Facebook Twitter

საქმე ბს-96-89(კს-13) 4 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს „…“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „…“ 2012 წლის 8 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 24 ივნისის №00083/ს დადგენილება და ქ.თბილისის მერიის 2012 წლის 19 ივლისის №2062 განკარგულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ.თბილისის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს „…“ დირექტორის ჯ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის მასალებიდან გამოარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს „...“ ბუღალტერს მ. ჩ-ას ჩაჰბარდა 2012 წლის 22 ნოემბერს. შპს „...“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანა გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან (2012 წლის 23 ნოემბრიდან) 14 დღის ვადაში, ანუ 6 დეკემბრის ჩათვლით. შპს „...“ დირექტორის მიერ საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2012 წლის 10 დეკემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული „კონვერტით“, ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 14 დღიანი ვადის დარღვევით და უნდა დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გზავნილი (გადაწყვეტილება) არასწორ მისამართზე იქნა გაგზავნილი და ჩაბარებული; კერძოდ, იგი უნდა გაგზავნილიყო ერთ-ერთ შემდეგ მისამართზე: ... ქ. №7 (შპს „...“ მისამართი) ან ქ. თბილისი, ... გამზ. კორპ 14, ბინა №1 (დირექტორი ჯ. ჩ-ას მისამართი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს ,,...“ კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად , სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს ,,...’’ ბუღალტერს მ. ჩ-ას ჩაჰბარდა 2012 წლის 22 ნოემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ჩაბარების შესახებ დასტურით (ს.ფ.138). შპს ,,...’’ ვალდებული იყო სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან (2012 წლის 23 ნოემბრიდან) 14 დღის ვადაში ანუ 6 დეკემბრის ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე – ხუთშაბათი. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,...’’ დირექტორის ჯ. ჩ-ას მიერ საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2012 წლის 10 დეკემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ,,კონვერტით’’ (ს.ფ. 152) ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გზავნილი საქალაქო სასამართლოს მიერ გაგზავნილია არასწორ მისამართზე და კერძო საჩივარში მითითებული აქვს ახალი მისამართები, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელში (ს.ფ. 1) და შემდეგში უკვე სააპელაციო საჩივარში (ს.ფ. 142) ძირითად მისამართად (ფატობრივი ადგილსამყოფელი) მითითებული აქვს მხოლოდ ერთი მისამართი: ქ. თბილისი ... №10. რაც შეეხება ალტერნატიულ მისამართს მხარეს მითითებული არ აქვს, შესაბამისად მას გზავნილი გაეგზავნა მხარის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურზე (ს.ფ. 138) გარკვევით არის აღნიშნული რომ მ. ჩ-ა არის შპს ,,...“ წარმომადგენელი, კერძოდ კი ბუღალტერი და ასევე დაფიქსირებულია მისი პირადი №... და ხელმოწერა. ამდენად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გზავნილის ჩაბარება აღნიშნულ პიროვნებაზე მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, რადგან ჩაბარების შესახებ დასტურზე ხელისმომწერ პირს თავად აქვს დადასტურებული და მითითებული მისი სტატუსი და თანამდებობა აღნიშნულ ორგანიზაციაში, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონიერია, როგორც მატერიალური ისევე ფორმალური თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 369-ე, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 63-ე, 70-ე , 71 -ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე