Facebook Twitter

საქმე ¹ბ-271-1(ბ-13) 5 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 401-ე და 429-ე მუხლების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებების ბათილად ცნობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ა-ემ, ა. ა-მა, მ. ქ-ემ, გ. ლ-მა, ვ. ს-მა, ჯ. ყ-მა, თ. ყ-მა, დ. ჩ-მა, ა. წ-მა, დ. ხ-ამ, რ. შ-ემ, მ. ყ-მა, თ. ყ-ამ და შ. ც-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, 2006 წლის 1 იანვრიდან საპენსიო დავალიანების გადახდა, მოქმედი მოსამართლის ხელფასის მიხედვით პენსიის გადაანგარიშება და საპენსიო დავალიანებაზე ყოველთვიურად მიუღებელი 3%-ს დარიცხვა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის, ა. ა-ისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-ემ, ა. ა-მა და სხვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით თ. ა-ის, ა. ა-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-ემ, ა. ა-მა, მ. ქ-ემ, გ. ლ-მა, ვ. ს-მა, ჯ. ყ-მა, თ. ყ-მა, დ. ჩ-მა, ა. წ-მა, დ. ხ-ამ, რ. შ-ემ, მ. ყ-მა, თ. ყ-ამ და შ. ც-მა რომლითაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით თ. ა-ის, ა. ა-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინება.

თ. ა-ემ, ა. ა-მა, გ. ლ-მა, დ. ხ-ამ, მ. ქ-ემ, რ. შ-ემ, ვ. ს-მა, ჯ. ყ-მა, თ. ყ-მა, დ. ჩ-მა, ა. წ-მა, მ. ყ-მა და თ. ყ-ამ 2013 წლის 27 თებერვალს განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა პალატას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებების ბათილად ცნობის თაობაზე.

განმცხადებლებმა გასაჩივრებული განჩინებების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინება მიღებულია მოსამართლე ბ. ა-ის მიერ, რომელიც მათი მოსაზრებით არ იყო უფლებამოსილი მონაწილეობა მიეღო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ მათ მიერ აღძრული სარჩელის განხილვაში, რადგან 2013 წლის ბოლოს სატელევიზიო საშუალებებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე-ბ. ა-ეს არ გააჩნდა მოსამართლედ მუშაობის სათანადო უფლებამოსილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო და სააპელაციო სასამართლოების განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. აღნიშნული მუხლის შესაბამისად სასამართლო დასაშვებობის განხილვისას ამოწმებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლთან შესაბამისობას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლეები: ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინება. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა მოსამართლე, რომლის არაუფლებამოსილებაზე მითითებითაც ითხოვენ განმცხადებლები 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობას, შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების შემოწმების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განსახილველი განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. განმცხადებლები სააპელაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რადგან მიიჩნევენ რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეს არ ჰქონდა უფლებამოსილება მონაწილეობა მიეღო მათი სააპელაციო საჩივრის განხილვაში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესს, გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვის დროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის დადგენა, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვა სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის არაუფლებამოსილების საფუძვლით, სცილდება საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით, 425-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე