საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ბს-56-51(კ-13) 1 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე (სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელისა გამო მოპასუხე ზ. ჩ-ის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2013 წლის 22 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ბს-56-51(კ-13) ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 ,,ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. ასევე, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად საკასაციო საჩივრის ავტორს ზ. ჩ-ეს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე (იხ. ტ. II; ს.ფ. 56-57).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს ზ. ჩ-ესა და მის წარმომადგენელს – ი. ჩ-ეს გაეგზავნათ 2013 წლის 5 თებერვალს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება ი. ჩ-ეს ჩაჰბარდა 2013 წლის 6 თებერვალს (იხ. ტ. II; ს.ფ. 61-62), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2013 წლის 18 თებერვალს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე