საქმე #ბს-102-95(კ-13) 2 აპრილი, 2013წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ე. ზ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ე. ზ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 2780,14 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-9 ტ.1).
შესაგებლით მოპასუხე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 27-36 ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ე. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების (ხელზე ასაღები) - 2780,14 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 77-81; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე. ზ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 86-96 ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით ე. ზ-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ.9-16 ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს დმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 19-28 ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 33-40 ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 44-45).
მხარეებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასაციის დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით წერილობით მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-587-556(კ-08) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო გ. ქ-ის მიმართ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე