საქმე ბს-585-575(კ-12) 5 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – შპს ,,...”; წარმომადგენელი _ ნ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები(მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერია (წარმომადგენელი _ ნ. მ-ე); ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ( წარმომადგენელი _ გ. კ-ე)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: შპს ,,...”
მოპასუხეები: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მერია
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სარჩელის საგანი:
1.ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 ნოემბრის ¹#000102 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.
2.ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის #3115 განკარგულების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...” 2011 წლის აგვისტოსა და სექტემბერში აწარმოებდა სამუშაოებს ... ქუჩაზე. თითოეული დაზიანება აღმოფხვრილ იქნა დაუყოვნებლივ, სათანადო წესით, რის თაობაზეც ეცნობა როგორც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ასევე კომპანიის კონტრაქტორ შპს ,,...”, რაც დასტურდება საქმეში არსებული ... ქუჩის ავარიასთან დაკავშირებული მასალებით და 2011 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,...” და “ნ...” შორის.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 ნოემბერის №000102 სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,...” დაჯარიმდა - 2000 ლარით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 .1 მუხლით, კერძოდ, ქ. თბილისის ტერიტორიაზე, ... ქ.№2-ის მიმდებარედ, საავარიო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებისათვის.
მითითებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს ,,...” გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში, რომლის 2011 წლის 30 დეკემბრის №3115 განკარგულებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დარღვეულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ოქმი შედგენილია ზერელედ, ცალმხრივად, დამრღვევისა და მოწმეების ხელმოწერის გარეშე. ოქმზე დამრღვევის გრაფაში მინაწერი “ჩავიბარე გადასაცემად-ა. ქ-ე” შესრულებულია კომპანიის ცენტრალურ ოფისში, კანცელარიის თანამშრომლის მიერ. შესაბამისად, შპს “...” არ მიეცა ახსნა-განმარტების საშუალება, რაც ოქმის შემდგენს შესაძლებლობას მისცემდა ობიექტურად მიეღო გადაწყვეტილება ოქმის შედგენასთან დაკავშირებით. ამასთან, ოქმში არ არის მითითებული არც ერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა დარღვევის არსებობის ფაქტს.
მოსარჩელის განმარტებით აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მოისმინა რა კომპანიის არგუმენტები, განაცხადა, რომ მართალია ტერიტორია მოყვანილ იქნა პირვანდელ მდგომარეობაში, მაგრამ ასფალტის საფარის აღდგენა არ მოხდა შესაბამისი ხარისხით და ტერიტორიაზე არსებობს ჯდენის ნიშნები. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განცხადება არ არის კავშირში ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ დარღვევის არსთან. და ეს ორი ცნება არ არის იდენტური.
სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შესაგებლები:
ფაქტობრივი: მოპასუხეების განმარტებით, შპს “...” მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, რიგ ობიექტებზე ტერიტორია არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში, მათ შორის ... ქუჩაზე, რისთვისაც შპს-ს მიეცა 10 (ათი) დღიანი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, ასევე განემარტა მოსალოდნელი სანქციის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან აღნიშნულ წერილს არ მოჰყოლია არავითარი რეაგირება, სამასახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,...“ დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152.3 მუხლის შესაბამისად.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის პოზიცია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან დამრღვევს არ მიეცა ახსნა-განმარტების შესაძლებლობა, ასევე არ არსებობს მოწმე, არის უსაფუძვლო, ვინაიდან დაჯარიმების საფუძველი გახდა დარღვევის გამოუსწორებლობა, ანუ უმოქმედობა, შესაბამისად გაურკვეველია მოწმის სავარაუდო როლი აღნიშნულ საქმეზე.
სამართლებრივი: მოპასუხეთა განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტიები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 27 სექტემბრის ¹07-16/11567 წერილით სამართალდამრღვევს ეცნობა, რომ რიგ ობიექტებზე, მათ შორის ... ქუჩაზე, ტერიტორია არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში და მიეცა 10 (ათი) დღიანი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, ასევე განემარტა მოსალოდნელი სანქციის შესახებ.
ქ. თბილსისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 8 ნოემბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს ,,...“ დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152.3 მუხლის შესაბამისად.
სამართალდარღვევის ოქმი შპს ,,...“ გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში, რომლის 2011 წლის 30 დეკემბრის №3115 განკარგულებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მიმდებარედ, საავარიო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შპს ,,...“ მიერ ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს მიერ რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. მითითებული კოდექსის 1523 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება, რაც გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
ამავე კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, მტკიცებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება და სხვა დოკუმენტები.
სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ, რომ ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს ,,...“ უკანასკნელ პერიოდში რამდენჯერმე აწარმოა სამუშაოები. ასევე დადგენილია, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 27 სექტემბრის ¹07-16/11567 წერილით სამართალდამრღვევს ეცნობა, რომ რიგ ობიექტებზე, მათ შორის ... ქუჩაზე, ტერიტორია არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში და მიეცა 10 (ათი) დღიანი ვადა დაღღვევის გამოსასწორებლად, ასევე განემარტა მოსალოდნელი სანქციის შესახებ, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები ცხადყოფენ, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე იქნა მიტოვებული.
სადავოდ მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმსა და ქ. თბილისის მერიის განკარგულებაში მითითებული გარემოებების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტების გამომტანმა ორგანომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს ,,...“ ჩაიდინა სამართალდარღვევა გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლის პირველი ნაწილით, ის ბრალეულია მის ჩადენაში და ექვემდებარება პასუხიმგებლობას. რაც შეეხება მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელეს არ მიეცა ახსნა-განმარტების მიცემის შესაძლებლობა, სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ვერ გახდება მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლოს დასკვნები:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც შპს ,,...“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
აპელანტი: შპს ,,...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე): ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მერია
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება
პელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორად ცნო დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,...“ ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე იქნა მიტოვებული.
სამართლებრივი: მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლს, ასევე არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 237-ე, 264-ე, 236-ე მუხლები. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მოყვანილი გარემოებები და არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ თანდართული ფოტოსურათებიდან არ ხერხდება ე.წ სამართალდარღვევის ადგილის იდენტიფიცირება და ასევე ფოტოსურათის გადაღების თარიღის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის განჩინებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არ გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელაციის მოტივები, პაალტამ მიიჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
გასაჩივრებული განჩინების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა ისეთი დარღვევით, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, შეიძლებოდა გამხდარიყო მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი: შპს ,,...“
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მერია
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორი საკასაციო საჩივარში ძირითადად მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და ამასთან, განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში სამართალდარღვევის ჩადენის მოტივად მითითებულია საავარიო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას და შემდეგ სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მოისმინა რა მოსარჩელის არგუმენტები, განაცხადა, რომ მართალია ტერიტორია მოყვანილ იქნა პირვანდელ მდგომარეობაში, მაგრამ ასფალტის საფარის აღდგენა არ მოხდა შესაბამისი ხარისხით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განცხადება არ არის კავშირში სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ დარღვევის არსთან.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით საერთოდ არ დგინდება რაიმე სამართალდარღვევა, მით უმეტეს მისი ჩადენა შპს ,,...“ მიერ.
კასატორის განმარტებით სასამართლომ ასევე არ იმსჯელა და არანაირი შეფასება არ მისცა სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლს.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე განხილულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის დარღვევით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, როელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
მოწინააღმდეგე მხარეებმა - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მერიამ საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლოს განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის №3115 განკარგულება და ქ. თბილისის მერიას დაევალოს საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და დავა არსებითად გადაწყვიტა მაშინ, როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე ოფიციალობის პრინციპის გამოყენებით სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ობიექტური სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ქ. თბილისის მერიამ ისე გამოსცა სადავო განკარგულება, საერთოდ არ გამოუკვლევია სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი, ან სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო თუ არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის მიხედვით დავის გადაუწყვეტლად, აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
საქმის მასალების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 27 სექტემბრის №07-16/11567 წელით შპს ,,...“ ეცნობა, რომ თბილისში, ... ქუჩაზე ტერიტორია არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში და მიეცა 10 დღიანი ვადა არსებული დარღვევის გამოსასწორებლად, ასევე განემარტა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ (იხ.ს.ფ. 106)
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 ნოემბრის №000102 სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შპს ,,...“ დაჯარიმდა 2000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523.1 მუხლის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 11).
ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის №3115 განკარგულებით შპს ,,...“ საჩივარი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 ნოემბრის №000102 სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 12-14).
საკასაციო სასამართლო განმარტავს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემისას მათი სამართლებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პროცედურა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 1523-ე მუხლით გათვალისწინებულია სანქცია ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ ქ. თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებურად გადათხრის, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვის, გადათხრის ადგილის პირვანდელ მდგომარებაში მოყვანის გარეშე მიტოვებისათვის ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 2000 ლარით.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, განმარტავს: იმისათვის, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქმედება ზემოაღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედების როგორც დასჯადის, შემადგენლობა, კერძოდ: ადგილი უნდა ჰქონდეს ტერიტორიის თვითნებურად გადათხრას, მისი სამშენებლო მასალებით დაბინძურებას და მის მიტოვებას სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე არსებული მდგომარეობაში მოყვანის გარეშე.
საქმის მასალების შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,...“ თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა სწორედ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... ქ.№2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შპს ,,...“ ტერიტორია მიატოვა პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე, შპს ,,...“ კი, სადავოდ გახადა საერთოდ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და აღნიშნა, რომ თბილისში, ... ქ.№2 მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საწარმოს წარმომადგენელთა განმარტებით, მათ ... ქუჩაზე რამდენჯერმე იმუშავეს და სამუშაოების დასრულების შემდეგ მის კონტრაქტორ შპს ,,ნ...“ აცნობეს წერილით წყალსადენ-კანალიზაციის ქსელებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარის დაგების თაობაზე, რაც შპს ,,ნ...“ შეასრულა დაუყოვნებლივ, რასაც ადასტურებს 2011 წლის 30 სექტემბრის შპს ,,...“ და შპს ,,ნ...“ შორის შემდგარი მიღება-ჩაბარების აქტით (იხ. ს.ფ. 16-36).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს მონაცემები დგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით... და სხვა დოკუმენტებით. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება _ კერძო ინტერესის _ პირის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი _ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს. სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს, რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არსებითად განსხვავდება სხვა მმართველობით სფეროებში მიღებული გადაწყვეტილებისაგან. უპირველესად, მისი მომზადების და გამოცემის პროცედურის თვალსაზრისით.
ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაცია დამოკიდებულია მომხდარი ფაქტის, სამართლის ნორმაში სწორედ ასეთად მიჩნეული ფაქტის, გარემოების სრულად და ზუსტად აღწერილთან თანადამთხვევაზე და შესაბამისობაზე, ანუ ქმედება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნების შემადგენლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, ქ. თბილისის მერიამ ისე მიიღო სადავო განკარგულება, რომ დაეყრდნო მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოკვლეულ და წარდგენილ მასალებს და თვითონ დამატებით სრულყოფილად და სარწმუნოდ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, არ გამოუკვლევია მართლაც ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორიის მიტოვებას ადგილი, არ გამოუკვლევია რა მდგომარეობაში იყო სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე ... ქუჩაზე ასფალტის საფარი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და უნდა გამოიკვლიოს წარმოადგენს თუ არა მართლაც მოსარჩელე შპს ,,...“ ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევ იურიდიულ პირს, მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები და უნდა გამოიკვლიოს თუ როგორი იყო გზის საფარი შპს ,,...“ მიერ საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე ქ. თბილისში, ... ქ.№2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანამდეც აღინიშნებოდა თუ არა ასფალტის ჯდენა თუ ეს გამოწვეული იყო შპს ,,...“ მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო და დასრულების შემდგომ სრულყოფილად მოხდა თუ არა ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის მერიას, მის შესაბამის სამსახურებს როგორც დედაქალაქის მმართველობით ორგანოს, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო სისტემის აღდგენა-განვითარება, აქვს თუ არა შემუშავებული სამართლებრივი მიდგომა ამ ტიპის სამუშაოების გადაცემა-ჩატარებაზე /მიღება-ჩაბარების აქტით ან სხვა/, რაც განსაზღვრავდა ამ ტიპის ურთიერთობებში მხარეთა უფლება-მოვალეობებს მკაფიოდ და ცალსახად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, ვინაიდან კანონმდებელი არ ადგენს მოწმეთა აუცილებელ დასწრებას, ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომვლენ მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნული, რასაკვირველია არ გამორიცხავს სამართალდარღვევის გამომვლენის მიერ უზუსტობას, მიკერძოებას ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას (შესაძლებლობას).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა მოიპოვოს და გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და ადმინისტრაციული წარმოებისას არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, მით უფრო იმ შემთხვევაში როცა იგი ამოწმებს მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი აქტის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების ადმინსტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაცია ადმინისტრაციული ორგანოს შეუძლია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევა-შეფასება-დადგენის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს თუ რა ფაქტების არსებობამ განაპირობა ქმედების ამგვარი კვალიფიკაცია. აღნიშნული გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან და სამართალდარღვევის ჩადენის უფლებების უზრუნველყოფის სტანდარტებიდან.
ადმინისტრაციულმა ორგანოება უტყურად უნდა დაამტკიცოს (დაასაბუთოს) მიღებული გადაწყვეტილებაში იმ გარემოებათა არსებობა, რომელთაც განაპირობეს კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნეული ქმედების ფაქტის არსებობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სანქციის შეფარდება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დეტალური გამოკვლევა-დადგენის გარეშე არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოში იურიდიულად უზრუნველყოფილ კანონიერი მმართველობის სტანდარტს, რაც საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეთა უფლებების სრულფასოვან რეალიზაციასა და დაცვას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით: ადმინისტრაციული საჩივრის ხელახლა განხილვისას თბილისის მერიამ თავისი გადაწყვეტილებაში უნდა გააქარწყლოს საჩივრის ყველა მოტივი/არგუმენტი დასაბუთებულად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზიაროს მათი საფუძვლიანობა, იმ ლოგიკით, რომ სწორედ ნორმათ შემფარდებელი ორგანოა (თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, კერძოდ, მიწის გადათხრასთან დაკავშირებით სამუშაოების ჩატარების და სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაზე ზედამხედველობა,) ვალდებულია დაამტკიცოს სადავო აქტების ფაქტობრივი და სამართლებრივი კანონიერების საკითხი. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის ,,ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება“ მოთხოვნებიდან მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება - განახორციელონ ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერებაზე კონტროლი, გულისხმობს მათ მიუკერძოებლად, ობიექტურად და კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განხილვა-გადაწყვეტის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, როცა ქვემდგომ ორგანოს დამაჯერებლად არ გამოუკვლევია აქტის გამოცემისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და მათი შეფასება-დადგენის საფუძველზე კანონიერად გადაწყვიტოს დავა.
აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 240-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმისთვის დადგენილი რეკვიზიტებიდან და თავად სამართალდარღვევის ოქმის, როგორც იურიდიული დოკუმენტის მნიშვნელობიდან, გამომდინარეობს, რომ მისი შედგენა აუცილებელია სწორედ სამართალდარღვევის ადგილზე. სამართალდარღვევის ოქმით ფიქსირდება სამართალდარღვევის ფაქტი, გარემოებები, მონაწილე პირები და იმავდროულად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ და სარწმუნო მტკიცებულებას სამართალდარღვევის მოცემულ დროსა და ადგილას, მოცემულ ვითარებაში გამოვლენის და ამ ფაქტის მონაწილე პირების შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის არა სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე შედგენა წარმოადგენს პროცედურის არსებით დარღვევას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილების მიღებისას ასევე გამოკვლეული არ ყოფილა ის გარემოება, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის ადგილას, თუ ოქმი შედგა სხვა ადგილას, როგორც ამას კასატორი აღნიშნავს, ორგანოს არ გამოუკვლევია ასევე სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დაირღვა თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 240.4 მუხლის დანაწესი, კერძოდ, სამართალდამრღვევს განემარტა თუ არა ამავე კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აგრეთვე აღინიშნება ოქმში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ქმედების სამართალდარღვევად არაკვალიფიციური მიჩნევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც შპს ,,...“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა საკითხის ხელახალი განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ქ. თბილისის მერიამ საჩივრის ხელახლა განხილვისას სარწმუნოდ უნდა გამოიკვლიოს შპს ,,...“ არის თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152.3 მუხლით გათვალისიწნებული სამართალდამრღვევი პირი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას გაცილებით მარტივია ფაქტის გამორკვევა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რამდენადაც სადავო გარემოების უშუალო მტკიცებულება (ვიდეოთვალი ან სხვ.) ან მოწმეთა მიერ მიღებული ახნსა-განმარტებების საფუძველზე შესაძლებელია სადავო ფაქტების დადგენა-გაანალიზება და მისი შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის მიღება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მერიას უნდა დაეკისროს სამართალწარმოებისას გაწეული ხარჯის სახით გადახდილი 275 ლარის გადახდა შპს ,,...“ სასარგებლოდ, ხოლო სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი თბილისის მერიის 2011 წლის 30 დეკემბრის №3115 განკარგულება და ქ. თბილისის მერიას დაევალოს საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში;
5. ქ. თბილისის მერიას დაეკისროს მოსარჩელის მიერ სამართალწარმოებაზე გაწეული ხარჯების სახით გადახდილი 275 ლარის შპს ,,...“ სასარგებლოდ გადახდა;
6. ქ. თბილისის მერიას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. ქათამაძე/