საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-95-88(კ-13) 13 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _Qქ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 26 ივლისს ნ. ც-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის სახით 50 000 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით მხარეს განემარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით დაშვებული უსწორობა გასწორდა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინებაში, კერძოდ, განჩინების გამოტანის თარიღად მიეთითა 2013 წლის 9 იანვარი, ასევე მიეთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იყო საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
2013 წლის 31 იანვარს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ნ. ც-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლი ითვალისწინებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII7 თავით განსაზღვრულია ამ კატეგორიის დავების სასამართლოში საქმის წარმოების წესი. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, ხოლო 2129 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოცემულ შემთხვევაში ნ. ც-ის სარჩელზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2129 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება. აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ მითითება, მით უფრო რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით გასწორდა დაშვებული უსწორობა და განიმარტა, რომ ნ. ც-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 იანვრის განჩინება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.
ამდენად, არ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობა, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2129 მუხლის მე-7 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე