Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-156-149(კ-13) 21 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ის მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის #882012148712-03 გადაწყვეტილება 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში - დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღება ჯ. ხ-ის განცხადებასთან (განცხადება 06.04.2012) დაკავშირებით, რომლითაც მოთოვნილი იყო ხულოს რაიონის, სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელება; დანარჩენ ნაწილში (ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 3 აპრილს გაცემული #210 ცნობის ბათილობის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს 2013 წლის 18 იანვარს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ხულო, აბუსერიძის ქ. #3) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად 2013 წლის 23 იანვარს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - რ. ქ-ეს (ტ. II, ს.ფ. 116). საქმეში დაცული ფოსტის ქვითრით (ტ. II, ს.ფ. 130) დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი 2013 წლის 14 თებერვალს ჩააბარა ბათუმის საფოსტო განყოფილებას, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 24 იანვარს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 13 თებერვალს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი, მაგრამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურმა 1 დღით გადააცილა საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილ ვადას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

განუხილველი დარჩეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე