Facebook Twitter

საქმე #ბს-408-403(k-12) 18 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.

კასატორი (მოსარჩელე) – მ. ბ-ე.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს მომსახურების ცენტრი.

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.12წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიმართ და „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა რ. და ხ. ბ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მამის მშობლები რ. და ხ. ბ-ეები 1944-1953 წწ. გადასახლებული იყვნენ ყირგიზეთში, ჯელალაბადში. გადასახლებაში იმყოფებოდა ოჯახის ათი წევრი. რ. და ხ. ბ-ეები არ არიან აღიარებული პილიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ისინი რომ ნამდვილად იმყოფებოდნენ გადასახლებაში ამას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 13.11.11წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სამსახური, შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული სამსახურით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.12.11წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 11.12.97წ. კანონის 1-ლი, მე-2, მე-4 მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისათვის გადასახლებას საფუძვლად უნდა დაედოს პოლიტიკური მოტივი. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი ბებია და ბაბუა გადასახლებულები იყვნენ პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და რომ გადასახლება დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა რ. და ხ. ბ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.12წ. განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელ მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობების სფეროს. სააპელაციო პალატამ მიუთითა კანონის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვით პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა – სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწვევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი. კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა: პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ - სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული იყო და იგი უცვლელად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.12წ. განჩინების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილება - რ. და ხ. ბ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონი და სათანადოდ არ შეაფასა არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. საქმეში არსებული საარქივო ცნობით რ. ბ-ე გადასახლებული იყო საქართველოდან ყირგიზეთში სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 31.07.1944წ. №6279 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1953 წლამდე, მოხსნილია სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ უმაღლესი პრეზიდიუმის 28.04.1956წ. №135/42 დადგენილების საფუძველზე. საქმეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე უდავოდ დგინდება, რომ რ. და ხ. ბ-ეები ნამდვილად იყვნენ გადასახლებაში და განიცადეს პოლიტიკური რეპრესია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საყოველთაოდ აღიარებული ფაქტები, წარდგენილი დოკუმენტები და საერთაშორისო პრაქტიკა. კასატორმა მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვით პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება და სხვა. დოკუმენტურად დადგენილი იყო, რომ მისი ოჯახი 1952 – 1953 წწ. იმყოფებოდა სპეცგადასახლებაში. კასატორმა აღნიშნა, რომ ოჯახის შვიდი წევრიდან ყველა აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.12 წ. განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 06.03.12წ. განჩინება არის დაუსაბუთებელი. სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისგან, სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ ციტირებული ნორმების გამოყენების რაიმე არგუმენტაციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც (სსკ-ის მუხ. 377.1).

საქმის მასალების თანახმად საკასაციო საჩივრის ავტორი მ. ბ-ე ბებიისა და ბაბუის, ხ. და რ. ბ-ეების, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ხსენებული კანონის მე-7 მუხლი ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიქტებს, ასეთად შეიძლება იყოს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონისმიერი მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. კასატორი სკ-ის 1336 მუხლის მიხედვით არის რ. და ხ. ბ-ეების კანონისმიერი მემკვიდრე (ს.ფ.2. 66), შესაბამისად, კასატორი არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილი სუბიექტი.

საქმეში დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროს 12.05.1999წ. ცნობით დასტურდება რ. ბ-ის საქართველოდან გადასახლების ფაქტი სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 31.07.1944წ. N6279 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1953 წლამდე. რ. ბ-ე მოხსნილია სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 28.04.1956წ. №135/42 დადგენილების საფუძველზე. მასთან ერთად გადასახლებულნი იყვნენ და სპეცკომედატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა რ. და ხ. ბ-ეების გადასახლების პოლიტიკური მოტივი, თუმცა თავის მხრივ არ დასტურდება ასეთი მოტივის არ არსებობა, თავისი ნებით ყირგიზეთში გადასახლება. საქმის მასალების თანახმად, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს რ. და ხ. ბ-ეების გადასახლება ყირგიზეთის სს რესპუბლიკაში, რომელიც განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 31.07.1944წ. N6279 დადგენილების საფუძველზე. სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 31.07.1944წ. №6279 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს საზღვრისპირა რაიონებიდან (ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბოგდანოვკა და აჭარის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა) 86 ათასი თურქი, ქურთი და ხემშილი მუსულმანი მოსახლეობის გადასახლება ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის სს რესპუბლიკებში. მოსახლეობის გადასახლება განხორციელდა იძულებით და დადგენილების თანახმად მიზნად ისახავდა სახელმწიფოს საზღვრის პირობების დაცვის გაუმჯობესებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლი პოლიტიკური რეპრესიის ერთ-ერთ ფორმად გადასახლებას, გასახლებასა და სპეციალური დასახლების ადგილებში საცხოვრებლად გამწესებას მიიჩნევს. ამასთანავე, კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება. ზემოაღნიშნულთან ერთად პალატა ყურადღებას ამახვიელბს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით რ. ბ-ე არ განეკუთვნებოდა დადგენილებაში ხსენებულ ეთნიკურ ჯგუფებს, მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 31.07.1944წ. №6279 დადგენილების საფუძველზე, ის მაინც იქნა გადასახლებული, რაც დამატებით მიუთითებს გადასახლების რეპრესიულ ხასიათზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 31.07.1944წ. №6279 დადგენილებას, რომლის ტექსტის განსაიდუმლოება ჯერ კიდევ სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 07.03.1991წ. დადგენილებით (1პ.) მოხდა, საფუძვლად დაედო სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის 24.07.1944წ. მიმართვა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტისადმი. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაკავშირებული თურქეთის სასაზღვრო რაიონების მაცხოვრებლებთან ნათესაური კავშირებით, ავლენს ემიგრანტულ განწყობებს, ეწევა კონტრაბანდას და თურქული სადაზვერვო ორგანოებისათვის წარმოადგენს ჯაშუშური ელემენტების და ბანდიტური ჯგუფების დანერგვის წყაროს. განხორციელებული გადასახლების ხსენებული საფუძვლები მითითებულია აგრეთვე სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის 28.11.1944წ. მიწერილობაშიც სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტისადმი. ამდენად, 1944წ. გადასახლების რეალური მიზნებიდან იკვეთება პოლიტიკური მოტივი. მითითებული საფუძვლები ადასტურებს, რომ გადასახლება უპირატესად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, რამდენადაც გადასახლება მათ იზოლირებულ გარემოში მოქცევის შესაძლებლობას ქმნიდა. გადასახლების იძულებით ხასიათზე მიუთითებს ასევე გადასახლების მასშტაბები და მასიური ხასიათი. პალატა აღნიშნავს, რომ გადასახლების იძულებითი ხასიათი და უკანონობა აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ სსრ კავშირის ნორმატიული აქტებით (სსრკ უმაღლესი საბჭოს 14.11.1989წ. დეკლარაცია). სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 28.04.1956წ. №135/42 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა 1943-1944წწ. გადასახლებულთა მოხსნა სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან (28.04.1956წ. ბრძანებით სპეცდასახლების აღრიცხვიდან მოხსნის და ადმინისტრაციული ზედამხედველობიდან გადასახლებულ პირთა განთავისუფლების მიუხედავად, ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, არ იწვევდა იმ ადგილებში დაბრუნების უფლებას, საიდანაც ისინი იყვნენ გადასახლებულები, ასეთი უფლება მათ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 30.05.1968წ. დადგენილებით მიენიჭათ), ხოლო სსრკ პრეზიდენტის 13.08.1990წ. №556 ბრძანებულების თანახმად 20-50-იან წლებში პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული და სხვა მოტივებით განხორციელებული რეპრესიები უკანონოდ იქნა აღიარებული.

„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, პირი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე თუ იგი კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად იქნა გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი (მუხ.4.3). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური რეპრესიის განხორცილება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ წარმოადგენს უპირობოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის მიმართ იძულების გამოყენების სხვადასხვა ფორმა როგორც წესი ხორციელდებოდა სასამართლო ორგანოების გარეშე, რის თაობაზეც ხაზგასმით აღინიშნა „20-50-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლის უფლებების აღდგენის შესახებ“ სსრკ პრეზიდენტის 13.08.1990წ. № 556 ბრძანებულებაში.

სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ოჯახის შვიდი წევრი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, მათ შორის რ. და ხ. ბ-ეების შვილი ნ. ბ-ძე. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. ბ-Fძე გადასახლებულ იქნა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 31.07.1944წ. დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1953 წლამდე, ხოლო სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნილი იქნა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 28.04.1956წ. №135/42 დადგენილების საფუძველზე. დავის სწორი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს ამ გარემოების დადგენას, რამდენადაც „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა არა მხოლოდ ის პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია, არამედ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. ამდენად, უკეთუ შვილი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ლოგიკურად დგას მშობლების, რომელთანაც ერთად იყო ის გადასახლებული, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საკითხიც. შესაბამისად, შვილის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების გარკვევას მნიშვნელობა ჰქონდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. აღნიშნულის მიუხედავად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა ამ გარემოებაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო თავისი ინიციატივით მიეღო ზომები საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისათვის. საქმის მასალებით არ დასტურდება ხავა ბილვანიძის გადასახლების ფაქტი, სასამართლოს არ მოუთხოვია ამ გარემოების გასარკვევად დამატებითი მტკიცებულებები, არ უსჯელია ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობაზე ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ამ გარემოებათა დადგენის გარეშე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.12წ. განჩინება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.12წ. გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.12წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე