საქმე #ბს-36-32(კ-13) 19 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ბ-ასა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. ბ-ასა და ს. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების ძველი თბილისის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის მერიისა და კ. ჩ-ის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ. ბ-ამ და ს. ბ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – კ. ჩ-ის, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვეს ძველი თბილისის რაიონის გამგებლის 2011 წლის 18 აპრილის №02/50 განკარგულების, ძველი თბილისის რაიონის გამგეობასა და კ. ჩ-ს შორის 2011 წლის 19 აპრილს დადებული ხელშეკრულებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 3 ოქტომბრის №2244 განკარგულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.1).
შესაგებლებით მოპასუხეებმა კ. ჩ-მა და ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 61-69; 106-114; ტ.2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. ბ-ასა და ს. ბ-ის სარჩელზე, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2011 წლის 18 აპრილის №20/50 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 3 ოქტომბრის №2244 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 218-220; ტ.1).
საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ბ-ამ და ს. ბ-მა (იხ.ს.ფ. 230-232; ტ.1)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ლ. ბ-ას და ს. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 მარტის განჩინება (იხ. ს.ფ. 240-244; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ას და ს. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 285-290; ტ.1).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ-ამ და ს. ბ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 296-304; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლებით მოწინააღმდეგე მხარეებმა კ. ჩ-მა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ სააპელაციო საჩივარი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 22-28; 43-50; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ას და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 103-116; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ-ამ და ს. ბ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 123-129; 144-151; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით ლ. ბ-ას და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 152-153; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოწინააღმდეგე მხარე კ. ჩ-მა მოითხოვა ლ. ბ-ას და ს. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 159-160; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ბ-ას და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ლ. ბ-ას და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ლ. ბ-ას და ს. ბ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. ბ-ას და ს. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ბ-ას და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ლ. ბ-ას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მისი და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ას და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს - ლ. ბ-ას დაუბრუნდეს მისი და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ლ. ბ-ას მიერ 2013 წლის 28 იანვარს №56 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე