#ბს-837-821(კს-12) 5 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ თ. მ-ის წარმომადგენელი კ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირები - ვ. ბ-ე, ო. ტ-ე, ბ. მ-ი, გ. ბ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაჩვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 12 ივლისს თ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების, 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებისა და №147 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-14).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ვ. ბ-ე, ო.ტ-ე, ბ. მ-ი და გ. ბ-ე (იხ. ს.ფ. 207-208).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 240-250).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 259-270).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის საქმეში მონაწილე მხარეების შესაბამისი ასლების წარმოუდგენლობის გამო (იხ. ს.ფ. 273-274).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო (იხ. ს.ფ. 278-279).
სააპელაციო პალატამ საქმის მასალების თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარზე ხელისმომწერ პირს - თ. მ-ის წარმომადგენელს კ. ს-ეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ... ქ. №22-ზე, რომელიც ჩაბარდა საადვოკატო ბიუროს თანამშრომელს - თ. მ-ს 2012 წლის 3 ოქტომბერს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ამოეწურა 2012 წლის 8 ოქტომბერს, რომლის განმავლობაშიც მხარეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ის წარმომადგენელმა კ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ მის სახელზე გაგზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება ხარვეზის თაობაზე მას არ ჩაბარებია, იგი ჩაბარდა, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, სადვოკატო ბიუროს - სპს ,,...“ თანამშრომელს თ. მ-ს, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არ წარმოადგენს სსსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებულ გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, იგი არ არის ბიუროს თანამშრომელი, არის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და შესაბამის კონსულტაციებს იღებს მისი ერთ-ერთი პარტნიორისაგან. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს ერთვის სადვოკატო ბიუროს - სპს ,,...“ დირექტორის - ა. ს-ის ცნობა იმის თაობაზე, რომ მის საადვოკატო ბიუროში თ. მ-ი არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავია. თანამშრომლების მხრიდან არ მომხდარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინების ჩაბარება თ. მ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 289).
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მისთვის თ. მ-ის სააპელაციო საჩივრის ხარვეზზე დატოვების თაობაზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესახებ ცნობილი გახდა 2012 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება თ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. მ-ის წარმომადგენლის კ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხარვეზის მითითების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტს – თ. მ-ის წარმომადგენელს კ. ს-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ... ქ. №22 და ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელს - თანამშრომელს თ. მ-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 3 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 276), სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადა აპელანტს ამოეწურა 2012 წლის 8 ოქტომბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, თ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მის სახელზე გაგზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის ხარვეზის თაობაზე მას არ ჩაბარებია, იგი ჩაიბარა ვინმე თ. მ-მა, რომელიც არ წარმოადგენს სპს ,,...“ თანამშრომელს და საადვოკატო ბიუროში არასდროს უმუშავია. საადვოკატო ბიუროს თანამშრომლებს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება არ ჩაუბარებიათ, რამაც გამოიწვია ხარვეზის გამოუსწორებლობა. აღნიშნულის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სპს ,,...“ საადვოკატო ბიუროს დირექტორის ა. ს-ის ცნობა (იხ. ს.ფ. 289).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თ. მ-ის წარმომადგენლის კ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლომ აპელაციის დასაშვებობის სტადიიდან უნდა გამოიკვლიოს მითითებული ფაქტობრივი გარემოება, უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და ობიექტურად დაადგინოს, რომ თ. მ-ი წარმოადგენდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლით დადგენილ სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. მ-ის წარმომადგენლის კ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ის წარმომადგენლის კ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე