერიაში დაცული ინფორმაცია; კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 11.08.2009წ. N11/50852-7 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ პრომეთეს ქანდაკების დროებითი დემონტაჟი განხორციელდა ავტორის მიერ, არსებული ხარვეზების საკუთარი ხარჯებით გამოსწორების მიზნით. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხარვეზები ჰქონდა ქანდაკებას და რამ გამოიწვია მათი წარმოშობა, ასევე რამდენ ხანში დასრულდება მითითებული ხარვეზის აღმოფხვრა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ შეიძლება წარმოადგენდეს ქ. თბილისის მერიაში დაცულ და დამუშავებულ ინფორმაციას;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... , რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ პრომეთეს ქანდაკების დემონტაჟის სამუშაოებისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იყო ქ. თბილისის მერია; დემონტაჟი განხორციელდა ქ.თბილისის მერიაში საჯარო ინფრომაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტამდე - 2009 წლის 3 სექტემბრამდე. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას განმცხადებელი, ამ შემთხვევაში … საკუთარ მოთხოვნას ვერ დააფუძნებს საჯარო დაწესებულების მუშაობის გამართულობასა და მისი განხორციელების გზების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო დაემუშავებინა მონაცემები იმ პროცესების თაობაზე, რომლის მონაწილეცაა, ასევე ეწარმოებინა შესაბამისი რეესტრი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, „საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“, ხოლო მე-10 მუხლში კი მითითებულია რომ ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებით … საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ … საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დაურღვევია, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, სსსკ-ის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას საქმის მასალები სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, დადგენილად მიჩნეული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით დადგენილი, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ობიექტურად შეფასებული, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დასაბუთებულია.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: … 2009 წლის 3 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად, პრომეთეს ქანდაკების შესახებ მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. ვინ არის პრომეთეს ქანდაკების ავტორი? 2. სახელმწიფო შესყიდვის რომელი ფორმა იქნა გამოყენებული ძეგლის შესაძენად? მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შესყიდვის სრული დოკუმენტაციის მიწოდება. 3. მიენიჭა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი პრომეთეს ქანდაკებას? დადებითი პასუხის შემთხევვაში, მოითხოვა ქანდაკების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის, ასევე მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებისა და მისი დანართის (სააღრიცხვო ბარათი) ასლის მიწოდება. 4. როდის განხორციელდა ქანდაკების დემონტაჟი? რა სამართლებრივი საფუძვლით? 5. რა ხარვეზები ჰქონდა ქანდაკებას და რამ გამოიწვია მათი წარმოშობა? 6. რამდენ ხანში დასრულდება მითითებული ხარვეზის აღმოფხვრა? 7. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი სახის სამუშაოს განსახორციელებლად განხორციელდა ძეგლის დემონტაჟი? 8. გაიცა თუ არა ქ. თბილისის მერიის მიერ აღნიშნული კულტურული მემკვიდერობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა? დადებითი პასუხის შემთხვევაში მოითხოვა ქ. თბილისის მერიის და საქართველოს სპორტის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნისა და ნებართვის ასლის მიწოდება; 9. შესაბამისი პირების მიერ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადებისა და სტანდარტული დოკუმენტაციის ასლი; 10. ხომ არ განხორციელებულა ცვლილებები სანებართვო პირობებში? დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოითხოვა ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ცვლილებების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების ასლის მიწოდება; 11. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაოთა შუალედური და საბოლოო ანგარიშების, სამუშაოთა შესაბამისი ეტაპის მიღების ოქმებისა და სამუშაოების მიღების თაობაზე ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლები.
ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 21 სექტემბრის №11/63250-7 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ პრომეთეს ქანდაკების ავტორია დ. ხ-ე. ძეგლის შესაძენად გამოყენებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების ,,ღია ტენდერის’’ ფორმა. ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა ზედაპირული ხარვეზების გასწორების მიზნით. აღნიშნულ ქანდაკებას არ მინიჭებია ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის’’ სტატუსი, რის გამოც განცხადებაში დასმულ დანარჩენ კითხვებზე პასუხი არ იქნა გაცემული.
... 2009 წლის 30 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერს და მოითხოვა 2009 წლის 3 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა. ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 2009 წლის 11 ნოემბრის №11/63250-7 წერილით მოსარჩელეს დამატებით მიეწოდა ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, პრომეთეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობისა და პრომეთეს ძეგლის დამზადება/მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ტენდერის მასალების ასლები 183 ფურცლად.
... 2009 წლის 21 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით №გ-04/193-09 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად, კომპანია ,,ს...’’ გადაცემული ქონების შესახებ მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. რა ქონება გადაეცა „ს...“ სარგებლობის უფლებით? 2. ვინ იყო თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი? მოსარჩელემ მოითხოვა შესაბამისი განაცხადის ასლის მიწოდება; 3. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რომელი ფორმით განხორციელდა ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა? მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების ასლი; 4. რა თანხა შეადგინა საწყისი წლიური ქირის ოდენობამ? მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის საკრებულოს მიერ აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ასლის მიწოდება; 5. რა წესით განხორციელდა მითითებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა (პირდაპირი განკარგვა, აუქციონი)? იმ შემთხვევაში თუ „ს...“ ქონების გადაცემა სარგებლობის უფლებით მოხდა აუქციონის წესით, მოსარჩელემ მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება: 6. აუქციონის პირობებისა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების დამდგენი დოკუმენტების ასლები; 7. მესაკუთრესა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი; 8. აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები (რომელ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით?) მოითხოვა აღნიშნული გამოცემის შესაბამისი გვერდის ასლის მიწოდება. ასევე მითითება, ხომ არ ყოფილა გამოყენებული აღნიშული ინფორმაცია სხვა საინფორმაციო საშუალებებში? იყო თუ არა აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე? მოითხოვა ასევე ლინკის მითითება; 9. როდის შეიქმნა მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია? მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტის ასლი; 10. აღნიშნული სააუქციონო კომისიის ყველა სხდომის ოქმისა და მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ასლი; 11. სულ რამდენი განაცხადი იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით? მოითხოვა განაცხადისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები; 12. სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობისა და შედეგების ამსახველი ოქმის ასლები; 13. თვითმმართველი ერთეულის აღამსრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება ოქმის დამტკიცების თაობაზე; იმ შემთხვევისათვის, თუ „ს...“ ქონების გადაცემა სარგებლობის უფლებით მოხდა პირდაპირი განკარგვის წესით, მოსარჩელემ მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება: 14. ადგილობრივი თვითმმართველი აღამასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. 15. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ასლები; 16. ადგილობრივი თვითმმართეელობის აღამსრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობების დადგენის შესახებ; 17. მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ასლი; 18. ქონების მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და/ან მოთხოვნისთანავე ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში წარდგენილი ინფორმაცია; 19. ჰქონია თუ არა ადგილი ხელშეკრულებით გათვალსიწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ხომ არ გაფრთხილებულა „ს...“ წერილობით? მოსარჩელემ მოითხოვა არსებობის შემთხვევაში წერილობითი გაფრთხილების ასლის მიწოდება. ქ. თბილისის მერიას მოთხოვნილი ინფორმაცია მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია.
მოსარჩელემ 2009 წლის 21 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით №გ-04/194-09 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად, მოითხოვა შემდეგი დოკუმენტების ასლების მიწოდება: 1. თბილისის მთავრობის მიერ მიღებული აქტი, რომლითაც დგინდება პარკირების საფასური ან/და საფასურის ზღვრული ოდენობა; 2. პარკირების ოპერატორის მიერ თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილებები (მაგალითად პარკირების საფასურის დიფერენცირების შესახებ და სხვა); 3. თბილისის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობების დამდგენი დოკუმენტის ასლი; 4. ინფორმაცია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული კონტროლის შესახებ პარკირების ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტებითურთ. ქ. თბილისის მერიას მოთხოვნილი ინფორმაცია მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია.
... 2009 წლის 3 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერს და მოითხოვა ... 2009 წლის 21 სექტემბრის განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის 2009 წლის 27 ნოემბრის №07/79881-1 წერილით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ 2009 წლის 3 სექტემბრის განცხადებაზე პასუხი წერილობით იქნა გაცემული. ასევე განემარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია იმავე დაწესებულებაში, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა საჩივარი;
საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს მოსარჩელეს გადაეცა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი; აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე – ... წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ საკასაციო სასამართლოს ემსჯელა იმ მოთხოვნების ნაწილზე, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული; კერძოდ კი პრომეთეს ძეგლთან დაკავშირებით: 1. როდის განხორციელდა ქანდაკების დემონტაჟი? რა სამართლებრივი საფუძვლით? 2. რა ხარვეზები ჰქონდა ქანდაკებას და რამ გამოიწვია მათი წარმოშობა? და 3. რამდენ ხანში დასრულდება მითითებული ხარვეზების ამოფხვრა? ასევე კომპანია ,,ს...“ დაკავშირებით: 1. რა ქონება გადაეცა ,,ს...“ სარგებლობის უფლებით? 2. თბილისის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობების დამდგენი დოკუმენტის ასლი და 3. ინფორმაცია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული კონტროლის შესახებ პარკირების ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტებითურთ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მოცემულ დავაზე პრომეთეს ძეგლის ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა იხელმძღვანელეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, სქემა, ელექტრონული ინფორმაცია...) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ... 2009 წლის 3 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით, განმცხადებელს მიეწოდა ქ. თბილისის მერიაში დაცული ინფორმაცია; ამასთან, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე განიმარტა, რომ პრომეთეს ქანდაკება, როგორც ეს უკვე ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს, არ მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, შესაბამისად აღნიშნული ქანდაკების დროებითი დემონტაჟი განხორციელდა თავად ავტორის ინიციატივით, ავტორის მიერ, არსებული ხარვეზების საკუთარი ხარჯებით გამოსწორების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში ქანდაკების დემონტაჟი არ საჭიროებდა რაიმე სახის სამართლებრივი საფუძვლის არსებობას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ძეგლის დემონტაჟი) არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში – ქ. თბილისის მერიაში დაცულ და დამუშავებულ ინფორმაციას. ამდენად, ... სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება კომპანია ,,ს...“ დაკავშირებულ მოთხოვნებს საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 13 ნოემბრის წერილზე, რომლითაც მოსარჩელე – ... გადაეცა მის მიერ 2009 წლის 21 სექტემბერს №გ-04/193-09 და №გ-04/194-09 განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნული წერილის მე-6 პუნქტში მითითებულია, რომ მოსარჩელეს გადაეცემა ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,ს...“ შორის, ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტი, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც წარმოადგენს შპს ,,ს...“ კომერციულ საიდუმლოებას.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის 24.1 მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლის მიხედვით საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული პრინციპი აგრეთვე რეგლამენტირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლში, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს გადაეცა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, და მას ასევე ქ. თბილისის მერიის წერილის მე-6 პუნქტით განემარტა, რომ ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც მას არ გადაეცა წარმოადგენს შპს ,,ს...“ კომერციულ საიდუმლოებას. ამდენად, კასატორის აპელირება იმაზე, თუ რა საფუძვლით მოხდა აღნიშნული ინფორმაციის გასაიდუმლოება წარმოადგენს სხვა დავის საგანს და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ საკითხზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ... საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
... საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე