Facebook Twitter

#ბს-897-879(კ-12) 28 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ., გ., ჯ. და ჯ. ბ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 17 სექტემბერს ხ., ჯ., ჯ. და გ.ა ბ-ებმა სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ი., ჯ. და ბ. ბ-ების, თ. ლ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაკეთებული ჩანაწერების ბათილად ცნობა, რომლითაც ჯ., ი., ბ. ბ-ების სახელზე აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. … მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ასევე 2009 წლის 5 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ებმა, რომლებმაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ., გ., ჯ. და ჯ. ბ-ებმა, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით ხ., ჯ-, ჯ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინება.

2011 წლის 2 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ებმა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ი., ჯ., ბ. ბ-ებმა და თ. ლ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით ი., ჯ., ბ. ბ-ებისა და თ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ … მდებარე, 880 კვ.მ და 1221 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში არასათანადო მოპასუხეები: ი., ჯ., ბ. ბ-ები და თ. ლ-ე - შეიცვალნენ სათანადო მოპასუხით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ებმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს, კერძოდ, 880 კვ.მ და 1221 კვ.მ მიწის ნაკვეთების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 16 აპრილის განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა სადავო მიწის ნაკვეთის სახლთან ერთად თ. ლ-ის, ჯ., ბ. და ი. ბ-ების სახელზე აღრიცხვის თაობაზე; ასევე 2009 წლის 5 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ებმა, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 29 იანვარს გ. ბ-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ., ჯ., ჯ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება;

3. გ. ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 29 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე