Facebook Twitter

საქმე ¹ბს-423-418(კ-12) 11 აპრილი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. დ-ისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2012წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ლ-ემ 01.08.11წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის თბილისის საკრებულოს მიმართ ,,დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურეობის ტარიფის (საფასურის) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“ 24.06.2011 წ. №7-38 გაადწყვეტილების მე-2 პუნქტისა და გადაწყვეტილების №2 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბ. დ-მა 23.09.11 წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის თბილისის საკრებულოს მიმართ ,,დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურეობის ტარიფის (საფასურის) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“ 24.06.2011 წ. №7-38 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2011 წ. განჩინებით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.12.2011წ. გადაწყვეტილებით მ. ლ-ისა და ბ. დ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2012 წ. განჩინებით ბ. დ-ისა და მ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. დ-მა და მ. ლ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ისა და ბ. დ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნენ ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში მ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ,,დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურეობის ტარიფის (საფასურის) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“ 24.06.2011 წ. №7-38 გაადწყვეტილების მე-2 პუნქტისა და გადაწყვეტილების №2 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების ბათილად ცნობა, ხოლო ბ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო ,,დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურეობის ტარიფის (საფასურის) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“ 24.06.2011 წ. №7-38 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა დაგვა-დასუფთავების გადასახადის გაანგარიშება გახარჯული ელექტროენერგიის პროპორციულად, დადგინდა ქ.თბილისის მოსახლეობისთვის დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი - ერთ აბონენტად დარეგისტრირებულ მომხმარებელზე 1 კვტსთ-ში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 0,05 ლარის ოდენობით.

საკრებულოს სადავო გადაწყვეტილებაში თბილისის საკრებულოს 26.10.2012 წ. №12-42 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება, მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და განხორციელდა ტარიფების სეზონური დიფერენცირება, კერძოდ, ზამთრის სეზონში - პირველი ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით განახევრდა დაგვა-დასუფთავების ტარიფის ოდენობა და განისაზღვრა 1 კვტსთში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 0,025 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილების მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ ზამთრის დადგომისას იზრდება მოსახლეობის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების ოდენობა, რაც ავტომატურად იწვევს დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის ზრდას. ამდენად, აბონენტთა შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისგან დაცვის მიზნით, იმ პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია, დაგვა-დასუფთავების გადასახადი განახევრდა.

გარდა აღნიშნულისა, თბილისის მთავრობის 26.12.2012წ. 35.12.1274 დადგენილებით დამატებით განისაზღვრა ქ.თბილისის მოსახლეობისთვის კომუნალური დახმარების გაცემის წესი. მითითებული აქტით დადგინდა, რომ თითეულ აბონენტს კომუნალური გადასახადების დასაფარავად ჩაერიცხება 100 ლარი, წელიწადში 5-ჯერ 20-20 ლარის ოდენობით, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე 20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 16,90 ლარით (8,45+8,45 ლ.) ელექტროენერგიისა და დაგვა-დასუფთავების გადასახადები დაიფარება, ხოლო 3,15 ლარით - წყლის გადასახადი. ამდენად, წლის იმ პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარების ინტენსივობა განსაკუთრებით გაზრდილია, თბილისელებს მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე დაუდგინდათ დამატებითი შეღავათი.

საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში 22.03.2013 წ. შესული ცვლილებით ერთმანეთისგან განცალკევდა ელექტროენერგიისა და დაგვა-დასუფთავების გადასახადი, აიკრძალა მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობა სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის პროპორციულად, აიკრძალა ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მოსაკრებლისგან განსხვავებული ან დამატებით სხვა ტარიფის, გადასახდელის ან მომსახურების საფასურის შემოღება. ამასთან, დადასტურდა მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4 სულით. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონის 441 მუხლში 22.03.2013 წ. კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად, ქ.თბილისის მთავრობის მიერ ორგანიზებული მომსახურების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან შეარჩიონ ოპერატორი, ასეთი პირები თავისუფლდებიან დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მოსაკრებლისგან და მომსახურების საფასურს გადაიხდიან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ამასთანავე, განისაზღვრა, რომ დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისთვის პირები იხდიან დასუფთავების მოსაკრებელს და არა სადავო ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ტარიფს. აღნიშნული ცვლილებით, ფაქტობრივად, უქმდება ,,დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურეობის ტარიფის (საფასურის) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“ საკრებულოს 24.06.2011 წ. №7-38 სადავო გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში 22.03.2013 წ. კანონებით შეტანილი ცვლილები ამოქმედებას იწყებენ 2013 წლის 01 ივნისიდან. აღნიშნული რეგულაციით კანონმდებელმა, ფაქტობრივად, სადავო კანონქვემდებარე აქტის 2013 წლის 01 ივნისამდე მოქმედების კანონიერება განსაზღვრა. საერთო სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ანუ მისი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტისადმი შესაბამისობის შემოწმება. ამასთანავე, საკანონმდებლო აქტის ქმედითობა ვერ დადგება ეჭვქვეშ კანონქვემდებარე აქტის გასაჩივრების გამო, საკანონმდებლო აქტით კანონქვემდებარე აქტის მოქმედების ვადის განსაზღვრის მართებულობის შეფასება სცილდება საერთო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. დ-ისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.

ამასთან, ბ. დ-ს (პ.ნ. ...) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 12.04.2012 წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი, ხოლო მ. ლ-ეს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 19.06.2012წ. №1 შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ლ-ისა და ბ. დ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2012 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;

2. ბ. დ-ს (პ.ნ. ...) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 12.04.2012 წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

3. მ. ლ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 19.06.2012წ. №1 შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ.მურუსიძე

მ.ვაჩაძე