საქმე #ბს-64-59(კ-13) 19 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. ლ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ)
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზ. ლ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 17 ნოემბრის №024-5005 ბრძანების - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 24 ნოემბრის №024-5005/01 აქტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №12443 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 10 აპრილის №6036 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ.,1-12; ტ.1).
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 62-71; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს .ფ 100-106; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 111-121; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 9-18; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 17 ნოემბრის №024–5005 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 24 ნოემბრის №024-5005/01 ყადაღის ბრძანების დადების აქტი; შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №12343 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 1 მარტის №21-11/14465 პასუხი, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 10 აპრილის №6036 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში (იხ. ს.ფ. 59-70; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 128-137. ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 95-96; ტ.2).
ზ. ლ-ემ საკასაციო შესაგებლით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 100-106; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ საგადასახადო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე არაერთგზის არის გამოყენებული ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-426-411(კ-09) თ. ქ-ის სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მიმართ; საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-695-681(კ-12) ი/მ ნ. ბ-ის სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ) საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია მითითებული განჩინებში და სადავო საკითხზე ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაში განმარტებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე მართებულობის სამართლებრივი შეფასებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე