Facebook Twitter

განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბ-347-2(ა-13) 21 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა საქმის განახლების შესახებ ი. ც-ას განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ი. ც-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით კასატორ ი. ც-ას დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული განჩინება ი. ც-ას 2013 წლის 12 თებერვალს ჩაბარდა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. მიუხედავად ამისა, ი. ც-ას ხარვეზი არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და მას არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ი. ც-ამ 2013 წლის 18 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2013 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმება, ხარვეზის გამოსწორებულად ჩათვლა და მისი საკასაციო საჩივრის განხილვა მოითხვა.

ი. ც-ამ განცხადებაში მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გაურკვეველ ვითარებაში დაეკარგა, რის გამოც დორულად ვერ შეძლო სასამართლოსათვის მისი წარმოდგენა. განმცხადებლის მითითებით, იგი ვერ ერკვევა სამართლებრივ საკითხებში და არ იცოდა სავალდებულო თუ იყო სასამართლოში ქვითრის წარდგენა, რადგან ბანკში განუმარტეს, რომ თანხა ჩაირიცხებოდა უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე, რის გამოც მიიჩნია, რომ სასამართლო ნახავდა გადარიცხვის ოპერაციას და ხარვეზს შევსებულად ჩაუთვლიდა. განმცადებლის მოსაზრებით მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ხუთი დღის ვადაში - 2013 წლის 14 თებერვალს, მაშინ, როცა ვადა ქონდა 2013 წლის 18 თებერვლის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა, რომ სავალდებულო იყო მისთვის ცნობილი გახდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2013 წლის 7 მარტის განჩინების მიღების შემდეგ. განმცხადებელმა მის მიერ ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოსწორების დადასტურების მიზნით წარმოადგინა სს „...“ ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კასატორმა 2013 წლის 14 თებერვალს გადაიხადა სასამართლოს მიერ მითითებული სახელმწიფო ბაჟის თანხა - 300 ლარის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო 2013 წლის 7 მარტის განჩინების გაცნობისა და ი. ც-ას განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ც-ას განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად კასატორ ი. ც-ას დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ი. ც-ას საკასაციო საჩივარი ხარვზის გამოუსწორებლობის _ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო დარჩა განუხილველი, ვინაიდან მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია მის მიერ ხარვეზის გამოსწორების ფაქტი.

საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეთერთმეტე კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებობისას. განმცხადებელი აღიარებს, რომ არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამასთანავე საკასაციო პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა პირდაპირ დავალებას ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენის შესახებ. ამდენად, ი. ც-ას 2013 წლის 18 მარტის გაცხადება არ შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე ან 423-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის და/ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების კანონისმიერ საფუძვლებზე მითითებას, რის გამოც ი. ც-ას განცხადება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ი. ც-ას უნდა დაუბრუნდე მის მიერ 2013 წლის 14 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ც-ას განცხადება დარჩეს განუხილველი;

2. ი. ც-ას დაუბრუნდეს 2013 წლის 14 თებერვლის¹#1 საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე