Nბს-413-408 (კ-12) 30 აპრილი, 2013წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს ... კავშირი
წარმომადგენელი - დ. მ-ი (19.07.10.წ, N01-243 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ჩოხატაურის რაიონის სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ვ. ბ-ი (04.03.10წ. N34855 მინდობილობა)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2013წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ... კავშირმა 21.04.11წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 02.03.11.წ N88201107050-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და 01.04.11წ. N88201107050-04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.04.11წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №50875 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მანვე მოითხოვა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საქართველოს ... კავშირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1926 წელს დაფუძნდა საქართველოს ... საზოგადოება, რომელსაც ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში 1948-50 წ.წ. აუშენდა დასასვენებელი სახლი და გადაეცა ბალანსზე. დასასვენებელი სახლი აღრიცხული იყო ტექ.აღრიცხვის ბიუროში. აღნიშნულ ქონებას 60 წელზე მეტია, დღემდე ფლობს ჯერ საქართველოს ... საზოგადოება, შემდეგ მისი სამართალმემკვიდრე, მოსარჩელე - საქართველოს ... კავშირი. ტექ.ბიუროს 22.11.02წ. ცნობის თანახმად, მოსარჩელის სახელზე აღრიცხული იყო 37230 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილია 1986 წელს. საქართველოს ... კავშირმა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს 24.02.11წ. მიმართა განცხადებით, წარუდგინა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის ჩოხატაურის ტექბიუროს მიერ 22.11.02წ. გაცემული ცნობა-დხასიათება, მიწის ნაკვეთის გეგმა და საარქივო დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ... კავშირის მართლზომიერად ფლობას 1950 წლიდან, როდესაც განხორციელდა აღნიშნული ტერიტორიის ... საზოგადოებისათვის გადაცემა და დასასვენებელი სახლის მშენებლობა ამავე საზოგადოების წევრთათვის. მიუხედავად იმისა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის შესაბამისად ადასტურებდა მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს, ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურმა 02.03.10 წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს მოსთხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, 01.04.11 წ. გადაწყვეტილებით სამსახურმა შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო. ამავე საფუძვლით კავშირს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშეუსაბამოა, მას არ გააჩნდა ვალდებულება წარედგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რაც შეეხება მის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მასალას, ის სრულად აკმაყოფილებდა მართლზომიერი მფლობელობით საკუთრების უფლების აღიარებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.06.11წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამრთლოს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 28.09.11 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ... კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 11.1 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა საკუთრება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რაც აუცილებელია რეგისტრაციის განხორციელებისათვის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.02.12წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს ... კავშირმა გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.12წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის 07.05.10 წ. №2010005939-03 საარქივო ცნობით საქართველოს ... საზოგადოების ცენტრალური გამგეობის პრეზიდიუმის ფონდში და საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1948-1955 წ.წ. დადგენილებებში არ აღმოჩნდა დოკუმენტი კურორტ ბახმაროში ... საზოგადოებისათვის დასასვენებელი სახლის ასაშენებლად მიწის ფართის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ ფონდში აღმოჩნდა დოკუმენტები კურორტ ბახმაროში ... საზოგადოებისათვის დასასვენებელი სახლის მშენებლობის, ჩაბარების, ინვენტარის შეძენაზე დახარჯული თანხებისა და სხვათა შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ტექბიუროს 2002 წლის 22 (თვე დაუდგენელია) ცნობის დოკუმენტაციის სანდოობა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ იყო გამხდარი. შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე, გულისხმობდა სწორედ შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას. საქართველოს ... კავშირის მიერ არ (ვერ) იქნა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის კრებაზე დამტკიცებული მიწების განაწილების სია მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 09.03.2012წ. განჩინება საკასაციო წესით საქართველოს ... კავშირმა გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებული რედაქცია დღეისათვის აღარ არსებობს, ნორმის სადღეისოდ მოქმედი რედაქციით მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ საბუთებს ასევე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის გეგმა, კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის დამატებით ასევე პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაცია. ... კავშირს სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარდგენილი ჰქონდა ტექბიუროს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელზეც მოცემულია ... კავშირზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, მიწის ფართობი, ასევე დატანილია მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. წარდგენილ იქნა ასევე ტექბიუროს მიერ 22.11.02წ. გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებდა ტექბიუროში უძრავი ქონების 1988 წლიდან აღრიცხვის ფაქტს. მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ასევე ბახმაროს დასასვენებელი სახლის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების, ასევე ბალანსზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა 50-იან წლებში ... საზოგადოებისათვის დასასვენებელი სახლის აშენების და გადაცემის ფაქტს. კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებული დოკუმენტაცია წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ იმ დოკუმენტებს, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი 18.01.11 წ. ცვლილებების შემდეგ. სააპელაციო პალატამ გამოიყენა ნორმის ძველი რედაქცია, რის გამოც მიღებულია უკანონო გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 393.2 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკამყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს ... კავშირმა 24.02.11წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბახმაროში მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე. ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 02.03.11წ. N882011076050-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მხარეს განემარტა, რომ მოწოდებული დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველს. მხარეს ასევე განემარტა, რომ უნდა წარედგინა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღით. ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 01.04.2011წ. N882011076050-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.04.2011წ. N50875 გადწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ... კავშირის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.
საქმეში დაცულია ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 22.11.02წ. გაცემული ცნობის ასლი ... კავშირის მიერ დაკავებული ნაკვეთის ოდენობის (37230 კვ.მ.) შესახებ, მიწის ნაკვეთის გეგმის ასლი, ასევე ტექნიკური ინვენარიზაციის სხვა მასალების ასლები, კერძოდ, ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი გადაღების კონტური, მშენებლობის ფურცელი, მშენებლობის ღირებულების გაანგარიშება დასასვენებელი სახლის ტექნიკური ინვენტარიზაციის მიხედვით. მოცემული მასალების თანახმად, კურორტ ბახმაროს ... კავშირის დასასვენებელი სახლი განთავსებულია 37230 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელე თვლის, რომ ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 28.09.04წ. ბრძანებულებით ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების ლიკვიდაციის გამო, ამ სამსახურებში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივის მასალები გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ვერ მოახდინა დოკუმენტაციის სათანადო წესით დაცვა. თავის მხრივ სარეგისტრაციო სასმახურის წარმომადგენლის განმარტებით, ტექაღრიცხვის ცნობისა და მიწის ნაკვეთის გეგმის გაცემის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი სათანადო სააღრიცხვო ჟურნალებში არ მოიპოვება, ამჟამად ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში სადავო მიწის გეგმა-ნახაზი არ იძებნება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07 წ. N525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ადგენს დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრისათვის საჭირო დოკუმენტაციის დედნის თუ ასლის სახით წარდგენის ვალდებულებას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ტექინვენტარიზაციის ბიუროს 22.11.02წ. ცნობაში არსებული ინფორმაციის დაზუსტებისა და ტექინვენტარიზაციის მასალების ასლების შედარება რაიმე უფლების დამდგენ დოკუმენტთან, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები არ არის საჯარო რეესტრის არქივში დაცული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემები დეტერმინირებულია უფლების დამდგენი დოკუმენტაციით, რომელიც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 135-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლებს არ აქვს სათანადო მტკიცებითი ძალა. ამდენად, კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელისათვის მოთხოვნილი მიწის გამოყოფის ფაქტი. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07 წ. N525 ბრძანებულების ნორმები, რომლებიც კასატორის აზრით იძლეოდნენ მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა 37230 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სათანადო ფორმისა და შინაარსის მქონე დოკუმენტის არარსებობა, რაც გახდა მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოთხოვნა გულისხმობდა ისეთი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. N525 ბრძანებულების მიხედვით წარმოშობდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესაძლებლობას. კასატორმა ვერც საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეძლო იმგვარ დოკუმენტზე მითითება, რაც საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07 წ. N525 ბრძანებულების ნორმათა მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს ... კავშირისათვის ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში მდებარე 37230 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სრულად საკუთრების უფლებით აღიარების მოთხოვნის მართებულობას დაადასტურებდა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. აღნიშნული კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე აქტის - საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07 წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 3.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი. ნაკვეთის მართლზომირი მფლობელობა (სარგებლობა) დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს საქართველოს პრეზიდენტის 15.09.02წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 2.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში მოცემული დოკუმენტაციის ჩამონათვალს და ასკვნის, რომ ნორმაში მითითებული დოკუმენტი კავშირის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, ამასთანავე პალატა იყენებს მითითებული ნორმის მოძველებულ რედაქციას, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის, აგრეთვე საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედებდა განახლებული რედაქციით. წესის 2.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში, საქართველოს პრეზიდენტის 18.01.11წ. №27 ბრძანებულებით შეტანილი დამატებების შედეგად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, სხვასთან ერთად, დამატებით მიეთითა 1999 წლმადე მიწის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული. საქართველოს ... კავშირის მარეგისტრირებელი ორგანოსადმი 24.02.11წ. წარდგენილი განცხადების მოთხოვნას შეადგენდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში არსებული დასასვენებელი სახლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარება. შესაბამისად, განმცხადებლის ვალდებულება იყო მარეგისტრირებელი ორგანოსათვის დაედასტურებინა ზემოთ მოყვანილ ნორმათა მიხედვით მიწის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტი. მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში არსებული დასასვენებელი სახლი აშენების შემდეგ იმყოფებოდა ჯერ საქართველოს ... საზოგადოების, ხოლო შემდეგ მისი სამართალმემკვიდრის - საქართველოს ... კავშირის მფლობელობაში. იმ პერიოდში უძრავი ქონება იურიდიულ პირებს გადაეცემოდათ სამეურნეო გამგებლობის უფლებით. უძრავი ქონებით მოსარგებლე ვალდებული იყო მიემართა განცხადებით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსათვის ინვენტარიზაციის ჩასატარებლად, იურიდიული პირის უძრავი ქონება აღირიცხებოდა მის ბალანსზე.
საქმეში დაცული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის 07.05.10 წ. №2010005939-03 საარქივო ცნობის თანახმად, საქართველოს ... საზოგადოების ცენტრალური გამგეობის პრეზიდიუმის ფონდში და საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1948-1955 წ.წ. დადგენილებებში არ აღმოჩნდა დოკუმენტი კურორტ ბახმაროში ... საზოგადოებისათვის დასასვენებელი სახლის ასაშენებლად მიწის ფართის გამოყოფის შესახებ, აღნიშნულ ფონდში დაცულია დოკუმენტები კურორტ ბახმაროში ... საზოგადოებისათვის დასასვენებელი სახლის მშენებლობის, ჩაბარების, ინვენტარის შეძენაზე დახარჯული თანხებისა და სხვათა შესახებ. ამავე შინაარსის საარქივო ცნობა არქივის მიერ გაცემულია 12.06.08 წ. (№01-22/620-მ). საქმეში დაცულია ... საზოგადოების 1951 წლის სატიტულო ნუსხა ბახმაროს ობიექტებზე ხარჯების თაობაზე, ასევე 16.09.1952 წ. აქტი ბახმაროს კურორტის დასასვენებელი სახლის, ხე-ტყის სახერხის და ... საზოგადოების სხვა შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე, საქმეში მოიპოვება აგრეთვე 19.06.1962 წ. აქტი ... საზოგადოების ბახმაროს კურორტის დასასვენებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, რომლითაც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული დასასვენებელი სახლის რიგი შენობა-ნაგებობები, რომლებიც აშენდა დასასვენებელი სახლის ფუნქციონირებისათვის. საქმეში დაცულია ... საზოგადოების ცენტრალური გამგეობის პრეზიდიუმის 27.02.1956 წ. საბალანსო კომისიის №5 ოქმი საზოგადოების 1955 წლის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შედეგების თაობაზე. აღნიშნული მასალა ასახავს კურორტ ბახმაროში ... საზოგადოებისათვის დასასვენებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობის, ჩაბარების, ინვენტარიზაციის, დასასვენებლი სახლის ექსპლუატაციაში მიღებისა და საზოგადოების ბალანსზე აყვანის ფაქტს. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატა, შემოიფარგლა რა წესის 2.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ძველი რედაქციის ციტირებით, არ იქონია მსჯელობა შენობა-ნაგებობების ... კავშირის ბალანსზე აღრიცხვის ფაქტის მნიშვნელობაზე, საქმეზე არ არის დადგენილი აგრეთვე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში მდებარე საქართველოს ... კავშირის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა, მათ მიერ დაკავებული მიწის ფართობი. სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება და არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობის მიწასთან განუყოფლობამ განაპირობა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07 წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთ საფუძვლად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც დაკავებულია კავშირის ბალანსზე მყოფი შენობა-ნაგებობებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს ... კავშირის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. №525 ბრძანებულების მე-2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტი. სასამართლოს არ უმსჯელია შენობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებისა და, შესაბამისი საკადასტრო ნახაზის წარმოდგენის შემთხვევაში, მართლზომიერი მფლობელის სახელზე შენობებით დაკავებულ მიწის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობაზე.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის მის საკუთრებად აღრიცხვა, მოსარჩელე თვლის, რომ მის საკუთრებაში უნდა აღირიცხოს 37230 კვ.მ ნაკვეთი. იმის გათვალისწინებით, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, მიწა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იმყოფება, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირად თვითმმართველი ერთეულის საქმეში ჩაბმის თაობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტა საჭიროებს სადავო მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონისადმი კუთვნილების გარკვევას. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის, აგრეთვე მის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსბულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 3.2 მუხლის თანახმად რეკრეაციული დანიშნულების ტერიტორია არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, გარდა ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 29.11.05წ, №968 ბრძანებულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიისა. ,,ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 17.08.12 წ. N728 ბრძანებულებით განსაზღვრულია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების წესები (1.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამდენად, საქმეზე უნდა დადგინდეს სადავო ტერიტორიაზე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მიწათსარგებლობის რეჟიმი, სასამართლოს უნდა გაერკვია ქმნიდა თუ არა შესაბამისი ნორმატიული რეგულაცია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მოსაზრებას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ვადასთან დაკაშრებით. “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლოებელობაში (სარგებლობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით. საქართველოს ... კავშირმა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა 24.02.2011წ., რა დროსითვისაც აღნიშნული ცვლილება არ იყო ძალაში შესული. შესაბამისად, მოსარჩელეზე ვერ გავრცელდება ხსენებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არ აქვთ უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისათვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. საერთო წესის თანახამად კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. ამდენად, იგი არ გამოიყენება იმ ფაქტის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის გამოცემამდე და იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება შენობა-ნაგებობებით დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე უარის თქმის ნაწილში, იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეში დაცული მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მოთხოვნის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც ეხება საქართველოს ... კავშირის სარგებლობაში არსებულ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში მდებარე დასასვენებელი სახლის შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დაადგინა :
1. ა(ა)იპ ,,საქართველოს ... კავშირის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2012 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე