№ბს-658-644(კ-12) 19 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) – რ. ჩ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (განმცხადებელი) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპრეპროპრიაციის უფლების მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 26 მარტს განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე (დაინტერესებული პირი) რ. ჩ-ას მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მინიჭებოდა ექსპროპრიაციის უფლება რ. ჩ-ას საკუთრებაში არსებულ ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარაში მდებარე 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზედ მდებარე 664 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება რ. ჩ-ას მიმართ ექსპროპრეაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრეაციის უფლება რ. ჩ-ას (პირადი №...) საკუთრებაში არსებული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ .... მდებარე 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მასზედ მდებარე 664 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართით (საკადასტრო კოდით №..., პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 20 000 კვ.მ.).
რაიონულმა სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა ადამიანს უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციით, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის #1-1/194 ბრძანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით მიენიჭა რ. ჩ-ას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში `საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, კონსტიტუციის მეხედვით, საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში. ეს არის სახელმწიფოსთვის ვალდებულება, თავისი პოლიტიკა, კონკრეტულ სფეროში დაუქვემდებაროს მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსს, იმავდროულად, ეს არის ყოველი მესაკუთრის ვალდებულება, ითმინოს მის საკუთრებაში სახელმწიფოს ასეთი ჩარევები – ეს მისი საკუთრების კონსტიტუციური უფლების თანმდევი კონსტიტუციური ვალდებულებაა. მართალია, საქართველოს კონსტიტუციით 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ექპსროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად, ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
სასამართლომ მიუთითა, რომ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონში მოცემულია გამოყენებულ ტერმინთა განმარტება, კერძოდ: ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით. ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.
რაიონული სასამართლოს განმარტებით უდავოა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი მასშტაბურია და მნიშვნელოვანი ქვეყნის ისტორიაში. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც საქართველოს გავლით დაუკავშირდება თურქეთის რესპუბლიკას. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას, რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექპსროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დამხმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკუდებული ექსპერტის დამხმარებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება ექპსროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით რ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და დამატებით აღნიშნა შემდეგი: საკუთრების უფლება არ არის შეუზღუდავი უფლება. მართალია, საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საკუთრების უფლების არსის დაცვის პირობით. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს კანონის შესაბამისად მის საკუთრებაზე ზემოქმედება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებას ანიჭებს მესაკუთრეს, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, მაგრამ იმავე ნორმის მიხედვით, მესაკუთრის ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, ანუ, აღნიშნულიც ადასტურებს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური, არ არის შეუზღუდავი და ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების ჩამორთმევისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება; 2. კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევა; 3. სასამართლოს გადაწყვეტილება ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა; 4. წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი მასშტაბურია და მნიშვნელოვანი ქვეყნის ისტორიაში. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც საქართველოს გავლით დაუკავშირდება თურქეთის რესპუბლიკას. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას, რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-ამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რის გამოც მისი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მართალია, ზოგადად რკინიგზის მშენებლობა არის საზოგადოებრივი საჭიროება, მაგრამ აუცილებელია, რომ თითოეულ შემთხვევაში დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა ამ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მიზნის მიღწევა ისე, რომ ვინმეს საკუთრება არ ჩამოერთვას. მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს ამ მიზნის მიღწევა შეეძლო და შეუძლია, ისე რომ მისი საკუთრების უფლება არ შელახოს. პროექტით ნათლად ჩანს, რომ რკინიგზის ხაზი მის ნაკვეთს არ კვეთს, ხოლო ტერმინალის მშენებლობა (ანუ რა მიზნითაც სურთ ექსპროპრიაცია) არ არის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ექსპროპრიაცია და ტერმინალის მშენებლობა აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის. ეს ტერმინალი შესაძლებელია აშენდეს სხვა ადგილას და შესაბამისად, მისი საკუთრების ჩამორთმევის აუცილებლობა არ არსებობს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დაურღვევია, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, სსსკ-ის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას საქმის მასალები სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, დადგენილად მიჩნეული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით დადგენილი, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ობიექტურად შეფასებული, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დასაბუთებულია.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 7 თებერვლის ,,ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ“ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმების, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 28 მარტის N4568 დადგენილებით, ასევე ,,ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში იგეგმება ყარსი-ახალქალაქის რგინიგზის მშენებლობის პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალქალაქი კარწახის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას საჭირო ინფრასტრუქტურით. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დერეფანში მოჰყვა რ. ჩ-ას (პირადი №....) საკუთრებაში არსებული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ... მდებარე 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 664 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდით №...), პროექტისათვის საჭირო საექპროპრიაციო ფართობი - 20 000 კვ.მ. 2012 წლის 26 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპრეპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის №1-1/194 ბრძანებით, სამინისტროს მიენიჭა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მდებარე რ. ჩ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლება.
ასევე დადგენილია რომ, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონებისა და მისი მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” საშუალებით, ასევე 2012 წლის 27 იანვრის გაზეთ ”....” №2926 (19) და 2012 წლის 19 მარტის გაზეთ ,,...” №01(352) მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია შემდეგი საკითხების გაანალიზება: რა არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება”. არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დეფინიცია. ეს არის აბსტრაქტული სამართლებრივი ტერმინი, რომელიც კონკრეტულ შინაარსს იძენს სხვადასხვა დროსა და ისტორიულ ვითარებაში, ცვალებადია განსხვავებული და დინამიური სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოთხოვნილებების ადეკვატურად. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს, სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე. საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს, კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში. ამავდროულად, აუცილებლად გასათვალისწინებულია თავად საკუთრების უფლების ობიექტის არსი, მისი შესაძლო სოციალური დატვირთვა. რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოების „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად“ მიჩნევის საკითხს. საკუთრების ჩამორთმევისას კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭირობისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭირობისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირი საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ექპსროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად, ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციაზე და ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს მიდგომაზე. დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე იმავდროულად ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ: „...წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად”. ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივირულ საფუძველს არ არის მოკლებული.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით რომ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონში მოცემულია გამოყენებულ ტერმინთა განმარტება, კერძოდ: ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით. ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს, განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი, რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით, როგორიცაა – საზოგადოებრივი საჭიროებისათვის რკინიგზის ხაზების გაყვანა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების ჩამორთმევისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება; კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევა; სასამართლოს გადაწყვეტილება ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა; წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელი სამუშაოთა წარმოების მიზნითაც, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, შესაძლებელია განხორციელდეს ექსპროპრიაცია ანუ საკუთრების ჩამორთმევა. მითითებული ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია შეიძლება განხორციელდეს ისეთი სამუშაოების წარმოების მიზნით, როგორიცაა რკინიგზის ხაზების გაყვანა. ამდენად, კანონით პირდაპირ არის დადგენილი, რომ რკინიგზის ხაზების გაყვანა მიიჩნევა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და ამ დროს შესაბამის უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს საკუთრების ჩამორთმევა.
საკასაციო პალატა უდავოდ მიიჩნევს და ეთანხმება სასამართლოების განმარტებას იმ გარემოებაზე, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი მასშტაბურია და მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიაში. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც საქართველოს გავლით დაუკავშირდება თურქეთის რესპუბლიკას. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას, რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ას მიერ ვერ იქნა გაბათილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს განჩინებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს რ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე