№ბ-1849-15(ა-12) 7 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ქ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინების (საქმე №ბს-751-735(კ-12)) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
2012 წლის 14 თებერვალს ნ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ძველი თბილისის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. კ-ი და ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ხ-ა.
თბილისის საქალაქო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ნ. ქ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი ნ. ქ-ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 29 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინების ასლი ნ. ქ-ს 2012 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2012 წლის 30 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2012 წლის 8 ნოემბერს (ხუთშაბათს) 24 საათზე იწურებოდა. ნ. ქ-მა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. ქ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
2012 წლის 13 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ნ. ქ-მა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეავსო (კერძოდ, 2012 წლის 7 ნოემბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით) თუმცა მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოახერხა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისი დედამთილი – ნ. ს-ე მძიმე დაავადების გამო მოთავსებული იყო ... სახელობის კლინიკაში, რომელსაც თავად უვლიდა, რის გამოც ვერ შეძლო საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა, რაც გახდა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
განმცხადებელმა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ ნ. ქ-ის განცხადება თავისი შინაარსით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას მიეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
სქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამარ|თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ქ-ის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი ნ. ქ-ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 29 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა მოიცავდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, არამედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენის ვადას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმცხადებელს განუმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. ქ-მა აღნიშნული თანხა გადაიხადა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად, თუმცა მან ვერ მოახერხა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი განჩინებით დადგენილ ვადაში წარმოედგინა სასამართლოში, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ, კერძოდ, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო ბაჟის ქვითრის სასამართლოში ვადაში წარმოუდგენლობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც გამორიცხავდა და შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსებას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარმოდგენას. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №7985 ცნობის მიხედვით, ნ. ს-ე შპს „...“ სტაციონარში მოთავსებული იყო 2012 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 12 ოქტომბრამდე. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ნ. ქ-ი მის დედამთილს უვლიდა კლინიკაში, რამაც ხელი შეუშალა ხარვეზის შევსებაში, არ დასტურდება წარმოდგენილი მასალებით, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადა განსაზღვრული იყო 2012 წლის 30 ოქტომბრიდან 2012 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, ამ დროისათვის ნ. ს-ის კლინიკაში მოთავსების ფაქტს არ ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებები. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურებით ნ. ს-ემ ისარგებლა 5,6,7,9 ნოემბერს და 1 დეკემბერს, ასევე გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ნ. ს-ე გარდაიცვალა 2012 წლის 2 დეკემბერს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს, რომ მას 2012 წლის 30 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე არ შეეძლო ხარვეზის შევსება, მით უფრო, რომ სახელმწიფო ბაჟი საბანკო დაწესებულებაში 2012 წლის 7 ნოემბერს მის მიერაა შეტანილი, შესაბამისად, მას იმ დღესვე შეეძლო ან საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ან უახლოეს საფოსტო განყოფილების მეშვეობით გამოეგზავნა იგი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება დაბრუნებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი ურთიერთობის რეგულირება უნდა განხორციელდეს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის მესამე პუნქტით.
2012 წლის 7 ნოემბერს ნ. ქ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, რაც უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 13 დეკემბერს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებასთან ერთად; აღნიშნული საკასაციო საჩივარი კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი; შესაბამისად, ნ. ქ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ნ. ქ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინების (საქმე №ბს-751-735(კ-12)) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე;
2. ნ. ქ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 7 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სრულად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ლ. მურუსიძე