Facebook Twitter

საქმე ბს-809-793(კ-12) 6 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-მა 13.10.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიის 03.12.2010 წ. №16 ოქმის №2 გადაწყვეტილების, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.12.2010 წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, გადაფარვის ნაწილში ქობულეთის საკრებულოს გამგეობის №9 დადგენილების და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 31.12.2010 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ეზოს შემომსაზღვრელი კაპიტალური ღობის აღდგენის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის სტრუქტურულ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით აღადგინოს ა.ა-ის საუთრების უფლება ქ.ქობულეთში, ... ქ. №18-ში მდებარე 341 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.02.2012 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლ. ე-ე, ხოლო 14.05.2012 წ. განჩინებით - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.12წ. განჩინებით ა..ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.12წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.12წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, ი. გ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ა. ა-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 05.11.2012წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.12წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ი. გ-ეს (პ.ნ. ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად დაუბრუნდეს ა. ა-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 05.11.2012წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ლ. მურუსიძე