Facebook Twitter

#ბს-825-809(კს-12) 12 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. ფ. გ-ე;

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

3. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი

თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილება;

მესამე პირები - 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

2. ე. ქ-ა

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 9 იანვარს ფ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მესამე პირის - ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 5 დეკემბრის №977 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-11).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა მ. ჯ-ა (იხ. ს.ფ. 130-131).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ე. ქ-ა (იხ. ს.ფ. 254-259).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ფ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 5 დეკემბრის №977 ბრძანება და დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად იმსჯელოს მ. ჯ-ას მიმართ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2011 წლის 3 ნოემბრის №27/14/6/5/1-გ/9 საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების კანონიერების თაობაზე, ხოლო ე. ქ-ას ნაწილში ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებამ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული გამოსახლების თაობაზე მიზანშეწონილობის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში (იხ. ს.ფ. 323-338).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა მ. ჯ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მ. ჯ-ას წარმომადგენელმა კ. ქ-ემ წარადგინა მ. ჯ-ას წერილობითი შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა აპელანტი მ. ჯ-ა (იხ. ს.ფ. 36-40).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცილ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. ჯ-ას შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე შეწყდა სააპელაციო წარმოება; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 42-45).

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჯ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა იმ მოტივით, რომ მან მოგვიანებით იქნა გააცნობიერა განხორციელებული საპროცესო მოქმედების შედეგი, რასაც ნანობს და სურს სააპელაციო საჩივრის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტისა და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მ. ჯ-ას წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნულის თაობაზე წარადგინა მ. ჯ-ას წერილობითი შუამდგომლობა (იხ. ს.ფ. 40).

სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულ პოზიციაზე მ. ჯ-ას შენიშვნები არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომელთა შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვისას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ მხარე უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე, ამგვარად გამოხატავს ნებას თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარეთა ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, ასევე უარი განაცხადონ სარჩელის მოთხოვნაზე სრულად ან ნაწილობრივ.

ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროცესუალური მონაწილის საპროცესო უფლებების განმხორციელებელი შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შექცევადობას, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულება იწვევს შესაბამის საპროცესო სამართლებრივ შედეგს და მას შეუქცევადი ხასიათი გააჩნია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების ორგანოები მართლმსაჯულების განხორციელებისას შებოჭილნი არიან საპროცესო სამართლის წესებით, რომელიც პროცესუალური მონაწილის გამოხატული ნების გადათქმას არ ითვალისწინებს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სსსკ-ის 378.2. მუხლის თანახმად წარმოების შეწყვეტის შესახებ, მისი საპროცესო კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს განჩინების მე-3 პუნქტის გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტმებრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/

/პაატა სილაგაძე/