საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-882-864(კ-12) 13 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _Qაჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიმართ.
2012 წლის 5 მარტს შპს „…“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - აჭარის ა/რ მთავრობის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში აჭარის ა/რ მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №05-1/27, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის 2012 წლის 25 იანვრის №13/01-34 გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №05-13/27, 05-14/27 აქტების ბათილად ცნობა და 2012 წლის 5 იანვრის №1/5 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოპასუხეების დავალდებულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რამდენადაც საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა შპს „…“ წარმომადგენელი რ ხ-ი, მაგრამ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მითითების შემცველი რწმუნებულება. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
A ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი რწმუნებულება ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, შპს „…“ გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. A
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინება 2013 წლის 26 იანვარს ჩაიბარა ნ. დ-ძემ, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინების ასლი შპს „…“ ჩაჰბარდა 2013 წლის 26 იანვარს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 27 იანვარს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2013 წლის 5 თებერვალს 24 საათზე იწურებოდა. კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი შეავსო დადგენილი ვადის დარღვევით, 2013 წლის 6 თებერვალს, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს „…“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447.1 მუხლის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელს - რ. ხ-ს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე შპს „…“ სახელით 2013 წლის 6 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს „…“ საკასაციო საჩივარი;
2. კასატორის წარმომადგენელს - რ. ხ-ს მთლიანად დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე შპს „…“ სახელით 2013 წლის 6 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე