№ბს-727-711(კ-12) 7 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 28 აპრილს ნ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ნ. ფ-ი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს №11005930-004/002 გადაწყვეტილებაზე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ. ო-ძის მოქმედებებზე, რომლითაც მას მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე და მოითხოვა უკანონოდ მიჩნეულიყო იძულებითი აღსრულება №129748 სააღსრულებო საქმეზე, ასევე შეჩერებულიყო სააღსრულებო მოქმედებები შემდეგ გარემოებათა გამო: მას ნ. ფ-ის მიმართ სადავო თანხის გადახდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაეკისრა. გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლით მას გადასახდელად განესაზღვრა არაგონივრული თანხა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად დაუშვებელია პირს დაეკისროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული საკითხი და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქმე იმყოფებოდა ნ. ჩ-ას წარმოებაში. მოსარჩელის მითითებით, სანამ სასამართლო წესით არ განისაზღვრება ის თანხა, რომელიც მან უნდა გადაუხადოს კრედიტორს, იძულებითი აღსრულების განხორციელება დაუშვებელია. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის დანიშვნა დაარღვევს მის კანონიერ უფლებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ მიჩნეულიყო აღმასრულებელ ნ. ჩ-ას მოქმედებები იძულებითი აღსრულების წარმოებაზე საბოლოოდ გადასახდელი თანხის განსაზღვრამდე, ასევე, სააღსრულებო მოქმედებათა აკრძალვა, კერძოდ, იძულებითი აუქციონის ჩატარება №129748 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2011 წლის 28 აპრილს ნ. ლ-მა სასარჩელო უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და დავის გადაწყვეტამდე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის აუქციონის ჩატარების აკრძალვა მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა. 2011 წლის 28 იანვრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეჩერდა ქ. რუსთავში, ... გამზ. №...-ში ნ. ლ-ის სახელზე რიცხულ ბინაზე, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული სააღსრულებო წარმოება №3-171-11 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2011 წლის 30 მაისს ნ. ლ-მა სასარჩელო უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის აუქციონზე შეძენილ მის ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის აკრძალვა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა სასამართლოს განჩინება სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ. აღნიშნული განჩინება არ გაითვალისწინა აღმასრულებელმა, რითაც დაარღვია კონსტიტუცია და მოახდინა სასამართლო ინსტიტუტის იგნორირება.
მოსარჩელემ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დააზუსტა სარჩელი და შეცვალა დავის საგანი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ №129748 სააღსრულებო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2011 წლის 13 მაისის განჩინებით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა სააღსრულებო წარმოების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ 16 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიაში დაფიქსირდა ეს განჩინება, აღმასრულებელმა ნ. ჩ-ამ არ შეაჩერა სააღსრულებო წარმოება და მაინც ჩაატარა აუქციონი, რის შედეგადაც გაიყიდა მოსარჩელის სახელზე რიცხული ბინა, მდებარე ქ. რუსთავში, ... გამზ. №...-ში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი და აუქციონის ბათილად ცნობა მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ არ დაკმაყოფილდა. უარის თქმის საფუძვლედ მიეთითა ის გარემოება, რომ 2011 წლის 13 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და შეჩერდა 2011 წლის 28 იანვრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ქ. რუსთავში, ... გამზ. №...-ში ნ. ლ-ის სახელზე რიცხულ ბინაზე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული სააღსრულებო წარმოება. სასამართლომ განმარტა, რომ 2011 წლის 13 მაისის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება - აღსრულების შეჩერება, გულისხმობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებების შეჩერებას, რაც დაკავშირებულია სააღსრულებო საქმის წარმოებასთან, მათ შორის მოიაზრება განკარგულების გამოცემა.
2011 წლის 8 ივნისს ნ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოპასუხისათვის ბინის ღირებულების ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, რაც 39 000 ლარს შეადგენდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ №129748 სააღსრულებო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2011 წლისნ 13 მაისის განჩინებით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა სააღსრულებო წარმოების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ 16 მაისს მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიაში დააფიქსირა სასამართლოს ეს განჩინება, აღმასრულებელმა ნ. ჩ-ამ არ შეაჩერა სააღსრულებო წარმოება და აუქციონი მაინც ჩატარდა, რის შედეგადაც გაიყიდა მისი ბინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით საქმე №3-171-2011 ნ. ლ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქმე №3-218-2011 ნ. ლ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2011 წლის 4 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ლ-მა, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოსარჩელემ მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის მის სასარგებლოდ 39000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 28 იანვარს ნოტარიუსის თ. ე-ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ ნ. ფ-ის სასარგებლოდ. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ მოვალე ნ. ლ-ს კრედიტორის ნ. ფ-ის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ კი შეადგინა 2600 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი ნ. ფ-მა წარადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში და მოთხოვნის აღსრულება მოითხოვა, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება, №129748 სააღსრულებო საქმეზე. 2011 წლის 28 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღწერილ იქნა და ყადაღა დაედო ნ. ლ-ის საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. რუსთავში, ... გამზირი №.... აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნით ნ. ლ-ის საცხოვრებელი ბინა შეფასდა 39 000 ლარად.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2011 წლის 28 მარტს მოსარჩელე ნ. ლ-ს წერილით ეცნობა სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყების შესახებ და მიეცა წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 6 აპრილის განკარგულებით, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, იძულებითი აუქციონის წესით გაყიდვაში მიექცა ნ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 28 აპრილს ნ. ლ-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოპასუხე - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის ნ. ფ-ის მიმართ. ამავე სარჩელს თან ერთვოდა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და შეჩერდა 2011 წლის 28 იანვრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ქ. რუსთავში, ... გამზ. №...-ში ნ. ლ-ის სახელზე რიცხულ ბინაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2011 წლის 16 მაისს მოსარჩელე ნ. ლ-მა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში წარადგინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინება. 2011 წლის 25 მაისს განმეორებითი აუქციონის საფუძველზე ნ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი გახდა ე. ჯ-ი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოება დაიწყო ნ. ფ-ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ ნ. ლ-მა 2011 წლის 16 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიაში შეიტანა 2011 წლის 13 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა მოხდა სრული უკანონობა; კერძო აღმასრულებელმა ნ. ჩ-ამ არაფრად ჩააგდო სასამართლო აქტი და მაინც ჩაატარა აუქციონი, რის შედეგადაც გაიყიდა მისი ბინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის დანიშვნა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს: ა) კრედიტორის განცხადებით; ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ ქონება არ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით; გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება; დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; ვ) თუ ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებს წინასწარი საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შედეგად, ან არ შეიტანს წინასწარი საფასურის თანხას, თუკი სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოებისას არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც კანონმდებლობა უშვებს იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ აუქციონის შეჩერების შესაძლებლობას, კერძოდ, ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ (2011 წლის 6 აპრილს) ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება, არ წარმოადგენდა იძულებითი აუქციონის შეჩერების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. რუსთავში, ... გამზ. №...) იძულებითი აუქციონის საფუძველზე ქონების რეალიზაციამ გამოიწვია ზიანის დადგომა, კერძოდ, ზიანი ბინის ღირებულების ოდენობით, რაც 39 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან ვერ გამოვლინდა ადმინისტრაციული ორგანოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან ბრალეული ქმედებები, რომლებიც გამოიწვევდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იაერსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინება აუქციონის შეჩერების შესახებ ქმნიდა სამართლებრივ წინამძღვრებს იმისთვის, რომ სააღსრულებო ბიუროს შეეჩერებინა საჯაროდ გამოცხადებული აუქციონი, ვინაიდან, სააღსრულებო წარმოებათა კანონის მე-5 მუხლის თანახმად აღმასრულებელმა ამ კანონის გარდა უნდა იხელმძღვანელოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციებისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქეებისათვის და ისინი უნდა აღსრულდეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ აუქციონის შეჩერების შესახებ სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაცემული არ იყო და შესაბამისად, ის სააღსრულებო ბიუროში აღსრულების შეჩერების მიზნით წარდგენილი ვერ იქნებოდა. სააღსრულებო საქმის მასალებით და ადმინისტრაციული საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიუროში აღსრულების შეჩერების მოთხოვნით წარდგენილ იქნა მხოლოდ 13 მაისის განჩინება; აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე არ იყო სააღსრულებო ბიუროს კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოხატული აუქციონის გაგრძელებაში, ვინაიდან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გერეშე. ამდენად, სააღსრულებო ბიურო არ იყო უფლებამოსილი სააღსრულებო ფურცლის გერეშე განეხორციელებინა 13 მაისის განჩინების აღსრულებისთვის საჭირო მოქმედებები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მის მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იყო სააღსრულებო ფურცელი, ვინაიდან, ადმინისტრაციული საქმის მასალებით არ დგინდება სასამართლოს მიერ 13 მაისის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტი; ასევე სააღსრულებო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ფაქტის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის მიღების ბარათი, რომელზეც აპელირებს აპელანტი, ვინაიდან, ამავე ბარათში დაფიქსირებული ფურცლების რაოდენობა: ძირითადი 1 ფურცელი (წერილი) და მისი დანართი 3 ფურცელი ადასტურებს წერილზე 13 მაისის განჩინების და არა სააღსრულებო ფურცლის წარდგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ შესაჩერებელი იყო აღსრულება, მაგრამ საქმეში არსებული მასალები არასწორად შეაფასა და საქმის ირგვლივ არასწორად იმსჯელა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული პროცესით დადგენილი მტკიცების ტვირთი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს აწევს. კასატორმა განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის ფაქტი და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის მიღების ბარათი) სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს.
გარდა აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის მიღების ბარათში მითითებული ფურცლების რაოდენობიდან გამომდინარე, არ დგინდება სააღსრულებო ფურცლის წარდგენის ფაქტი უსაფუძვლოა. კასატორის განმარტებით, ალბათობის მსჯელობაზე დაყრდნობით გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება ყოვლად შეუძლებელია; გაუგებარია რატომ მაინცდამაინც სააღსრულებო ფურცელი არ იქნებოდა წარდგენილი; ხომ შესაძლებელია, რომ სააღსრულებო ფურცელი და განჩინება ყოფილიყო ერთად სამი ფურცელი.
კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საქმის მასალები იმყოფებოდა მოპასუხესთან, მას კი ჰქონდა შესაძლებლობა საქმის მასალები თავის სასარგებლოდ წარედგინა, რისი კონტროლის მექანიზმიც არ არსებობს; ამოტომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება უნდა შეფასდეს ობიექტურად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე, რომ ვერ დაასაბუთეს ნ. ლ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 28 იანვარს ნოტარიუს თ. ე-ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ ნ. ფ-ის სასარგებლოდ, რომლითაც დასტურდება, რომ მოვალე ნ. ლ-ს კრედიტორი ნ. ფ-ის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მოცულობამაც შეადგინა 2600 აშშ დოლარი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი 2011 წლის 28 იანვარს კრედიტორმა წარადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში და მოთხოვნის აღსრულება მოითხოვა. 2011 წლის 28 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილ იქნა და ყადაღა დაედო ნ. ლ-ის საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. რუსთავში, ... გამზ. №.... 2011 წლის 1 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ ნ. ლ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა 39000 ლარად შეფასდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 6 აპრილის განკარგულებით, აღსრულების უზრნველყოფის მიზნით დაინიშნა იძულებითი აუქციონი და იძულებითი აუქციონის წესით გაყიდვაში მიექცა მოვალე ნ. ლ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. მოსარჩელე ნ. ლ-ის მიერ 2011 წლის 28 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს თან ერთვოდა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 2011 წლის 13 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და შეჩერდა 2011 წლის 28 იანვრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ნ. ლ-ის სახელზე რიცხულ ბინაზე, მდებარე ქ. რუსთავში, ... გამზ. №... დაწყებული სააღსრულებო წარმოება №3-171-11 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ნ. ლ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში 2011 წლის 16 მაისს წარადგინა. 2011 წლის 25 მაისის განმეორებით იძულებით აუქციონზე აღნიშნული ქონების შემძენი გახდა ე. ჯ-ი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი ადმინისტრაციული საქმის მასალებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნიეს, რომ სააღსრულებო ბიუროში აღსრულების შეჩერების მოთხოვნით ნ. ლ-ის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ 2011 წლის 13 მაისის განჩინება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აუქციონის შეჩერების შესახებ 2011 წლის 13 მაისის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაცემული არ არის და შესაბამისად ის სააღსრულებო ბიუროში აღსრულების შეჩერების მიზნით წარდგენილი ვერც იქნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ 2011 წლის 13 მაისის სააღსრულებო ფურცლის ასლზე, რომელიც ადასტურებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებაზე აუქციონის შეჩერების შესახებ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტს (ტ.1; ს.ფ. 50). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ არგუმენტს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შესახებ და მითითებას იმის შესახებ, რომ ამგვარი ფაქტის მტკიცებად ვერ იქნება მიჩნეული აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის მიღების ბარათი (ტ. 1; ს.ფ. 104), ვინაიდან, ამავე ბარათში დაფიქსირებული ფურცლების რაოდენობა: ძირითადი 1 (წერილი) ფურცელი და მისი დანართი 3 ფურცელი ადასტურებს წერილზე 2011 წლის 13 მაისის განჩინების და არა სააღსრულებო ფურცლის დართვას. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის მიღების ბარათზე, სადაც მართალია ფურცლების რაოდენობა დაფიქსირებულია ძირითადში 1, დანართში 3, მაგრამ საყურადღებოა, რომ წარდგენილი დოკუმენტის შინაარსად მითითებულია - სააღსრულებო ფურცელი 33-171-11 საქმის წარმოების შეჩერების შესახებ (სააღსრულებო ბიუროში დაწყებულია აღსრულება) (ტ. 1; ს.ფ. 104). საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდს და ყოველგვარი ვარაუდი არ უნდა განიმარტოს მხარის საზიანოდ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე უთხრეს უარი ნ. ლ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომ სრულყოფილად არ შეუფასებიათ საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რომელთა შეფასებაც უნდა მოხდეს ურთიერთშეჯერების, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე. სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. სასამართლომ მხოლოდ მოპასუხე მხარის მითითებებზე დაყრდნობით უარყო სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გერემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს უნდა მისცეს სრულყოფილი შეფასება და მხოლოდ საქმის გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას შეფასება უნდა მისცეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის მიღების ბარათს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებშიც კი, გაზიარებული რომ ყოფილიყო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებები, აღსანიშნავია, რომ მათ საერთოდ არ უმსჯელიათ ადმინისტრაციული ორგანოს - სააღსრულებო ბიუროს შესაძლებლობაზე, თავად მოეთხოვა ნ. ლ-ისათვის სააღსრულებო ფურცლის წარდგენა, მაშინ, როდესაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ნ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად აპელირებას მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ (2011 წლის 6 აპრილი) მოსარჩელე ნ. ლ-ის მიერ წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინება არ წარმოადგენს იძულებითი აუქციონის შეჩერების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინება აუქციონის შეჩერების შესახებ ქმნის სამართლებრივ წანამძღვრებს იმისათვის, რომ სააღსრულებო ბიურომ შეაჩეროს საჯაროდ გამოცხადებული აუქციონი, ვინაიდან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, აღმასრულებელმა ამ კანონის გარდა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქეებისათვის და ისინი უნდა აღსრულდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისგან განთავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს: ა) კრედიტორის განცხადებით; ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ ქონება იქ არ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით; გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება; დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; ვ) თუ ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებს წინასწარი საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შედეგად, ან არ შეიტანს წინასწარი საფასურის თანხას, თუკი სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილია სპეციალური პროცედურა, სააღსრულებო წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სააღსრულებო მოქმედებები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით კონკრეტულადაა განსაზღვრული ის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოხცადების დღიდან აუქციონის შეწტვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღიდან განთავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის დებულება არ გამორიცხავს იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტას, შეჩერებას, გადადებას სხვა საფუძვლით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს წარმოადგენდა თუ არა სწორედ ასეთ საფუძველს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვქონდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც შეჩერდა 2011 წლის 28 იანვრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №3-171-11 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების სხვაგვარი ინტერპრეტაციის შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ინსტიტუტი აზრს კარგავს. სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლებების თავიდან აცილება, მოპასუხის მიერ თავისი ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გააჩნია სავალდებულო ძალა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად, ნებისმიერი პირისათვის. საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განკარგულებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებებისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო აქტების აღსრულების კომპეტენცია არ არის სასამართლო სისტემის იურისდიქცია, იგი განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, ხოლო, თავის მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი - მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, მაშინ, როცა ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ თავის მხრივ საქმის ხელახლა განხილვისას საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე