ბს-379-374(კ-12) 28 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ა. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინება
დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 31 აგვისტოს ა. დ-ემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილების მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი ყოფილი სამეულის დადგენილებით 1952 წელს გადასახლებული იყო ყაზახეთში, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ 1953 წლამდე.
მოსარჩელის მითითებით, როდესაც დაიწყო რეპრესირებულ პირთა რეაბილიტაციისა და აღიარების პროცესი მამის – გ. დ-ის რეპრესიის მსხვერპლად აღიარება ვერ მოახერხა, რადგან იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო, იგი გარდაიცვალა 1987 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდაცვლილი მამის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და რეაბილიტირებულ პირად აღიარება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით არასათანადო მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილება, შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის განყოფილებით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-ე არის გ. ფ. დ-ის შვილი. 1951 წლის 17 მარტს ხ. ფ. დ-ემ გამოიცვალა სახელი და გახდა გ. დ-ე. გარდაცვალების მოწმობით დასტურდება გ. დ-ის გარდაცვალების ფაქტი. ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ ყაზახეთის ოლქის შსს სამმართველოს 1953 წლის ივნისის №9/17-4595 ცნობის თანახმად, 1911 წელს აჭარის ასსრ-ში, ქედის რაიონში დაბადებული ხ. ფ. დ-ე და მისი ოჯახი 1952 წლის 8 იანვრიდან 1953 წლის 15 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდნენ სპეცდასახლებაში და სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს 1953 წლის 15 ივნისის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდნენ სპეცდასახლებიდან, ყოფილ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; მე-7 მუხლის თანახმად განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ წარადგენს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომ პირის მიმართ გამოყენებული იძულების სხვადასხვა ფორმები, მათ შორის გადასახლება უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოტივს, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი, ამომწურავი გამოკვლევითა და შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მამის სპეცგადასახლებაში ყოფნის პოლიტიკური მოტივი. სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკურ მსხვერპლად ასაღიარებელი პირის გადასახლება, გასახლება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ მოტივს სასამართლოების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მისი მამა სპეცგადასახლებაში იმყოფებოდა პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, რაც სასამართლოს მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ გ. ფ. დ-ე გადასახლებული იყო პოლიტიკურ მოტივით. გადასახლების შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებული იყო 1952 წლიდან გ. დ-ისა და მისი ოჯახის ყოფნის ფაქტი ყაზახეთის სსრ-ში სპეცდასახლების აღრიცხვაზე. აპელანტის მითითებით, იმ დროისათვის „სპეცდასახლება“ შეეხებოდა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ შერაცხულ იყვნენ სამშობლოს მტრებად, რაც საკმარისი გარემოება უნდა ყოფილიყო რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისათვის. ამასთანავე, ა. დ-ე, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში, 1998 წელს აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა გ. ფ. დ-ის მიმართ იძულების სხვადასხვა ფორმის პოლიტიკური მოტივით გამოყენების ფაქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მისი ოჯახი რეპრესიების შედეგად 1952 წლიდან იმყოფებოდა სპეცდასახლებაში ყაზახეთის სსრ-ში. იმ დროისათვის „სპეცდასახლება“ შეეხებოდა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ შერაცხულ იყვნენ სამშობლოს მტრებად. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საარქივო ცნობაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი, კასატორის მითითებით, იმ დროისათვის პოლიტიკური მოტივი არ იყო გამოკვეთილი და ძირითადი დასაბუთება ემყარებოდა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლზე მითითებას.
კასატორის მითითებით, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა მსხვერპლის მეუღლე, მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა მამის რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, რადგან ა. დ-ე, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში, აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ ყაზახეთის ოლქის შსს სამმართველოს 1953 წლის ივნისის №9/17-4595 ცნობის თანახმად დასტურდება გ. ფ. დ-ისა და მისის ოჯახის გადასახლების ფაქტი ყაზახეთის სსრკ-ში 1952 წლის 8 იანვრიდან 1953 წლის 25 ივნისის ჩათვლით. ამავე ცნობის თანახმად, აღნიშნული პირები სპეცდასახლების აღრიცხვიდან მოიხსნენ 1953 წლის 15 ივნისის დადგენილების საუძველზე, ყოფილ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გ. ფ. დ-ის გარდაცვალების ფაქტს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქედის სამსახურის მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით. ქედის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ა. დ-ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგენილ იქნა თავის უფლებებში, ვინაიდან სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მასალებით ა. დ-ისა და მისი ოჯახის წევრების გადასახლების ფაქტი ყაზახეთის სსრ-ში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. დ-ე მამის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად. მითითებული კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ უდავო გარემოების შეფასებას, რომ ქედის რაიონული სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილებით თავად ა. დ-ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მშობლებთან ერთად იმყოფებოდა ყაზახეთის სსრ-ში გადასახლებაში 1952-1953 წლებში. მოცემულ შემთხვევაში კი, არც პირველმა ინსტანციამ და არც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელეს მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით და არ მისცეს მას სათანადო სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად და არასრულად განმარტა „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-4 მუხლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად: „პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა - სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დაწესებულების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფელებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთნ, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები“. კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახდელი, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.“
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით სრულად დასაბუთებულად მიიჩნია და უცვლელად დატოვა. რაიონული სასამართლოს შეფასებით კი ვერ დადგინდა ა. დ-ის მამის სპეცგადასახლებაში ყოფნის პოლიტიკური საფუძველი. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ. ფ. დ-ის აღიარება არ მოხდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაზიარებული რაიონული სასამართლოს მსჯელობა, ვინაიდან უნდა მომხდარიყო ნორმის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ მიიჩნევა გ. დ-ისა და მისი ოჯახის გადასახლების ფაქტი ყაზახეთის სსრ-ში, მათი გამწესება სპეციალური დასახლების ადგილზე. ეს გარემოება კი პოლიტიკური რეპრესიის ერთ-ერთ იძულების ფორმადაა აღიარებული „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალურ დასახლების ადგილას“. მოცემულ დავაში კი, ა. დ-ე ითხოვს მამის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა გადასახლებაში 1952-1953 წლებში. თავად ა. დ-ე კი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე