#ბს-111-104(კ-13) 11 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 17 მარტს ს., რ., ჟ. ხ-ებმა და სხვებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს კასპის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ნ. ჯ-ისა და მესამე პირების - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის რაიონის ტერიტორიული ორგანოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტაციო სამსახურისა და ნოტარიუსის - რ. ზ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურბელი №16 და №17 ოქმების, საჯარო რეესტრის ამონაწერების, ასევე სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობა და იჯარით აღებული მიწების მოსარჩელეებისათვის დაბრუნება.
კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება კასპის რაიონის გამგეობა, ხოლო 2006 წლის 19 აპრილის განჩინებით ასევე მესამე პირად ჩაება ბ. ბ-ნ-გ-ი.
კასპის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით კასპის რაიონის სოფ. ... მაცხოვრებელთა ნაწილის - ს. ხ-ის, ზ. ხ-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის რაიონული განყოფილების მიერ ნ. ჯ-ის სახელზე გაცემული 2006 წლის 16 თებერვლის №16 და №17 ოქმები მიწის შეძენის შესახებ; 2006 წლის 16 თებერვალს ნ. ჯ-ის სახელზე გაცემული №191 და 192 საჯარო რეესტრის ამონაწერი; აგრეთვე 7 ჰა მიწის ნაკვეთზე ნ. ჯ-სა და ბ. ბ-ნ-გ-ის შორის 2006 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და მოსარჩელეებს დაუბრუნდათ 2002 წლის 21 ოქტომბრისა და 2004 წლის 24 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე 7 ჰა და 2,5 ჰა მიწის ნაკვეთები და კასპის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელეებთან კანონით დადგენილი წესით იჯარის ხელშეკრულებების გაფორმება.
კასპის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა და ბ. ბ-ნ-გ-იმ რომელებაც კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებით კასპის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგინდა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ბ. ბ-ნ-გ-ისა და ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს გორის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩნებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე