#ბს-681-667(კ-12) 21 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორები (მოსარჩელეები) _ 1) დ. კ-ე; წარმომადგენელი – დ. ვ-ე; 2) ე. გ-ე; წარმომადგენელი – ე. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ 1) შპს ,,...“; დირექტორი – რ. თ-ე; წარმომადგენელი – მ. ა-ე; 2) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; წარმომადგენელი – მ. მ-ე; 3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი – ვ. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 21 აპრილს ე. გ-ემ, დ. კ-ემ და რ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა დაბა ჩაქვში, სასტუმრო „...“ მიმდებარედ, 42000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 13 ივლისის №0122/2502 მიმართვისა და ამ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, ასევე, ამავე მიწის ნაკვეთზე ჩატარებული აუქციონის 2008 წლის 25 აგვისტოს №97 ოქმის და 2008 წლის 2 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო ე. გ-ის, დ. კ-ისა და რ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხეების – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემული საქმე შეჩერდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრისა და 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება და ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის და 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებები ე. გ-ეზე და დ. კ-ეზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით განახლდა ადმინისტარციული საქმის წარმოება ე. გ-ის, დ. კ-ისა და რ. ბ-ის სარჩელზე, მოპასუხეების – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის, დ. კ-ისა და რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა და იგი აღიარებული იქნა დაბა ჩაქვში, ... №18-ის მიმდებარე 963 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საქმეში წარდგენილი აზომვითი ნახაზის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილებისა და აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 10 ოქტომბრის წინადადების საფუძველზე, 2007 წლის 12 ოქტომბერს ე. გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაბა ჩაქვში, ... №18-ის მიმდებარე 963 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, დაუზუსტებელი მონაცემებით. ამასთან, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. კ-ის განცხადება და იურიდიული ფაქტის დადგენის გზით დ. კ-ე აღიარებულ იქნა დაბა ჩაქვში, ... №18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 13 ივლისის №22/2502 მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან ერთვოდა აზომვითი ნახაზი, სახელმწიფო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაბა ჩაქვში, სასტუმრო „...“ მიმდებარე 42 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2008 წლის 5 აგვისტოს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №97 ოქმის და საკუთრების უფლების დამადასტურებელი №839-პ მოწმობის საფუძველზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,...’’, რომლის საკუთრების უფლება 2008 წლის 8 ოქტომბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2009 წლის 24 თებერვალს შპს „...“ საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შემდეგ მიწის ნაკვეთის ფართობმა 42 026 კვ.მ შეადგინა. მონაცემების დაზუსტების შედეგად, გადაფარვაში მოხვდა ე. გ-ის საკუთრებაში არსებული 963 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დ. კ-ის საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 29 დეკემბრის N3-300/09 და N3-301/09 განჩინებების, ასევე 2008 წლის 8 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ე. გ-ემ და დ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა დაბა ჩაქვში, სასტუმრო „...“ მიმდებარედ 42 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 13 ივლისის №0122/2502 მიმართვის და ამ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა. ასევე, ამავე მიწის ნაკვეთზე ჩატარებული აუქციონის 2008 წლის 25 აგვისტოს №97 ოქმის და 2008 წლის 2 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრისა და 2007 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება და ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის და 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებები ე. გ-ეზე და დ. კ-ეზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 2 ნოემბრის №01-10/4140 მიმართვისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის №3-300/09 განჩინების საფუძველზე 2011 წლის 15 ნოემბერს გაუქმდა საჯარო რეესტრში დაბა ჩაქვში, ... №18-ის მიმდებარე 963 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ე. გ-ის საკუთრების უფლება. ამასთან, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 2 ნოემბრის №01-10/4140 მიმართვისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის №3-301/09 განჩინების საფუძველზე, 2011 წლის 15 ნოემბერს გაუქმდა საჯარო რეესტრში დაბა ჩაქვში, ... №18-ის მიმდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. კ-ის საკუთრების უფლება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „...“ საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი მოიცავდა იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც მითითებული იყო ჩაქვის დაბის საკრებულოს გამგეობის 2006 წლის 13 ოქტომბრის N1054 ცნობასა და შპს „ც...“ 2006 წლის 26 ივნისის N61 ცნობაში მითითებულ ე. გ-ეზე მიწერილ საბოსტნე მიწის ნაკვეთად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე. გ-ეს არ გააჩნდა ამ მიწის ნაკვეთის მასზე გადაცემის დროს შედგენილი მიწის ნაკვეთის მიზომვის ან მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა მიწის ნაკვეთის კონკრეტული მდებარეობა. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ გააჩნდა, საბოსტნე ნაკვეთის მისთვის გამოყოფისა და გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი აქტი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ აღნიშნული მიწის ნაკვეთების მათთვის გადაცემის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტი, შესაბამისად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 13 ივლისის №0122/2502 მიმართვის დროისთვის და მანამდე, მოსარჩელეები სადავო მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებს არ წარმოადგენდნენ.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ა/რ-ის და აჭარის ა/რ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ოგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, უფლებამოსილი იყო მოეხდინა აჭარის ა/რ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს საკუთრებად და ამასთან, დაკავშირებით გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 13 ივლისის №22/2502 მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან ერთვოდა აზომვითი ნახაზი, სახელმწიფო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაბა ჩაქვში, სასტუმრო „...“ მიმდებარე 42 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა კანონიერი მფლობელობის გამო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან დაბა ჩაქვში, სასტუმრო „...“ მიმდებარე ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნის არაუფლებამოსილების შესახებ და განმარტა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილი იყო 2007 წლის 13 ივლისის №22/2502 მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან ერთვოდა აზომვითი ნახაზი, მოეთხოვა სახელმწიფო საკუთრების უფლების დარეგისტრირება დაბა ჩაქვში, სასტუმრო „...“ მიმდებარე 42 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მართალია, მოსარჩელეები იმ დროისათვის საჯარო რეესტრში ირიცხებოდნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად, მაგრამ ე. გ-ის და დ. კ-ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთებზე დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც შესაბამისობაში არ იყო მოყვანილი ერთიან კოორდინატთა სისტემასთან.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ხორციელდებოდა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების ფორმები. ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს უძრავ ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე სამინისტროს თანხმობით გადასცემდა ხელისუფლების ორგანო, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, თუ უძრავი ქონება სარგებლობაში არ იყო გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში 2008 წლის 5 აგვისტოს №97 ოქმის და საკუთრების უფლების დამადასტურებელი №839-პ მოწმობის საფუძველზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „...“, რომლის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 8 ოქტომბერს.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც სადავო მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება გაუქმდა და შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრში, გაწყდა მოსარჩელეების სამართლებრივი კავშირი უძრავ ქონებასთან და ამის შესაბამისად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული პირობიანი აუქციონის შედეგად მოსარჩელეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის თაობაზე მოსარჩელე მხარის მტკიცება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი იყო.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №97 თავისი სამართლებრივი ბუნებითა და შინაარსით წარმოადგენდა გარიგებას, შესაბამისად, შპს „...“, როგორც მყიდველის საკუთრების უფლებას მოცემულ განსახილველ შემთხვევაში იცავდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების დათქმა, კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, აუქციონზე გატანილი ქონება, დაბა ჩაქვში „...“ მიმდებარე მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად, შპს „...“ მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა და მისი საკუთრების უფლება კანონით იყო დაცული.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაბა ჩაქვში, „...“ მიმდებარედ, 42 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 13 ივლისის №0122/2502 მიმართვისა და ამ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გამოცემისას, ასევე ამავე მიწის ნაკვეთზე აუქციონის ჩატარებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ-ემ და დ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. გ-ისა და დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ-ემ და დ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა და იგი აღიარებული იქნა დაბა ჩაქვში, ... №18-ის მიმდებარე 963 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საქმეში წარდგენილი აზომვითი ნახაზის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილებისა და აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 10 ოქტომბრის წინადადების საფუძველზე, 2007 წლის 12 ოქტომბერს ე. გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაბა ჩაქვში, ... №18-ის მიმდებარე 963 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, დაუზუსტებელი მონაცემებით. ამასთან, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. კ-ის განცხადება და იურიდიული ფაქტის დადგენის გზით დ. კ-ე აღიარებულ იქნა დაბა ჩაქვში, ... №18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.
კასატორების მითითებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 13 ივლისის №22/2502 მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან ერთვოდა აზომვითი ნახაზი, სახელმწიფო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაბა ჩაქვში, სასტუმრო „...“ მიმდებარე 42 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2008 წლის 5 აგვისტოს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №97 ოქმის და საკუთრების უფლების დამადასტურებელი №839-პ მოწმობის საფუძველზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „...“, რომლის საკუთრების უფლება 2008 წლის 8 ოქტომბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2009 წლის 24 თებერვალს შპს „...“ საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შემდეგ მიწის ნაკვეთის ფართობმა 42 026 კვ.მ შეადგინა. მონაცემების დაზუსტების შედეგად, გადაფარვაში მოხვდა ე. გ-ის საკუთრებაში არსებული 963 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დ. კ-ის საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
კასატორების განმარტებით, დაბა ჩაქვში, ... №18-ის მიმდებარე 963 კვ.მ მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ფლობდა ე. გ-ე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას შემოღობილი ჰქონდა კაპიტალური ღობით, სადაც გაშენებული იყო მრავალწლიანი ნარგავები, ციტრუსი, ვენახი. ჩადგმული იყო შენობა-ნაგებობა, საიდანაც ხის ფიცრულ სახლს იყენებდა საცხოვრებლად, ამჟამად კი პირუტყვის სადგომად და მოსავლის შესანახ საწყობად. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი წლების განმავლობაში მფლობელობაში ჰქონდა დ. კ-ეს, რომელსაც ე. გ-ის მსგავსად, გაშენებული ჰქონდა მრავალწლიანი ნარგავები, ციტრუსი, ვენახი და ა.შ.
კასატორების მითითებით, იმ დროს როდესაც აღიშნულ მიწის ნაკვეთებზე მოხდა გადაფარვა და შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთებზე უკვე რეგისტრირებული იყო დ. კ-ის და ე. გ-ის საკუთრების უფლება.
კასატორების მოსაზრებით, შპს „...“ და საჯარო რეესტრის უკანონო ქმედებით შეილახა დ. კ-ისა და ე. გ-ის საკუთრების უფლება.
კასატორების განმარტებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება მოხდა მხოლოდ შპს „...“ მიერ მონაცემების დაზუსტების შემდეგ და არა 42 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, კერძოდ, არ იმსჯელა კონკრეტულად რა საზღვრებში (რა კონფიგურაციით) ფლობდა სახელმწიფო 42 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, სად გადიოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საწყისი წერტილიდან საზღვარი, ესაზღვრებოდა თუ არა სასტუმრო „...“ სასაზღვრო მიჯნა სადავო მიწის ნაკვეთებს, რა კონფიგურაციის მიწის ნაკვეთი გასხვისდა აუქციონზე, დ. კ-ეს და ე. გ-ეს სადავო მიწის ნაკვეთებზე მფლობელობის უფლება გააჩნდათ თუ არა და აღნიშნული მფლობელობა წარმოადგენდა თუ არა მართლზომიერ მფლობელობას; შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია მფლობელობის მეორე ფორმაზე, კერძოდ, თვითნებურ მფლობელობაზე, რომელიც წარმოშობდა სადავო მიწის ნაკვეთზე დ. კ-ის და ე. გ-ის კანონიერ უფლებას ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და რაც დასტურდებოდა იმ გარემოებით, რომ მოსარჩელეები დასახელებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობდნენ წლების განმავლობაში, ჩადგმული ჰქონდათ ნაგებობები, რაც სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გამხდარა. მართალია, კასატორები დღესდღეობით არ წარმოადგენდნენ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება და ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის და 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებები ე. გ-ეზე და დ. კ-ეზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ), თუმცა აღნიშნული არ ამართლებდა და ლეგალიზებას არ უკეთებდა იმ ფაქტს, რომ 2011 წლის 29 ნოემბრამდე დ. კ-ე და ე. გ-ე რჩებოდნენ სადავო ქონების მესაკუთრეებად, რაც შეილახა გასაჩივრებული აქტების გამოცემითა და რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციით, აღნიშნული კი შეუსაბამობაში იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შპს „...“ დასავლეთ მხარეს თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 43 490 კვ.მეტრს, რის შესაბამისად ამ უკანასკნელს შეეძლო დაერეგისტრირებინა მხოლოდ აუქციონზე შეძენილი 42 000 კვ.მ სასაზღვრო კედლიდან ათვლით და არა სასაზღვრო კედლიდან 14 მეტრის დაშორებით გზის მხარეს და 9 მეტრის დაშორებით ზღვის მხარეს – მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის შეცვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ-ისა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი ე. გ-ის და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 14 თებერვალს 13:00 საათზე.
2013 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს 2013 წლის 21 მარტს კასატორებს – ე. გ-ეს, დ. კ-ეს და მოწინააღმდეგე მხარეს – შპს „...“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
,,ჩვენ მხარეები: კასატორები – ე. გ-ე და დ. კ-ე და მოპასუხეები – შპს „...“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შევთანხმდით შემდეგზე:
1. კასატორები – ე. გ-ე და დ. კ-ე უარს აცხადებენ სარჩელზე და ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე, კერძოდ: საჯარო რეესტრში შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ასევე მასთან დაკავშირებულ ყველა უფლებაზე, სანაცვლოდ – შპს „...“ იღებს ვალდებულებას – ე. გ-ეს გადაუხადოს 10 000 (ათი ათასი) ლარი, ხოლო დ. კ-ეს 7 000 (შვიდი ათასი) ლარი – 1 (ერთი) თვის ფარგლებში.
2. ე. გ-ე და დ. კ-ე იღებენ ვალდებულებას სადავო მიწის ნაკვეთები, მშენებლობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოანთავისუფლონ ნარგავებისაგან (პალმების, ლიმონის და ა.შ), რაც არის კასატორების საკუთრება – არაუგვიანეს 2013 წლის 30 სექტემბრისა.
3. ასევე კასატორები უარს აცხადებენ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნაზე, ზიანის ანაზღაურების ჩათვლით, მათ შორის აუქციონის ბათილად ცნობაზე, შპს „...“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტის I პუნქტში მითითებული თანხის კასატორებზე გადახდის სანაცვლოდ. კასატორები (მოსარჩელეები) ასევე არ ითხოვენ სასამართლო ხარჯებს.
4. გთხოვთ, დაგვიმტკიცოთ მორიგების აქტი, შეწყვიტოთ საქმის წარმოება და გააუქმოთ აღნიშნულ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შპს „...“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ე. გ-ეს, დ. კ-ეს და მოწინააღმდეგე მხარეს – შპს „...“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მორიგება და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ე. გ-ეს, დ. კ-ეს და შპს „...“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის 2013 წლის 21 მარტს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია, ერთის მხრივ, მოსარჩელის (კასატორის) _ ე. გ-ის, მისი წარმომადგენლის – ე. ბ-ის, მოსარჩელის (კასატორის) – დ. კ-ის წარმომადგენლის – დ. ვ-ის და მეორეს მხრივ, შპს „...“ დირექტორის – რ. თ-ის, შპს „...“ წარმომადგენლის – მ. ა-ის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის – მ. მ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის – ვ. ჯ-ას მიერ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ე. გ-ეს, დ. კ-ეს და შპს „...“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მორიგების აქტი და უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს ე. გ-ეს, დ. კ-ეს და შპს „...“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის 2013 წლის 21 მარტს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
,,ჩვენ მხარეები: კასატორები – ე. გ-ე და დ. კ-ე და მოპასუხეები – შპს „...“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შევთანხმდით შემდეგზე:
1. კასატორები – ე. გ-ე და დ. კ-ე უარს აცხადებენ სარჩელზე და ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე, კერძოდ: საჯარო რეესტრში შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ასევე მასთან დაკავშირებულ ყველა უფლებაზე, სანაცვლოდ – შპს „...“ იღებს ვალდებულებას – ე. გ-ეს გადაუხადოს 10 000 (ათი ათასი) ლარი, ხოლო დ. კ-ეს 7 000 (შვიდი ათასი) ლარი – 1 (ერთი) თვის ფარგლებში.
2. ე. გ-ე და დ. კ-ე იღებენ ვალდებულებას სადავო მიწის ნაკვეთები, მშენებლობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოანთავისუფლონ ნარგავებისაგან (პალმების, ლიმონის და ა.შ), რაც არის კასატორების საკუთრება – არაუგვიანეს 2013 წლის 30 სექტემბრისა.
3. ასევე კასატორები უარს აცხადებენ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნაზე, ზიანის ანაზღაურების ჩათვლით, მათ შორის აუქციონის ბათილად ცნობაზე, შპს „...“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტის I პუნქტში მითითებული თანხის კასატორებზე გადახდის სანაცვლოდ. კასატორები (მოსარჩელეები) ასევე არ ითხოვენ სასამართლო ხარჯებს.
4. გთხოვთ, დაგვიმტკიცოთ მორიგების აქტი, შეწყვიტოთ საქმის წარმოება და გააუქმოთ აღნიშნულ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შპს „...“ მიწის ნაკვეთზე“.
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. გაუქმდეს აღნიშნულ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხნას შპს „...“ მიწის ნაკვეთს;
4. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
5. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
6. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე