Facebook Twitter

#ბს-416-411(კ-12) 28 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ თ. შ-ი; წარმომადგენელი – ა. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო; წარმომადგენლები – ნ. მ-ა; ე. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 13 ივლისს თ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, თ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 395 000 ლარის ოდენობით. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა უზუსტობა, კერძოდ, გამორჩენილ იქნა მითითება, რომ განსასჯელზე დაკისრებული თანხის ნაწილი 300 000 ლარი უნდა გადახდილიყო ერთი თვის ვადაში, ე.ი. 2011 წლის 22 აპრილამდე და შეცდომით გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გადაიგზავნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში. სააღსრულებო ბიურომ ვადაზე ადრე, 2011 წლის 15 აპრილს, თ. შ-ის მიერ ნებაყოფლობით გადახდილი 300 000 ლარიდან, სააღსრულებო ბიუროს ბიუჯეტში გადარიცხა აღსრულების საფასური.

მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 28 აპრილს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ თავისი განჩინებით აღმოფხვრა უზუსტობა, კერძოდ, დააზუსტა სარეზოლუციო ნაწილი და მიუთითა, რომ დარჩენილი თანხის - 300 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, კერძოდ, 2011 წლის 22 აპრილამდე. განჩინებაში ჩაიწერა, რომ აღნიშნული სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 22 მარტის განაჩენის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. 2011 წლის 28 აპრილის განჩინება აღსრულების ბიუროში გადაიგზავნა იმ მოთხოვნით, რომ შეწყვეტილიყო თ. შ-ის მიმართ სააღსრულებო წარმოება და დაბრუნებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში შეცდომით გადარიცხული აღსრულების საფასური, რაც არ დაკმაყოფილდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტის იგნორირებით, რომლის თანახმადაც, საპროცესო შეთანხმების დროს ჯარიმის სახით დაკისრებული თანხების ნებაყოფლობით დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში აღსრულების საფასური არ გადაიხდება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად აღსრულება შეწყდებოდა თუ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი, გაუქმებული იყო. შესაბამისად, თ. შ-ის მიმართ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ უნდა შეწყვეტილიყო სააღსრულებო წარმოება, მაშინ, როდესაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინება, რომლითაც აღმოხვრილ იქნა 2011 წლის 22 მარტის განაჩენში დაშვებული უზუსტობა 300 000 ლარის განაჩენის დადგენიდან ერთი თვის ვადაში გადახდის შესახებ, რაც გამორიცხავდა მასზე იძულებით აღსრულების საფასურის დაკისრებას.

მოსარჩელის მოსაზრებით, სააღსრულებო ბიუროსათვის ოფიციალურად ცნობილი მასალებით მას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ნაცვლად იმისა, რომ თავად სასამართლოდან მოეთხოვა განმარტებები, მიითვისა აღსრულების საფასური და ის, რომელმაც პირდაპირ და კეთილსინდისიერად ვადაზე ადრე შეასრულა სახელმწიფო ბრალმდებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები, მაინც გახადა სახელმწიფო ბიუჯეტის მოვალედ, რაც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ განაჩენის გამომტანი სასამართლოს მექანიკური შეცდომით, რითაც უკანონოდ ისარგებლა სააღსრულებო ბიურომ და ისე, რომ არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, ჩამოაჭრა აღსრულების საფასური ბიუჯეტის კუთვნილ თანხას და ის და სასამართლო დატოვა დავის რეჟიმში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 14 ივნისის ¹№488 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ. მ-ის მიერ დაწყებული ¹#A11017812 საქმის წარმოების შეწყვეტა ან გაუქმება და მოპასუხისათვის იძულებითი აღსრულების საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების და უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ყადაღის მოხნის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და თ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით მას ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 395 000 ლარის ოდენობით.

2011 წლის 28 მარტს ზემოაღნიშნულ განაჩენზე გაიცა №1-134/2011 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თ. შ-ს ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 400 000 ლარის ოდენობით, საიდანაც მან ჯარიმის თანხის ნაწილი _ 100 000 ლარი წინასწარ, 2011 წლის 18 მარტს შეიტანა შესაბამის ანგარიშზე. სააღსრულებო ფურცელი, განაჩენთან და ჯარიმის სახით 100 000 ლარის გადახდის ქვითართან ერთად იმავე დღეს გადაეგზავნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და 2011 წლის 3 აპრილს მიღებული იქნა სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. შ-ის მიერ ჯარიმის თანხის დარჩენილი ნაწილი _ 300 000 ლარი, 2011 წლის 15 აპრილს შეტანილ იქნა შესაბამის ანგარიშზე, რისი დამადასტურებელი ქვითრის ასლიც 2011 წლის 26 აპრილს წარდგენილ იქნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში.

№1-134/2011 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კი აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში №A11017812 სააღსრულებო საქმეზე დაიწყო წარმოება და თ. შ-ს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, მას დაეკისრა აღსრულების საფასური - მის მიერ გადასახდელი თანხის (300 000 ლარის) 7 პროცენტის ოდენობით. 2011 წლის 27 აპრილს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის №02-05 მიმართვით, ბიუროს უფროსის თანხმობით, თ. შ-ის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი 300 000 ლარიდან ჩამოჭრილი და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხულ იქნა აღსრულების საფასური.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით, თ. შ-ის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ამავე კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის განაჩენში შეტანილ იქნა დაზუსტება მასზედ, რომ თ. შ-ისათვის ძირითადი და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული 400 000 ლარის ოდენობის ჯარიმის თანხიდან, საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 100 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე, ხოლო ჯარიმის თანხის დარჩენილი ნაწილის _ 300 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან (განაჩენის გამოტანიდან) ერთი თვის ვადაში. ზემოაღნიშნული განჩინება 2011 წლის 29 აპრილს წარდგენილ იქნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის გაფრთხილების შემდეგ დაყადაღებული იქნა მისი უძრავ-მოძრავი ქონება _ ქ. ბათუმში, ... №5-ში მდებარე მანსარდა და ავტომანქანა. აღმასრულებლის ზემოაღნიშნული ქმედებები თ. შ-ის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელმაც მოითხოვა აღმასრულებლის უკანონო ქმედების აღკვეთა, №A11017812 საქმის წარმოების შეწყვეტა და აღსრულების საფასურის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 14 ივნისის №488 ბრძანებით თ. შ-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სისხლისსამართლებრივი წესით დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება, შესაბასმისად, თ. შ-ს საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა აღსრულების დაწყებისთანავე და იგი ვალდებული იყო გადაეხადა აღსრულების საფასური აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2011 წლის 28 მარტის №1-134/2011 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რაც შეესაბემებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებდა იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით დადგენილი იყო და მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ თ. შ-მა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის თანხის ნაწილი _ 100 000 ლარი წინასწარ, 2011 წლის 18 მარტს შეიტანა შესაბამის ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 300 000 ლარი (რომელიც საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან (განაჩენის გამოტანიდან), 2011 წლის 22 მარტიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაეხადა) 2011 წლის 15 აპრილს შეიტანა შესაბამის ანგარიშზე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 ნაწილის (2011 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდებოდა. აღსრულების საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრებოდა.

ანალოგიური იყო დადგენილი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით (2011 წლის 1 ივლისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციით), რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი წესით დაკისრებულ ჯარიმებთან, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელ თანხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინებოდა. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურის ოდენობა იყო აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. აღსრულების საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ თ. შ-ზე არ ვრცელდებოდა აღსრულების საფასურის გადახდის ვალდებულება, რამდენადაც მან ჯარიმის დარჩენილი თანხა _ 300 000 ლარი გადაიხადა დანიშნულ ვადამდე ადრე. მითითებული ნორმების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თ. შ-მა ჯარიმის თანხა _ 300 000 ლარი, გადაიხადა განაჩენით დანიშნულ ვადაში, მას აღსრულების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა აღსრულების დაწყებისთანავე, ხოლო სააღსრულებო წარმოება დაიწყო სასამართლოს მიერ გადაგზავნილი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში რეგისტრაციისთანავე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. შ-ი ვალდებული იყო გადაეხადა აღსრულების საფასური აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ის ოდენობით.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარებოდა საფასური ამოღებული თანხის პროპორციულად და აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ – აღსასრულებელი მოთხოვნა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თ. შ-ის მიერ აღსრულების დაწყების შემდეგ გადახდილი ჯარიმის თანხიდან _ 300 000 ლარიდან სასამართლო აღმასრულებელმა პროპორციულად სწორად ჩამოაჭრა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხა აღსრულების საფასური, რაც არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნას.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, აღმასრულებელი კანონის შესაბამისად მოქმედებდა და მას არ დაურღვევია ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. ასევე დადგენილი იყო, რომ თ. შ-ის მიერ ამ ეტაპზე სრულად არ იყო გადახდილი მასზე განაჩენით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმის თანხა, ვინაიდან, აღნიშნული თანხიდან აღსრულების საფასური გადაირიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ. მ-ის მიერ დაწყებული №A11017812 საქმის წარმოების შეწყვეტის, იძულებითი აღსრულების საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებისა და თ. შ-ის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. შ-ს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც არ არსებობდა მისი უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისა და ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა მათზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, თ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 395 000 ლარის ოდენობით. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა უზუსტობა, კერძოდ, გამორჩენილ იქნა მითითება, რომ განსასჯელზე დაკისრებული თანხის ნაწილი 300 000 ლარი უნდა გადახდილიყო ერთი თვის ვადაში, ე.ი. 2011 წლის 22 აპრილამდე და შეცდომით გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გადაიგზავნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში. სააღსრულებო ბიურომ ვადაზე ადრე, 2011 წლის 15 აპრილს, თ. შ-ის მიერ ნებაყოფლობით გადახდილი 300 000 ლარიდან, სააღსრულებო ბიუროს ბიუჯეტში გადარიცხა აღსრულების საფასური.

კასატორის მითითებით, 2011 წლის 28 აპრილს განჩინების გამომტანმა სასამართლომ თავისი განჩინებით აღმოფხვრა უზუსტობა, კერძოდ, დააზუსტა სარეზოლუციო ნაწილი და მიუთითა, რომ დარჩენილი თანხის - 300 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, კერძოდ, 2011 წლის 22 აპრილამდე. განჩინებაში ჩაიწერა, რომ აღნიშნული სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 22 მარტის განაჩენის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. 2011 წლის 28 აპრილის განჩინება აღსრულების ბიუროში გადაიგზავნა იმ მოთხოვნით, რომ შეწყვეტილიყო თ. შ-ის მიმართ სააღსრულებო წარმოება და დაბრუნებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში შეცდომით გადარიცხული აღსრულების საფასური, რაც არ დაკმაყოფილდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტის იგნორირებით, რომლის თანახმადაც, საპროცესო შეთანხმების დროს ჯარიმის სახით დაკისრებული თანხების ნებაყოფლობით დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში აღსრულების საფასური არ გადაიხდება.

კასატორის მოსაზრებით, სააღსრულებო ბიუროსათვის ოფიციალურად ცნობილი მასალებით მას ნებაყოფლობით ან იძულებით არანაირი საფუძველი არ გააჩნდა გადაწყვეტილების აღსრულებისა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ნაცვლად იმისა, რომ თავად სასამართლოდან მოეთხოვა განმარტებები, მიითვისა აღსრულების საფასური და ის, რომელმაც პირდაპირ და კეთილსინდისიერად ვადაზე ადრე შეასრულა სახელმწიფო ბრალმდებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები, მაინც გახადა სახელმწიფო ბიუჯეტის მოვალედ, რაც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ განაჩენის გამომტანი სასამართლოს მექანიკური შეცდომით, რითაც უკანონოდ ისარგებლა სააღსრულებო ბიურომ და ისე, რომ არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, ჩამოაჭრა აღსრულების საფასური ბიუჯეტის კუთვნილ თანხას და ის და სასამართლო დატოვა დავის რეჟიმში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. შ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი თ. შ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 13 დეკემბერს 13:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. შ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და თ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით მას ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 395 000 ლარის ოდენობით. 2011 წლის 28 მარტს ზემოაღნიშნულ განაჩენზე გაიცა №1-134/2011 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თ. შ-ს ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 400 000 ლარის ოდენობით, საიდანაც მან ჯარიმის თანხის ნაწილი _ 100 000 ლარი წინასწარ, 2011 წლის 18 მარტს შეიტანა შესაბამის ანგარიშზე. სააღსრულებო ფურცელი, განაჩენთან და ჯარიმის სახით 100 000 ლარის გადახდის ქვითართან ერთად იმავე დღეს გადაეგზავნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და 2011 წლის 3 აპრილს მიღებული იქნა სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. შ-ის მიერ ჯარიმის თანხის დარჩენილი ნაწილი _ 300 000 ლარი, 2011 წლის 15 აპრილს შეტანილ იქნა შესაბამის ანგარიშზე, რისი დამადასტურებელი ქვითრის ასლიც 2011 წლის 26 აპრილს წარდგენილ იქნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში.

№1-134/2011 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კი აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში №A11017812 სააღსრულებო საქმეზე დაიწყო წარმოება და თ. შ-ს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, მას დაეკისრა აღსრულების საფასური - მის მიერ გადასახდელი თანხის (300 000 ლარის) 7 პროცენტის ოდენობით. 2011 წლის 27 აპრილს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის №02-05 მიმართვით, ბიუროს უფროსის თანხმობით, თ. შ-ის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი 300 000 ლარიდან ჩამოჭრილი და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხულ იქნა აღსრულების საფასური.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით, თ. შ-ის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ამავე კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის განაჩენში შეტანილ იქნა დაზუსტება მასზედ, რომ თ. შ-ისათვის ძირითადი და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული 400 000 ლარის ოდენობის ჯარიმის თანხიდან, საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 100 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დღეს, ხოლო ჯარიმის თანხის დარჩენილი ნაწილის _ 300 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან (განაჩენის გამოტანიდან) ერთი თვის ვადაში. ზემოაღნიშნული განჩინება 2011 წლის 29 აპრილს წარდგენილ იქნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში.

აღმასრულებლის მიერ მოვალის გაფრთხილების შემდეგ დაყადაღებული იქნა თ. შ-ის უძრავ-მოძრავი ქონება _ ქ. ბათუმში, ... №5-ში მდებარე მანსარდა და ავტომანქანა. აღმასრულებლის ზემოაღნიშნული ქმედებები თ. შ-ის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელმაც მოითხოვა აღმასრულებლის უკანონო ქმედების აღკვეთა, №A11017812 საქმის წარმოების შეწყვეტა და აღსრულების საფასურის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 14 ივნისის №488 ბრძანებით თ. შ-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სისხლისსამართლებრივი წესით დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრებოდა, შესაბამისად, თ. შ-ს საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა აღსრულების დაწყებისთანავე და იგი ვალდებული იყო გადაეხადა აღსრულების საფასური.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 ნაწილის (2011 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების აღსრულების საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება. თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა იმ გარემოების დადგენას, სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ რამდენად უნდა დაკისრებოდა პირს აღსრულების საფასური, არამედ იმ საკითხის დადგენას, მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არსებობდა თუ არა სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთის მხრივ ბრალმდებლის სახით – აჭარის პროკურატურასა და მეორეს მხრივ დაცვის მხარეს – თ. შ-ს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება და გაფორმდა ბრალის აღიარებით მასზედ, რომ დაცვის მხარე სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო ჯამში გადაიხდიდა – 400 000 ლარს, აქედან – 100 00 ლარს საპროცესო შეთანხმების სასამართლოს მიერ დამტკიცებამდე, ხოლო დარჩენილ – 300 000 ლარს კი ამ შეთანხმების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში.

ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე გაფორმდა შესაბამისი საპროცესო შეთანხმების ოქმი, დაცვის მხარემ ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე ჯარიმის თანხა - 100 000 ლარი 2011 წლის 18 მარტს შეიტანა და განათავსა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, სათანადო გადახდის ქვითარი კი წარუდგინა სახელმწიფო ბრალდებას, რის შემდგომაც ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება სრულად, რომლის მიხედვითაც განსასჯელი თ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით მას ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 395 000 ლარის ოდენობით. 2011 წლის 28 მარტს ზემოაღნიშნულ განაჩენზე გაიცა №1-134/2011 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თ. შ-ს ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 400 000 ლარის ოდენობით, საიდანაც მან ჯარიმის თანხის ნაწილი _ 100 000 ლარი წინასწარ, 2011 წლის 18 მარტს შეიტანა შესაბამის ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ თ. შ-თვის დეტალურად იყო ცნობილი საპროცესო შეთანხმების პირობები და ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება განხორციელდა სწორედ იმ ფორმით და პირობებით, რა ფორმითაც დამტკიცდა მხარეებს შორის, თ. შ-მა მიიჩნია, რომ დარჩენილი თანხის – 300 000 ლარის გადახდა უნდა განხორციელებულიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში ანუ 2011 წლის 22 აპრილამდე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დარჩენილი თანხა – 300 000 ლარი თ. შ-მა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა და განათავსა 2011 წლის 15 აპრილს ანუ დათქმული ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 28 მარტის სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში შესულად აღირიცხა 2011 წლის 3 აპრილს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების გადაცემისათვის დადგენილი წესითა და საშუალებით. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში უგზავნის მოვალეს წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააღსრულებო ბიურომ თ. შ-ს წინადადებით ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ 2011 წლის 7 ივნისს ანუ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ორი თვის შემდეგ მიმართა, ამდენად, თ. შ-ისათვის მის მიერ 2011 წლის 15 აპრილს – 300 000 ლარის გადახდის ეტაპზე საერთოდ არ იყო ცნობილი სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 300 000 ლარის გადახდის ქვითარი თ. შ-მა სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილს წარუდგინა, რის შემდეგაც 2011 წლის 21 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ №1-134/2011 წერილით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და განმარტა, რომ იგზავნებოდა 2011 წლის 22 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის – 300 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, 2011 წლის 28 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე დასართავად. აღნიშნული მიმართვა სააღსრულებო ბიუროში 2011 წლის 26 აპრილს შევიდა. თუმცა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ბიურომ 2011 წლის 27 აპრილის №02-05 მიმართვით დაავალა ამავე ბიუროს ზედამხედველობის სამსახურს, რომ ამოღებული თანხიდან – 280 373,83 ლარის გადარიცხვა განხორციელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო – 19 626,17 ლარის კი, როგორც აღსრულების საფასური მიმართულიყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღსრულების საფასურის ჩამოჭრიდან გამომდინარე სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის არასრული ჩარიცხვა ცნობილი გახდა თ. შ-ისათვის, სწორედ ამიტომ თ. შ-მა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და 2011 წლის 22 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ხარვეზის გასწორება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ამავე კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის განაჩენში შეტანილ იქნა დაზუსტება მასზედ, რომ თ. შ-ისათვის ძირითადი და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული 400 000 ლარის ოდენობის ჯარიმის თანხიდან, საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 100 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე, ხოლო ჯარიმის თანხის დარჩენილი ნაწილის _ 300 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან (განაჩენის გამოტანიდან) ერთი თვის ვადაში. ამავე განჩინებაში ჩაიწერა, რომ აღნიშნული განჩინება 2011 წლის 22 მარტის განაჩენის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი მიმართვით 2011 წლის 29 აპრილს წარდგენილ იქნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართვაში აღნიშნული იყო ის გარემოება, რომ 2011 წლის 28 აპრილის განჩინება 2011 წლის 22 მარტის განაჩენის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და მასთან ერთობლიობაში უნდა განხილულიყო.

ამდენად, ნათელი და უდავოა ის გარემოება, რომ 2011 წლის 3 აპრილს სააღსრულებო ბიუროში 2011 წლის 28 აპრილის განჩინების იდენტური სარეზოლუციო ნაწილის წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება არ დაიწყებოდა, რადგან ვალდებულების შესრულების ვადა თ. შ-ს – 2011 წლის 22 აპრილს ეწურებოდა, მან კი მის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად – 2011 წლის 15 აპრილს ანუ 7 დღით ადრე შეასრულა. საბოლოოდ კი ცალსახაა, რომ თ. შ-მა საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება დროულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა, რაც ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას გამორიცხავს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 22 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შესაბამისი ცვლილების არ არსებობის პირობებშიც, თ. შ-ს ჯარიმის თანხის – 300 000 ლარის გადახდის ვალდებულება 2011 წლის 22 აპრილამდე ეკისრებოდა, რადგან აღნიშნული გარემოება საპროცესო შეთანხმებით იყო დამტკიცებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეცვალოს მხარეთა შორის დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება. მასში ცვლილების შეტანა მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით და თანხმობით დაიშვება. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით უბრალოდ უფრო ნათელი და ცალსახა გახდა ვალდებულების შესრულების ვადა და ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თ. შ-მა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულა.

ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 2011 წლის 28 აპრილის განჩინება აღსრულების ბიუროში გადაიგზავნა იმ საფუძვლით, რომ გაუქმებულიყო თ. შ-ის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება და დაბრუნებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში შეცდომით გადარიცხული აღსრულების საფასური, რაც არ განხორციელდა. სასამართლოს მიმართვისა და შესაბამისი განჩინების წარდგენის მიუხედავად, სააღსრულებო ბიურო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო საერთოდ არ დაინტერესებულა იმ გარემოების დადგენით, თუ რამდენად სწორად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2011 წლის 28 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით აღნიშნული აშკარა იყო. სააღსრულებო ბიურომ სრული იგნორირება გაუკეთა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტს, რომლის თანახმადაც, საპროცესო შეთანხმების დროს ჯარიმის სახით დაკისრებული თანხების ნებაყოფლობით დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში აღსრულების საფასური არ გადაიხდება.

ამდენად, თ. შ-ის მიერ ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შესრულების პირობებში, სააღსრულებო ბიუროს არ გააჩნდა არც სააღსრულებო წარმოების დაწყების და არც აღსრულების საფასურის თ. შ-ისათვის დაკისრების კანონიერი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, მოპასუხეს – სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თ. შ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ლ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 ლარის, ბ. კ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 150 ლარისა და ჟ. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 1050 ლარის (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; სააპელაციო სასამართლოში – 150 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 1050 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 14 ივნისის №488 ბრძანება, გაუქმდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ. მ-ის მიერ დაწყებული №A11017812 საქმის წარმოება თანმდევი შედეგებით და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე გადარიცხოს აღსრულების ანგარიშზე გადატანილი იძულებითი აღსრულების საფასური;

5. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოხსნას ყადაღა თ. შ-ის უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე;

6. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ლ. მ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 ლარის, ბ. კ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 150 ლარისა და ჟ. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 1050 ლარის ანაზღაურება;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე