საქმე №ბს-785-769(კ-12) 5 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – შპს ,,…” დირექტორი - თ.შ-ე; წარმომადგენელი - ც. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახური; წარმომადგენელი - ა. ჯ-ე
დავის საგანი –ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: შპს ,,...”; დირექტორი - თ.შ-ე
მოპასუხეები: საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტო;
წარმომადგენლები: – მ. ყ-ე; ა. კ-ე
სარჩელის სახე: – საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
სარჩელის საგანი:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს 2011 წლის 11 მაისის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ¹№401432 დადგენილების ბათილად ცნობა;
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს 2011 წლის 4 აპრილის №040935 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა;
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: 2011 წლის 14 აპრილს გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს სწრაფი რეაგირების განყოფილების სპეციალისტს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №040935 შპს ,,...“ მიმართ, რადგან ავტოსამრეცხაოს შემოწმებისას ავტომანქანების რეცხვის შედეგად წარმოქმნილი ქვიშისა და მიწის ნარჩენი ავტოსამრეცხაოს უკანა მხარეს იყო დაყრილი, რომლის მოცულობამ შეადგინა 1,5 კბ.მ.
2011 წლის 11 მაისს გარემოს დაცვის ქვემო ქართლის ბიუროს №401432 დადგენილებით შპს ,,...“ დაჯარიმდა 3000 ლარით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები მიღებულია კანონის დარღვევით, რადგან გარემოს დაცვის სამსახურს ოქმის შედგენისას არ განუმარტავს მისი უფლებები, არ დაუკითხავთ მოწმეები და კოორდინატებიც გაურკვეველი საფუძვლით აქვთ დადგენილი.
სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 3-4).
მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს წერილობითი შესაგებლი:
ფაქტობრივი: 2011 წლის 14 აპრილს ვიზუალური დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ავტოსამრეცხაოს საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს შპს ,,...“ ავტოსამრეცხაოს უკანა მხარეს ყრიდა, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №3040935.
2011 წლის 26 აპრილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობისას, გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს თანამშრომლებმა დაბინძურებულ ტერიტორიაზე, სატელიტური სანავიგაციო სისტემის საშუალებით დაბინძურებული ტერიტორიის მფლობელის გარკვევის მიზნით აიღეს კოორდინატები, მისი საჯარო რეესტრში გადაგზავნის შემდეგ, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 მაისის №69690 წერილით დადგინდა, რომ დაბინძურებული ტერიტორია არ მოხვდა შპს ,,...“ კუთვნილ ტერიტორიაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ შპს ,,...“ სწორად დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 26-32.
საქმის გარემოებები:
შპს ,,...“ ქ. რუსთავში, ... ქუჩის დასაწყისში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, აქვს ავტოსამრეცხაო.
2010 წლის 12 ოქტომბერს გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს სწრაფი რეაგირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი №034006, მასზედ, რომ შპს ,,...“ ავტოსამრეცხაოს ირგვლივ ტერიტორია დაბინძურებული იყო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
2010 წლის 1 ნოემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შპს ,,...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად, იგი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.
სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ 2011 წლის 14 აპრილს შპს ,,...“ ვიზუალური დათვალიერებით კვლავ გამოვლინდა, შპს ,,...“ მიერ ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების ფაქტი, ავტომანქანების სარეცხი საშუალებების რეცხვის შედეგად წარმოქმნილი ქვიშისა და მიწის ნარჩენებით, რაც შეადგენდა 1,5მ -ს. აღნიშნულზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №3040935 და 2011 წლის 11 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს №401432 დადგენილებით, შპს ,,...“ დაჯარიმდა 3000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
რაიონული/საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი (საჩივარი) არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
შპს ,,...“ ქირავნობის საფუძველზე დაკავებული აქვს რუსთავში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, სადაც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მოწყობილი აქვს ავტომანქანის სამრეცხაო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით შპს ,,...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1461-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, თუმცა გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით.
2011 წლის 4 აპრილს შპს ,,...“ მიმართ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს თანამშრომლის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №040935 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის. კერძოდ, შპს ,,...“ გამოვლენილ იქნა რუსთავში, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ავტომანქანის რეცხვის შედეგად წარმოქმნილი ქვიშისა და მიწის ნარჩენით დაბინძურებაში, რაც შეადგენდა 1,5მ3-ს.
2011 წლის 11 მაისს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს №401432 დადგენილების თანახმად, შპს ,,...“ ჯარიმის სახით დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა შპს ,,...“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
სასამართლოს შეფასება სადავო ფაქტებთან მიმართებაში:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,...“ მიერ დაბინძურებულ იქნა ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორია, (კოორდინატები X... და Y...), რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არ წარმოადგენს კერძო საკუთრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, შპს ,,...“ ჩაიდინა სამართალდარღვევა გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1641-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ის ბრალეულია მის ჩადენაში და ექვემდებარება პასუხიმგებლობას და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს №401432 დადგენილების გამოცემისას გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,...“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, მე-601, 96-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, 1641-ე, 264-ე მუხლებით
აპელანტი: შპს ,,...“ დირექტორი - თ.შ-ე
წარმომადგენელი: ც. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტო;
წარმომადგენელი: ა. კ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, არასწორადაა დადგენილი დაბინძურებული ტერიტორიის კოორდინატები, ვინაიდან, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურა, რომ ჯიპიესის ხელსაწყოს საშუალებით კოორდინატების გაზომვისას ადგილი აქვს ცდომილებას 3-8 მეტრის ფარგლებში. ამასთან, აპელანტის მითითებით, ტერიტორიაზე ავტომანქანის რეცხვისას ქვიშის ან მიწის დაყრას ადგილი არ ჰქონია.
სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებული არ აქვს.
მოწინააღმდეგის შეპასუხება:
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არ გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელაციის მოტივები, პაალტამ მიიჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქვემო ქართლის ბიუროს სწრაფი რეაგირების განყოფილების მიერ 2011 წლის 14 აპრილს შპს ,,...“ გამოვლენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის განმეორებით ჩადენაში.
აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ იქნა დაბინძურებული ტერიტორიის კოორდინატები, რაზედაც 2011 წლის 26 აპრილს შედგა შესაბამისი აქტი, აქტს ხელი მოაწერა თავად შპს ,,...“ დირექტორმა თ. შ-ემ, რომელსაც საწინააღმდეგო შენიშვნები აზომვის დროს არ დაუფიქსირებია. აქტის შინაარსიდან გამომდინარე, დანაგვიანებული მიწის ნაკვეთი არ მოხვდა უძრავი ქონების მესაკუთრის, ზ. შ-ის კუთვნილ ტერიტორიაზე, რაც დასტურდება ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით, რომლის მიხედვით გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ აღებულ კოორდინატებზე X ... დაYY ... არსებული ტერიტორია არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სამართლებრივი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
კასატორი: შპს ,,...“, დირექტორი - თ.შ-ე
წარმომადგენელი: ც. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტო;
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგავარი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი, არ დაუკითხავთ მოწმეები, არც ოქმის შედგენისას განუმარტავთ შპს ,,...“ დირექტორისათვის არანაირი უფლებები, ამასთან, სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შპს ,,...“ დირექტორმა უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე, კასატორის განმარტებით, კი ოქმი შედგენილი არ ყოფილა სამართალდარღვეის ადგილზე. ასევე გაურკვეველია რის საფუძველზე დაადგინეს კოორდინატები X=...=... . კასატორის მითითებით, არასწორად იქნა აღებული დაბინძირებული ტერიტორიის ზემოაღნიშნული კოორდინატები ჯი-პი-ესის ხელსაწყოთი, ვინაიდან, აღნიშნული ხელსაწყო იძლევა დიდ ცდომილებას და ამას თავად მოპასუხეც ადასტურებს. შპს ,,...“ მიერ არ დანაგვიანებულა 634,5 კვ.მ ტერიტორია.
ამასთან, კასატორის განმარტებით, შპს მდებარეობს ... ქუჩაზე, სადაც 2010 წლიდან მიმდინარეობდა ქუჩის რეკონსტრუქცია და სამუშაოს შესრულების დროს ასფალტის ძველი საფარი იყრებოდა ხევის პირას ხრამში.
მოწინააღმდეგე მხარემ - ბუნებრივი რესურსების სააგენტომ წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა შპს ,,...“ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 187-188; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად როგორც პროცესუალური კასაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს 2011 წლის 11 მაისის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №401432 დადგენილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს 2011 წლის 4 აპრილის №040935 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და დავა არსებითად გადაწყვიტა მაშინ, როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე ოფიციალობის პრინციპის გამოყენებით სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ობიექტური სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის უფლებამონაცვლე) ისე გამოსცა 2011 წლის 11 მაისის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №401432 დადგენილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს 2011 წლის 4 აპრილის №040935 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა ოქმის საფუძველზე, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია აღნიშნული ოქმი შედგენილი იყო თუ არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის მიხედვით დავის გადაუწყვეტლად, აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
საქმის მასალების შესაბამისად, შპს ,,...“ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული აქვს რუსთავში, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, სადაც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, აქვს ავტომანქანების სამრეცხაო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით შპს ,,...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მიეცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა (იხ. ს.ფ. 8).
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2011 წლის 11 მაისის №401432 დადგენილებით სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს 2011 წლის 4 აპრილის №040935 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა ოქმის საფუძველზე, შპს ,,...“ დაჯარიმდა 3000 ლარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევთა კოდექსის 1461.3 მუხლის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 5, 6-7).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 1461-ე მუხლით გათვალისწინებულია სანქცია ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დასუფთავების წესების დარღვევისათვის, კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, განმარტავს: იმისათვის, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქმედება ზემოაღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედების როგორც დასჯადის, შემადგენლობა, კერძოდ: ზუსტად უნდა იყოს დადასტურებული სამართალდამრღვევი ჩამდენი პირის ვინაობა, დაბინძურებული ტერიტორიის ფარგლები, კერძოდ, შედის თუ არა იგი ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტომ 2011 წლის 4 აპრილის №040935 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ისე გამოსცა 2011 წლის 11 მაისის¹№401432 დადგენილება შპს ,,...“ დაჯარიმების თაობაზე, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია ჰქონდა თუ არა ნამდვილად შპს ,,...“ მიერ მისი მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების ფაქტს ადგილი. სწორედ იქნა თუ არა დადგენილი დაბინძურებული ტერიტორიის კოორდინატები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს მონაცემები დგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით... და სხვა დოკუმენტებით. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება _ კერძო ინტერესის _ ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი _ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკური მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს. სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს, რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არსებითად განსხვავდება სხვა მმართველობით სფეროებში მიღებული გადაწყვეტილებისაგან. უპირველესად, მისი მომზადებისა და გამოცემის პროცედურის თვალსაზრისით.
ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაცია დამოკიდებულია მომხდარი ფაქტის, სამართლის ნორმაში სწორედ ასეთად მიჩნეული ფაქტის, გარემოების სრულად და ზუსტად აღწერილთან თანადამთხვევაზე და შესაბამისობაზე, ანუ ქმედება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნების შემადგენლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სსპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის უფლებამონაცვლე) მიერ დადგენილება გამოიცა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სარწმუნოდ გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია სწორად მოხდა თუ არა ჯი-პი-ესის ხელსაწყოს საშუალებით დაბინძურებული ტერიტორიის კოორდინატების დადგენა, კოორდინატები აღებულ იქნა თუ არა შპს ,,...“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, თუ იგი აღებულ იქნა შპს-დან მოშორებით სხვა ტერიტორიაზე, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს სარწმუნოდ არ გამოუკვლევია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა თუ არა შპს ,,...“ მიერ და მის მიერ მოხდა თუ არა ტერიტორიის დაბინძურება, მით უფრო მაშინ, როცა 2010 წლის მარტის ბოლოდან მიმდინარეობდა ... ქუჩის რეკონსტრუქცია, კერძოდ, გამოიცვალა წყლის მილები და გზის საფარი ანუ აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ტერიტორიის დაბინძურება შესაძლოა მომხდარიყო ამ სამუშაოების ჩატარების დროსაც, მით უფრო იმ პირობებში, როცა დასადგენია, რამდენად შესაძლებელია ავქტომანქანის რეცხვის დროს წარმოქმნილი ნარჩენები შეადგენდეს 1,5 მ3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და გამოიკვლიოს შპს ,,...“ ნამდვილად არის თუ არა სადავო შემთხვევაში სამართალდამრღვევი იურიდიული პირი, ასევე უნდა იმსჯელოს სწორად მოხდა თუ არა დაბინძურებულ ტერიტორიაზე კოორდინატების აღება, უნდა გამოარკვიოს ჯი-პი-ესის ხელსაწყოს მეშვეობით აღებული კოორდინატები ანუ ის კოორდინატები, რა კოორდინატებშიც დაჯარიმდა შპს ,,...“ აღებულ იქნა თუ არა იმ ტერიტორიაზე, იმ მისამართზე სადაც მდებარეობს შპს ,,...“ და რაც მითითებულია სამართალდარღვევის ოქმში.
აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 240-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმისთვის დადგენილი რეკვიზიტებიდან და თავად სამართალდარღვევის ოქმის, როგორც იურიდიული დოკუმენტის მნიშვნელობიდან, გამომდინარეობს, რომ მისი შედგენა აუცილებელია სწორედ სამართალდარღვევის ადგილზე. სამართალდარღვევის ოქმით ფიქსირდება სამართალდარღვევის ფაქტი, გარემოებები, მონაწილე პირები და იმავდროულად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ და სარწმუნო მტკიცებულებას სამართალდარღვევის მოცემულ დროსა და ადგილას, მოცემულ ვითარებაში გამოვლენის და ამ ფაქტის მონაწილე პირების შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის არა სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე შედგენა წარმოადგენს პროცედურის არსებით დარღვევას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილების მიღებისას ასევე გამოკვლეული არ ყოფილა ის გარემოება, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის ადგილას, თუ ოქმი შედგა სხვა ადილას, როგროც ამას კასატორი აღნიშნავს, ორგანოს არ გამოუკველია ასევე სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დაირღვა თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 240.4 მუხლის დანაწესი, კერძოდ, სამართალდამრღვევს განემარტა თუ არა ამავე კოდექსის 252-ე მხულით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აგრეთვე აღინიშნება ოქმში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ქმედების სამართალდარღვევად არაკვალიფიციური მიჩნევა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც შპს ,,...“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა საკითხის ხელახალი განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უნდა დაეკისროს სამართალწარმოებისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის გადახდა შპს ,,...“ სასარგებლოდ, ხოლო სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს 2011 წლის 11 მაისის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №401432 დადგენილება;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სააგენტოს 2011 წლის 4 აპრილის №040935 ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა ოქმი;
დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში;
5. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დაეკისროს შპს ,,...“ მიერ სამართალწარმოებაზე გაწეული შპს ,,...“ სასარგებლოდ ხარჯების სახით გადახდილი (100+150+300) 550 ლარის გადახდა;
6. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/ბ. ალავიძე/