Nბს-286-282(კ-12) 30 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – სს ,,…”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია; ქ. ბათუმის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს ,,…” 2011 წლის 5 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 მაისის №02/185 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ქმედების განხორციელების დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,…” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 7 დეკემბრის №13 დადგენილებით ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა მოსაცდელების მოსაწყობად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გამოცხადდა გრძელვადიანი იჯარის კონკურსი. ამავე დადგენილებით დამტკიცდა საკონკურსო პირობები, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე უნდა მოწყობილიყო მგზავრთა 100 (ასი) მოსაცდელი ჯიხური.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გრძელვადიანი იჯარით გაცემისათვის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2005 წლის 20 იანვრის ¹1 შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის ¹6 დადგენილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,…” (რეორგანიზაციის შემდეგ ს.ს. ,,…”), რომელთანაც აღნიშნული დადგენილების საფუძველზე 2005 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა ¹1-5626 ხელშეკრულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ და შპს ,,…” ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა 23 ერთეული მოსაცდელი ჯიხურების მოსაწყობად 20 წლიანი საიჯარო ვადით - 2025 წლის 26 აგვისტომდე, იჯარით გადაეცა 276 კვ.მ. საერთო ფართის (12 კვმ X 23) მიწის ნაკვეთები.
ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,…” შორის გაფორმდა „თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ 2008 წლის 08 მაისის ¹ი-3 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,…” ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 07 დეკემბრის ¹№13 დადგენილების შესაბამისად იჯარით გადაეცა დარჩენილი 77 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 მაისის ¹02/185 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,…” შორის 2005 წლის 26 აგვისტოს დადებული ¹1-5626 ხელშეკრულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა მოსაცდელების მოსაწყობად მიწის იჯარის უფლებით გაცემაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. ბათუმის მთვრობის 2004 წლის 07 დეკემბრის ¹№13 დადგენილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ს.ს. ,,…” მიერ დღემდე 100 მოსაცდელი ჯიხური არ მოწყობილა და მოწყობილია მხოლოდ 46 ავტობუსის გაჩერების კონსტრუქცია, რასაც მოპასუხე მხარეც ადასტურებს.
სასამართლომ არ გაიზიარა ს.ს. ,,…” პოზიცია, რადგანაც ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,…” შორის გაფორმდა „თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ 2008 წლის 8 მაისის ¹ი-3 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,…” ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 07 დეკემბრის №13 დადგენილების შესაბამისად იჯარით გადაეცა დარჩენილი 77 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აღნიშნულით ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 07 დეკემბრის ¹№13 დადგენილების მოთხოვნა 100 მოსაცდელი ჯიხურის მოწყობის შესახებ შესრულებული იქნა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიასა და ს.ს. ,,…” შორის 2008 წლის 18 იანვარს დადებული შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2005 წლის 26 აგვისტოს დადებული ¹1-5626 და 2008 წლის 08 მაისის ¹ი-3 ხელშეკრულებებით დაირღვა კანონით დადგენილ წესი, რაც შემდეგში გამოიხატა: ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს ,,…” შორის 2005 წლის 26 აგვისტოს დადებული ¹1-5626 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,…” აიღო ვალდებულება ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა მხოლოდ 23 ერთეული მოსაცდელი ჯიხურის მოსაწყობად. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 07 დეკემბრის ¹№13 დადგენილებას, რომლითაც ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე უნდა მოწყობილიყო მგზავრთა 100 (ასი) მოსაცდელი ჯიხური. ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა საკუთრებაში ან სარგებლობაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოიჯარე მიწათსარგებლობის უფლებას მოიპოვებს ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, იჯარის ხელშეკრულებას რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოები დებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის და მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროებთან და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული ფორმით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის“ მე-6 მუხლის თანახმად, რომელიც აწესრიგებს აუქციონის/კონკურსის გარიგებათა გაფორმების წესს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შეუძლია არ დაამტკიცოს აუქციონის ან კონკურსის შედეგები მიწის განკარგვის შესახებ წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს ,,…” შორის 2005 წლის 26 აგვისტოს დადებული ¹1-5626 ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 07 დეკემბრის ¹№13 დადგენილებას, რომლითაც ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე უნდა მოწყობილიყო მგზავრთა 100 (ასი) მოსაცდელი ჯიხური. ხსენებული გარემოება კი წარმოადგენდა კანონით დადგენილი წესის დარღვევას, რომ კონკურსის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსო პირობებს, რაც მოცემულ შემთხვევაში უფლებას აძლევდა ქ. ბათუმის მერიას, ბათილად ეცნო ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს ,,…”-ს შორის 2005 წლის 26 აგვისტოს დადებული ¹1-5626 ხელშეკრულება.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგის განხორციელებას, იმ მხრივ, რომ ქ. ბათუმის მერია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, მათ შორის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი ქონების მიმართაც, ხოლო მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული იყო ზემოთ დასახელებული შეთანხმებით ქ. ბათუმის მერიასა და ს.ს ,,…” შორის მერიის კონკრეტული საჯარო უფლებამოსილება, რისი შესრულებაც გამოირიცხა სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების გამო. შესაბამისად დარღვეულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის არსებითი პრინციპები და ამდენად საჯარო წესრიგიც.
სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ს.ს ,,…”-ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს.ს ,,…”, რითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტის მითითებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემობას, რომ ქ.ბათუმის მერია სისტემატურად უშლიდა ხელს სს ,,…” ვალდებულების შესრულებაში. ქალაქის მერიას არ უცნობებია კონტრაჰენტი მხარისათვის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2010 წლის 25 ივლისის წერილი იყო ერთადერთი შეტყობინება, რომ ადგილი ჰქონდა ავტობუსის გაჩერებაზე განთავსებული კონსტრუქციის დაზიანებას, რაც დაუყოვნებლივ იქნა აღმოფხვრილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ.ბათუმის მთავრობასთან გაფორმებული ორივე ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,…” დღემდე იხდის საიჯარო ქირას 100 ერთეულ მიწის ნაკვეთზე წელიწადში 5 602,8 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ მოსაცდელი ჯიხური 46 ადგილასაა განთავსებული.
აპელანტის აღნიშვნით, როცა სასამართლო მსჯელობს 2004 წლის 07 დეკემბრის №13 დადგენილების ვითომდა შეუსრულებლობაზე, ეყრდნობა მხოლოდ 2005 წლის №5626 ხელშეკრულებას და არ მიუთითებს მეორე, 2008 წლის 08 მაისის ხელშეკრულებაზე, რომელიც ფაქტობრივად ავსებს პირველს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეფასება არ მისცა ქ.ბათუმის მერის წერილს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისადმი, რომლის შინაარსიც ადასტურებს, რომ ქ.ბათუმის მერიისთვის ცნობილი იყო და იგი სადავოდ არ ხდიდა სს ,,…” მხრიდან ტროტუარების ნაწილზე, ავტობუსების გაჩერებებთან, მოსაცდელების განთავსებას ეტაპობრივად. აღნიშნული წერილი, აპელანტის აზრით, ადასტურებს, რომ ქალაქის თვითმმართველობა დაინტერესებული იყო მოსაცდელები მოწყობილიყო ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებათან ერთად, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა გაჩერების ადგილის შეცვლას. აპელანტის განმარტებით მათი მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მზად იყვნენ (და არიან დღესაც) განეთავსებიათ ქალაქის დარჩენილ უბნებშიც ავტობუსის გაჩერებებზე მოსაცდელი კონსტრუქციები მას შემდეგ, რაც ქალაქის მერია აღმოფხვრიდა ხელისშემშლელ ფაქტორებს (დაარეგისტრირებდა იჯარით გადაცემული ნაკვეთებს, რათა მომხდარიყო სარგებლობის უფლების რეგისტრაცია, აღარ მოახდენდა გაჩერებებზე დამონტაჟებული კონსტრუქციების თვითნებურ დემონტაჟს და გაურკვეველ მისამართზე გადატანას, ასევე გამოყოფდა ახალ ადგილებს იმის სანაცვლოდ, რომლებიც ქალაქის ინფრასტრუქტურის ცვლილების გამო, გამოუსადეგარი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მოსაწყობად).
აპელანტის აზრით, შეფასება არ მიეცა იმ გარემობას, რომ 2004 წლის 7 დეკემბრის №13 ხელშეკრულების შესაბამისად პირველ ეტაპზე, ერთ წელიწადში, უნდა მოწყობილიყო არანაკლებ 20 ჯიხური. რეალურად კი განთავსდა 23 ჯიხური. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულება არ შესრულებულა. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემობად მიიჩნია, რომ 2005 წლის 26 აგვისტოს №1-5626 ხელშეკრულება მხოლოდ 23 ერთეული მოსაცდელი ჯიხურის მოწყობას ითვალისწინებდა, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სახელმწიფო და სახელმწიფოებრივ ინტერესს და არ გაითვალისწინა, რომ ამ ხელშეკრულებას, სს ,,…” ერთად ხელს აწერდა ქ.ბათუმის მერიაც, ანუ მათთვის იმ ეტაპზე მისაღები იყო მხოლოდ 23 ადგილზე მოსაცდელის განთავსება. ამ ხელშეკრულებას თან ახლდა გაჩერებების ადგილმდებარეობის მითითებით დამტკიცებული და არქიტექტურის სამსახურთან შეთანხებული გეგმა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ მერიის ინიციატივით დაიდო ხელშეკრულება თავიდან 23, ხოლო მოგვიანებით - 77 ერთეულ ობიექტზე.
სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 95-ე, 96-ე მე-60 1 მუხლებზე.
სააპელაციო სასამართლომ სს ,,…” სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასების სრულად გაზიარებით, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს ,,…” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება ხელშეკრულების სს ,,…” მიერ შეუსრულებლობაზე. სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებაზე. ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის მიერ მითითებულ მიერ მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის: სს ,,…” მიერ იჯარის ქირის გადახდაზე, სს ,,…” მიერ 100 გაჩერების არ ჩადგმის ფაქტობრივ მიზეზებზე, გაჩერებების ტერიტორიების ქ. ბათუმის მერიის მიერ საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად აქტის მოქმედების შეჩერებისა, ქ. ბათუმის მერია კვლავ აგრძელებს ჩადგმული გაჩერებების დემონტაჟს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით სს ,,…” საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან საქმე მიჩნეული იქნა მნიშვნელოვნად სამართლის პრაქტიკისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,…” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სს ,,…” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თვითთმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება და დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 7 დეკემბრის №13 დადგენილებით ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა მოსაცდელების მოსაწყობად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გამოცხადდა გრძელვადიანი იჯარის კონკურსი. ამავე დადგენილებით დამტკიცდა საკონკურსო პირობები, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე უნდა მოწყობილიყო მგზავრთა 100 (ასი) მოსაცდელი ჯიხური. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გრძელვადიანი იჯარით გაცემისათვის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2005 წლის 20 იანვრის 1 შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №6 დადგენილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,…” (რეორგანიზაციის შემდეგ ს.ს. ,,…”), რომელთანაც აღნიშნული დადგენილების საფუძველზე 2005 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა 1-5626 ხელშეკრულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ და შპს ,,…” ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა 23 ერთეული მოსაცდელი ჯიხურების მოსაწყობად 20 წლიანი საიჯარო ვადით - 2025 წლის 26 აგვისტომდე, იჯარით გადაეცა 276 კვ.მ. საერთო ფართის (12 კვმ X 23) მიწის ნაკვეთები. ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,…” შორის გაფორმდა „თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ 2008 წლის 08 მაისის ი-3 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,…” ქ. ბათუმის მთავრობის 2004 წლის 07 დეკემბრის №13 დადგენილების შესაბამისად იჯარით გადაეცა დარჩენილი 77 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 მაისის №02/185 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,…” შორის 2005 წლის 26 აგვისტოს დადებული №1-5626 ხელშეკრულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქ. ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა მოსაცდელების მოსაწყობად მიწის იჯარის უფლებით გაცემაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. ბათუმის მთვრობის 2004 წლის 7 დეკემბრის №13 დადგენილება იმ საფუძვლით, რომ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ს.ს. ,,…” მიერ დღემდე 100 მოსაცდელი ჯიხური არ მოწყობილა და მოწყობილია მხოლოდ ნაწილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს ,,…” არ მისცემია საშუალება ჩაედგა 100 ჯიხური, რადგან აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ მის სურვილსა და მოქმედებაზე არ იყო დამოკიდებული. ქ. ბათუმის თვითმმართველ ერთეულს თავის მხრივ ეკისრებოდა ვალდებულებები, რაც მას არ შეუსრულებია, კერძოდ, არ მოუხდენია აღნიშნული ადგილების საკადასტრო გეგმების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. მიუხედავად იმისა, რომ ასივე ადგილზე საკადასტრო გეგმა თავად სს ,,…” მიერ იქნა ქ. ბათუმის თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული, რაზეც სს ,,…” მიერ ხარჯი იქნა გაწეული, რასაც არ უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავად სს ,,…” მიმართავდა ქ. ბათუმის მერს, მიეწოდებინა სს ,,…” ნაკვეთების ზუსტი სარეგისტრაციო მონაცემები, აღნიშნულს ადასტურებს საქმეში (ს.ფ.49) წარმოდგენილი წერილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა 100 მოსაცდელი ჯიხურის ერთბაშად და დაუყოვნებლივ ჩადგმას. როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომდგენელი სასამართლო სხდომებზე განმარტავდა სს ,,…”-ს 20 წლის ვადით გადაეცა ეს ადგილები სარგებლობის უფლებით, რაც არ გულისხმობდა მხარის უფლებას, 2025 წლამდე მოეხდინა ჯიხურების განთავსება, თუმცა ამავე დროს ვერ უთითებს ხელშეკრულების ვერც ერთ დათქმაზე, რომელიც სს ,,…” განუსაზღვრავდა ჯიხურების განთავსების უფრო მოკლე ვადას, 2025 წლამდე.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზეპირი განცხადება სს ,,…” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სს ,,…” მიერ ვალდებულებების შესრულება მისი შესაძლებლობების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია აღნიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს ,,…” შორის 2005 წლის 26 აგვისტოს დადებული ¹1-5626 ხელშეკრულება თავისი არსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის მიმართ მსჯელობისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
ასევე მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ ბათილად არის ცნობილი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართ სს ,,…”-ს გააჩნდა კანონიერი ნდობა, რაც არ გაუთვალისწინებია ადმინისტრაციულ ორგანოს, ისე გამოსცა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, რომ არ მოუხდენია ზემოთმითითებული გარემოებების გამოკვლევა, არ დაუსაბუთებია, რა აღმატებული საჯარო ინტერესი არსებობდა, როდესაც ბათილად აცხადებდა გასაჩივრებულ აქტს. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებული აქტის დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ მოხდა იმის სარწმუნოდ დასაბუთება, თუ კანონის რომელი ნორმა დაირღვა ან რა ნაწილში ეწინააღმდეგება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ასევე ვერ იქნა მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდენ, რომ სს ,,…”-ს გააჩნდა შესაძლებლობა, მაგრამ მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, რომლის დეფინიციის თანახმად სახეზე არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი პირობა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს ,,…”-ს მიერ საქმეში იქნა წარმოდგენილი საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ანგარიშის ბარათი და ელექტრონული საგადასახადო დავალებები ), რომლითაც დასტურდება, რომ სს ,,…” იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო ქირას. სს ,,…” წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომებზე გაცხადებულ იქნა, რომ საიჯარო ქირას იხდიან ასივე (100) ჯიხურზე, მიუხედავად იმისა, რომ განთავსებული არ არის ყველა მათგანი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს სს ,,…” კეთილსინდისერებას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის განჩინების შეუსრულებლობას. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ ადმინისტრაციული სარჩელის წარმოებაში მიღებასთან ერთად დაადგინა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებ, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. აღნიშნული კი გულისხმობს სზაკ-ის 29.9 მუხლით გათვალისწინებული განჩინების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში. სს ,,…” წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტებული იქნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისთანავე ქ. ბათუმის თვითმმართველმა ერთეულმა დაიწყო სს ,,…” მიერ განთავსებული ჯიხურების დემონტაჟი. იმის მიუხედავად, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედება იყო შეჩერებული. მითითებული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია ქ. ბათუმის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოქმედება წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განკარგულებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებებისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილი იქნა ბათუმის თვითმმართველი ერთეულის მიერ სს ,,…” მიერ განთავსებული ჯიხურების დემონტაჟის განხორციელებისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტის მოქმედების შეჩერება, რა დროსაც დაუშვებელია აღნიშნული აქტის საფუძველზე განხორციელდეს რაიმე ქმედება, ვიდრე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში ან სასარჩელო წარმოება სხვაგვარად არ დასრულება. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი შემთხვევა არ არის სახეზე, რაც გამორიცხავს შეჩერებული აქტის საფუძველზე ყოველგვარი მოქმედების შესრულებას.
.საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. შეჩერებული აქტის პირობებში ქმედების განხორციელებისას კანონის მითითებული მოთხოვნა არ იქნა დაცული ბათუმის თვითმმართველი ერთეულის მიერ.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა შეჯერების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-7 ნაწილის „ა” პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც სს ,,…” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს უნდა დაევალოს სს ,,…” მიერ სახელმწიფო ბაჟის 550 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,…” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,…” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება და დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს საკრებულოს დაეკისროს სს ,,…” მიერ გადახდილი ბაჟის – 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე