ბს-317-313 (კ-12) 18 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ღ-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მეუღლის რ.ნ-ის გარდაცვალების გამო კომპენსაციის თანხის – 15 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. გორის რაიონული სასამართლოს 06.05.2011 წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ნ. ღ-ემ 19.09.11წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე რ.ნ-ე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და 02.03.2010წ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, გულის იშემიური დაავადების გამო განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ არაერთხელ უშედეგოდ მიმართა თავდაცვის სამინისტროს, რათა მიეღო შესაბამისი კომპენსაცია. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. №560-ე ბრძანეის მე-40 მუხლზე.
მოპასუხე -საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სასარჩელო განცხადება ხანდაზმულია. ამასთანავე, მოპასუხემ მიუთითა, რომ რ. ნ-ის გარდაცვალება გამოწვეული არ ყოფილა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.11.2011 წ. გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ. ნ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-5 ქვეითი ბრიგადის ავტოპარკის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოს შესრულებისას გარდაიცვალა. ამასთან, სასამართლო დაეყრდნო რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007 წ. №560 ბრძანების მე-40 პუნქტსა და ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტს, აღნიშნა, რომ მოცემული ნორმების სწორად შეფარდებისთვის გადამწყვეტია სამხედრო მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობათა შესრულებასა და მის გარდაცვალებას შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენა: სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება გამოწვეული უნდა იყოს პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. პირის გარდაცვალების დროს და ადგილს, კერძოდ იმას, გარდაიცვალა თუ არა პირი სამუშაო ადგილას ან სამუშაო საათების მიმდინარეობისას, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა კომპენსაციის გაცემისათვის. სასამართლომ სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ნ-ის გარდაცვალების მიზეზი იყო მიოკარდიუმის ინფარქტი, რაც კარდიოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს და მისი განვითარება რ.ნ-ის მიერ სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.11.2011 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2012 წ. განჩინებით ნ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 390-ე მუხლზე დაყრდნობით სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ ნ. ღ-ემ ვერ წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა რ. ნ-ის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შორის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2012 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს რ. ნ-ის გარდაცვალება არ იყო დაკავშირებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან. აღნიშნული გარემოების დასადგენად სასამართლოს უნდა მოეწვია სპეციალისტი, რომელიც განსაზღვრავდა თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია რ. ნ-ის გარდაცვალება: სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულმა დატვირთვამ, თუ რაიმე დაავადებამ. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ რ. ნ-ე არ იყო გულის იშემიური დაავადების მატარებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორის მეუღლე რ. ნ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის კაპრალად მსახურობდა. საქმის მასალებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 02.03.2010წ. რ. ნ-ე მე-5 ქვეითი ბრიგადის ავტოპარკის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოს შესრულების დროს გულის იშემიური დაავადების გამო განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 04.06.10წ. დასკვნის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 17.03.11წ. №7/594 გადაწყვეტილებით ნ.ღ-ეს უარი ეთქვა კომპენსაციის გაცემაზე, ვინაიდან რ.ნ-ის გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადების შედეგად განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი დაფიქსირდა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის 30.04.10წ. დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის №... წინასწარი გამოძიება მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის კაპრალ რ.ნ-ის გარდაცვალების ფაქტზე შეწყდა, ვინაიდან 24.03.10წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ რ. ნ-ის სიკვდილის მიზეზი იყო მიოკარდიული ინფარქტი, განვითარებული გულის იშემიური დაავადების შედეგად, შესაბამისად არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა 23.07.10წ. მიმართა სადაზღვევო კომპანიას და აცნობა, რომ რ. ნ-ის გარდაცვალების ფაქტი არ იყო დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას უნდა განეხილა თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების №9 დანართით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი. სადაზღვევო კომპანია ,,...“ 28.07.10 წ. შეტყობინებით ნ.ღ-ეს უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან რ. ნ-ის გარდაცვალება მიჩნეული იქნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარ შემთხვევად, რაც 31.01.08წ. №172 ხელშეკრულების თანახმად არ განიხილება სადაზღვევო შემთხვევად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. №560 ბრძანების მე-40 პუნქტზე და ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07 წ. №560 ბრძანების მე-40 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 მუხლით განსაზღვრული გარემოებები, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში მყოფი პირის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინცდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტზების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება: სამხედრო წესდებით დადგენილ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრეულება; მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება; სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ტერიტორიაზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხსენებული ნორმები არ ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული ნორმების გამოყენების, ერთჯერადი კომპენსაციის (15 ათასი ლარი) გაცემის პირობაა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის უცილობელ თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კაპრალ რ. ნ-ის გარდაცვალება არ არის გამოწვეული მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. ის ფაქტი, რომ მოსამსახურე სამუშაო დროს და სამუშაო ადგილას გარდაიცვალა, არ წარმოადგენს კომპენსაციის მინიჭების უპირობო საფუძველს. საქმეზე დადგენილია, რომ რ. ნ-ის გარდაცვალების მიზეზი კარდიოლოგიური დაავადებაა, რაც თავისთავად დაკავშირებული არ არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და გარდაცვალებას შორის არ იკვეთება არათუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, არამედ რაიმე რისკ-ფაქტორის არსებობა. ინფარქტი საკმაოდ ხშირად სწორედ გულის იშემიური დაავადების ფონზე ვითარდება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, ფსიქოემოციური დატვირთვა და სხვ.. საქმის მასალებში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი ნამსახურობის ნუსხით დასტურდება, რომ კაპრალი რ. ნ-ე იყო ჯანმრთელი, მას არ აწუხებდა გულის დაავადებები, შესაბამისად რ. ნ-ეს არ ესაჭიროებოდა სამსახურის რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა. საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე რაიმე განსაკუთრებული სამსახურებრივი დატვირთვა, სტრესული სიტუაციის არსებობა და სხვ.. გარდაცვლილის ოჯახისათვის თანხის გაცემის დავალებისათვის აუცილებელია, რომ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირდებოდეს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ იმით, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ადგილს და დროს, კერძოდ იმას, რომ რ. ნ-ე გარდაიცვალა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-16.4 მუხლით, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07 წ. №560 ბრძანების მე-40 მუხლით გათვალისწინებული გარანტიის შემოღება სწორედ იმ მოსაზრებით არის განპირობებული, რომ სხვა სახის სამსახურთან შედარებით, სამხედრო სამსახური, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას, თავდასხმის მოგერიებას, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომეტებული საფრთხის შემცველია. აღნიშნული ესადაგება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 4.1. მუხლის დებულებას იმის შესახებ, რომ სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას სახელმწიფო იძლევა სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07 წ. №560 ბრძანების 40-ე მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემა უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით გამოწვეული მიზეზით გარდაცვალებას დასტურდება ამავე დადგენილების 422 პუნქტის შინაარსითაც, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებებს (მე-40 პუნქტით გათვალისწინებული შედეგის დადგომა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან/და ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების ან/და წინდახედულობის ნორმების უხეში დარღვევის შედეგად). 26.09.07წ. №560 ბრძანების მე-40 პუნქტის პირველი წინადადების შინაარსი ერთჯერადი დახმარების გაცემას უკავშირებს სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას ან გარდაცვალებას, გამოწვეულს მიღებული ტრავმის შედეგად, კომპენსაციის გაცემა უკავშირდება სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებას სამსახურებრივი მოალეობის შესრულებისას, რაც გულისხმოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვალებას, წინააღმდეგ შეთხვევაში აზრს დაკარგავდა ბრძანების მე-40 პუნქტში მინისტრის 22.10.07 წ. №608 ბრძანებით დამატებული მეორე წინადადება, რომელშიც საუბარია დაღუპვის სხვა შემთხვევაზე. მე-40 პუნქტის მეორე წინადადება ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის შესაძლებლობას მოსამსახურის დაღუპვის სხვა შემთხვევაში ანუ ისეთ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვალება არ უკავშირდება სამხედრო სამსახურს, ასეთ შემთხვევაში ნორმის თანახმად დახმარება გაიცემა მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დახმარების ოდენობა ნორმით არ განისაზღვრება, დახმარების ოდენობა დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კომპენსაციის გაცემა, მისი ოდენობა ასეთ შემთხვევაში შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის პროცესში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.03.13 წ. №188 ბრძანებით „გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახზე ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ“ გარდაცვლილ რ.ნ-ის ოჯახს მიეცა ერთჯერადი დახმარება 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 04.06.10წ. დასკვნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის 30.04.10წ. №102100008 დადგენილებით, 24.03.10წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა რ. ნ-ის გარდაცვალების კავშირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დავის გადასაწყვეტად, არ არსებობდა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროება, მოსარჩელეს არ მიუთითებია მტკიცებულებების მიღების დამაბრკოლებელ გარემოებაზე, შესაბამისად საფუძველს არის მოკებული კასატორის მითითება სსკ-ის 103-ე მუხლზე. სასკ-ის მე-19 მუხლის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს ამავე კოდექსის მე-17 მუხლის დანაწესს, სასკ-ის მე-19 მუხლი არ ნიშნავს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს სარჩელი. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება რ. ნ-ის გარდაცვალებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან კავშირის არარსებობის შესახებ.
მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანია „...“ 28.07.2010წ. შეტყობინებით ნ. ღ-ეს უარი ეთქვა სადაზღვევო შემთხვევით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე რ.ნ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების მოტივით. სადაზღვევო კომპანია „...“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების №9 დანართის შესაბამისად, სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდება პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარ შემთხვევაზე. საქმეში დაცული თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის 01.06.10წ. №1/1041 წერილითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 24.03.10წ. №26 დასკვნით, რ. ნ-ის გარდაცვალების მიზეზად მიჩნეულია გულის იშემიური დაავადების გამო განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი, რაც წარმოადგენს კარდიოლოგიურ დაავადებას, ქრონიკულ პათოლოგიურ პროცესს, რომლის კავშირი სამხედრო სამსახურთან არ იკვეთება. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. №560 ბრძანებით გათვალისწინებული დახმარების და არა სადაზღვევო თანხის გაცემას, სადაზღვევო კომპანია არ არის განსახილველი დავის მონაწილე პირი, სადაზღვევო კომპანია „...“, შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად, არ გამოუთქვამს თანხმობა სასკ-ის 341 მუხლის საფუძველზე საკასაციო ინსტანციაში მე-3 პირად ჩაბმაზე, შესაბამისად არ არსებობს კასატორის მოთხოვნით სადაზღვევო კომპანიის მოცემულ საქმეში ჩაბმის, სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთანავე მოსარჩელეს აქვს სადაზღვევო კომპანიისადმი მოთხოვნის ცალკე წარდგენის შესაძლებლობა, რაც სხვა დავის საგანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს სსკ-ის 393.2 და 410-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობები, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩნების გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.12წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე