Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-24-20(კ-13) 12 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ვ-ის სარჩელისა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, მესამე პირების - რ. პ-ის და ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ვ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 10 თებერვლის №107 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №247 ბრძანებით დამტკიცებული საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში არსებული ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 1-14; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 მარტის განჩინებით ადმინისტარციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. პ-ი და ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება (იხ. ს.ფ. 46-48; ტ.1).

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 157-165; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 203-209; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 224-236. ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 31-44; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 50-63; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 68-69).

მხარეებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. ვ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ მ. ვ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს - მ. ვ-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2012 წლის 5 დეკემბრის №37 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე