Nბს-483-477(კ-12) 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – რ/კ ,,…“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, რ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე რ/კ ,,…“ საკუთრების უფლების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ/კ ,,…“ 2011 წლის 3 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 იანვრისა და 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმში, ... ქუჩა №56-ში მდებარე უძრავ ნივთზე რ. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ/კ ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ბათუმში ... ქ. №56-ში მდებარე 42,16 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე 2005 წლის 9 ივნისის №1-2211 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, 2005 წლის 13 ივნისს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდა ნ. კ-ის საკუთრების უფლება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი .... 2008 წლის 12 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ... ქ. №56-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ 2008 წლის 15 სექტემბერს საჯარო რეეტრში დარეგისტრირდა რ. ჭ-ე. 2008 წლის 2 დეკემბერს ქ. ბათუმში, ... ქ. №56-ში მდებარე 257 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 2008 წლის 12 ნოემბრის №857 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. კ-ის საკუთრების უფლება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი:.... 2008 წლის 8 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 14 იანვარს ამ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა რ. ჭ-ის საკუთრების უფლება. 2009 წლის 27 იანვარს რ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული, ... ქუჩა №56-ში მდებარე 257 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ამავე მისამართზე არსებული, 42.16 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ერთ მიწის ნაკვეთად. უძრავი ნივთის ფართობმა შეადგინა 301,00 კვ.მ. შესაბამისად, საჯარო რეესტრში მისი მოთხოვნით განხორციელდა ცვლილება და რ. ჭ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა ერთიან მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით, რომლის საკადასტრო კოდია: .... ქ. ბათუმის პრეფექტის 1991 წლის 3 დეკემბრის №345 გადაწყვეტილებისა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის №01-22/429 მიმართვის საფუძველზე 2007 წლის 16 თებერვალს რ.კ. ,,...“ საკუთრება იქნა დარეგისტრირებული ქ. ბათუმში, ... ქ. №52-60-ში მდებარე 620 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, კერძოდ, საკადასტრო მონაცემები არ არის ასახული ერთიან სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. 2011 წლის 31 მარტს რ.კ. ,,...“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. ბათუმში, ... ქუჩა №56-ში) რეგისტრირებული რ. ჭ-ის საკუთრების უფლების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო დავა მიმდინარეობდა რ. ჭ-ესა და ნ. კ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით რ/კ ,,...“ უარი ეთქვა თავის მოთხოვნაზე, რაც გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დადგენილია და უდავო, რომ 2011 წლის 19 აგვისტოს რ/კ ,,...“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ზედდებას ადგილი, მის მიერ 2010 წლის 16 აპრილის მიმართვით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრულ ვერსიაზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და რ. ჭ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, 301 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) საკადასტრო მონაცემებს შორის.
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 23 აგვისტოს რ/კ ,,...“ წარმომადგენელს წერილობით ეცნობა, რომ ... მიერ 2010 წლის 16 აპრილის მიმართვით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრულ ვერსიაზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და რ. ჭ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, 301 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) საკადასტრო მონაცემებს შორის იყო ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ფარავდა 4,18 გრძივი მეტრით და მოიცავდა 71,33 კვ.მ.-ს.
საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ’’უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს არ გააჩნდა რაიმე სახის კანონისმიერი შემზღუდველი გარემოება იმისათვის, რომ არ დაერეგისტრირებინა რ. ჭ-ის საკუთრების უფლება, ქ. ბათუმში, ... ქუჩა №56-ში მდებარე როგორც ცალ-ცალკე ორ მიწის ნაკვეთზე, ნასყიდობის ხელშეკრულებათა საფუძველზე, ისე, 2009 წლის 27 იანვარს ორი ნაკვეთის გაერთიანების შედეგად მიღებულ 301 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე, დაზუსტებული მონაცემებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ რ.კ. ,,...“ მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რამდენადაც ეს აქტები კანონის შესაბამისობით არის მიღებული და მოსარჩელის მიმართ მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფუძველი არ არსებობდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ რ.კ. ,,...“ სარჩელი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ/კ ,,...“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით რ/კ ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ/კ ,,...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის დაუზუსტებლობა არ ნიშნავს, რომ დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები არ არის დაცული საჯარო რეესტრში. ამასთან რ. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის, 2009 წლის 14 იანვარს საჯარო რეესტრში რ.კ. ,,...’’ საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო რამდენიმე ყადაღა. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას. ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 631 მუხლის თანახმად, ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით რ/კ ,,...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ/კ ,,...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; რ/კ ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ... ქუჩა №58-60-ში მდებარე 70.36 კვ.მ მიწის ნაკვეთის რ. ჭ-ის საკუთრების უფლებად რეგისტრაციის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგსტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს რ/კ ,,...“ მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის – 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს და დადგენილად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. ბათუმში ... ქ. №56-ში მდებარე 42,16 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე 2005 წლის 9 ივნისის №1-2211 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, 2005 წლის 13 ივნისს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდა ნ. კ-ის საკუთრების უფლება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: .... 2008 წლის 12 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ... ქ. №56-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ 2008 წლის 15 სექტემბერს საჯარო რეეტრში დარეგისტრირდა რ. ჭ-ე. 2008 წლის 2 დეკემბერს ქ. ბათუმში, ... ქ. №56-ში მდებარე 257 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 2008 წლის 12 ნოემბრის №857 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. კ-ის საკუთრების უფლება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: .... 2008 წლის 8 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 14 იანვარს ამ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა რ. ჭ-ის საკუთრების უფლება. 2009 წლის 27 იანვარს რ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული, ... ქუჩა №56-ში მდებარე 257 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ამავე მისამართზე არსებული, 42.16 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ერთ მიწის ნაკვეთად. უძრავი ნივთის ფართობმა შეადგინა 301,00 კვ.მ. შესაბამისად, საჯარო რეესტრში მისი მოთხოვნით განხორციელდა ცვლილება და რ. ჭ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა ერთიან მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით, რომლის საკადასტრო კოდია: .... ქ. ბათუმის პრეფექტის 1991 წლის 3 დეკემბრის №345 გადაწყვეტილებისა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის №01-22/429 მიმართვის საფუძველზე 2007 წლის 16 თებერვალს რ.კ. ,,...“ საკუთრება იქნა დარეგისტრირებული ქ. ბათუმში, ... ქ. №52-60-ში მდებარე 620 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, კერძოდ, საკადასტრო მონაცემები არ არის ასახული ერთიან სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. 2011 წლის 31 მარტს რ.კ. ,,...“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. ბათუმში, ... ქუჩა №56-ში) რეგისტრირებული რ. ჭ-ის საკუთრების უფლების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო დავა მიმდინარეობდა რ. ჭ-ესა და ნ. კ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით რ/კ ,,...“ უარი ეთქვა თავის მოთხოვნაზე, რაც გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დადგენილია და უდავო, რომ 2011 წლის 19 აგვისტოს რ/კ ,,...“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ზედდებას ადგილი, მის მიერ 2010 წლის 16 აპრილის მიმართვით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრულ ვერსიაზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და რ. ჭ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, 301 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) საკადასტრო მონაცემებს შორის. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 23 აგვისტოს რ/კ ,,...“ წარმომადგენელს წერილობით ეცნობა, რომ ... მიერ 2010 წლის 16 აპრილის მიმართვით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრულ ვერსიაზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და რ. ჭ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, 301 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) საკადასტრო მონაცემებს შორის იყო ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ფარავდა 4,18 გრძივი მეტრით და მოიცავდა 71,33 კვ.მ.-ს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ განსახილველი დავა გადაწყვიტა არსებითად, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ობიექტური სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ ქმნის დავის კანონიერად და ობიექტურად გადაწყვეტის საკმარის წინაპირობას, მათი წინააღმდეგობრიობის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა საქმე განიხილა საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობითურთ რეგისტრირებული იყო შპს ,,...“ საკუთრებად, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორი იქნებოდა მისი გადაწყვეტილება ამ და სხვა მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში, რის აუცილებლობასაც პირდაპირ ადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი როგორც ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, ასევე ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას. ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისე მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომ არ იქნა გამოკვლეული მთელი რიგი საქმის გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა ისე დაარეგისტრირა თავდაპირველად ნ. კ-ის, ხოლო შემდეგ უკვე რ. ჭ-ის საკუთრებად, არ გამოარკვია იყო თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი რ/კ ,,...“ საკუთრება, სახეზე იყო თუ არა მიწის ნაკვეთების ზედდება ან გადაფარვა. იმ ვითარებაში, როცა სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე უკვე არსებობდა რეგისტირებული საკუთრების უფლება, ადმინისტრაციულ ორგანოს ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა აღიარების კომისიის გადაწყვეტილება და ამ შეფასების შემდეგ უნდა მოეხდინა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რ/კ ,,...“ საკუთრებაში გააჩნია შემდეგი უძრავი ქონება: სარეგისტრაციო ზონა _ ბათუმი, კოდი ..., სექტორი ..., კოდი ..., კვარტალი ...., ნაკვეთი ..., ფართობი 620 კვ.მ (დაუზუსტებელი); აღნიშნული ნაკვეთის მისამართად მითითებულია ქ. ბათუმი, ... ქ. №58-60; ხოლო რ. ჭ-ის საკუთრებაშია შემდეგი უძრავი ქონება: სარეგისტრაციო ზონა _ ბათუმი, კოდი ..., სექტორი ..., კოდი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ფართობი 301 კვ. (დაზუსტებული). მისამრთად მითითებულია ქ. ბათუმი, ... ქ. №56. ორივე რეგისტრაციას საფუძვლად უდევს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ კი რ/კ ,,...“ რეგისტრაციის საფუძველია ქ. ბათუმის პრეფექტის 1991 წლის 3 დეკემბრის №345 გადაწყვეტილება და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 12 თებერვლის №01-22/429 მომართვა; რაც შეეხება რ. ჭ-ის რეგისტრაციის საფუძველს, ამონაწერში მითითებულია 2008 წლის 12 სექტემბრის ნ. კ-ესა და რ. ჭ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუს ვ. ნ-ის მიერ 2009 წლის 6 იანვარს №1-46. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ნ. კ-ემ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა აღიარებით, რომელიც შემდგომ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის განმარტებით ნ. კ-ის მიმართ აღნიშნული მიწის დაუფლებასთან დაკავშირებით გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით კოოპერატივ ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 14 ოქტომბრის №47 გადაწყვეტილება და 2008 წლის 12 ნოემბრის №51 დადგენილება ქ. ბათუმში, ... ქ. №56 მდებარე მიწის ნაკვეთზე ნ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, აგრეთვე ნ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №897 მოწმობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ რ/კ ,,...“ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართად მითითებულია ქ. ბათუმი, ... ქ. №58-60, ხოლო რ. ჭ-ის მიწის ნაკვეთის მისამართად ქ. ბათუმი, ... ქ. №56.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც აქტის გამოცემის პროცესში მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება უნდა ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება, დაადგინოს რეალურად სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობა, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, მოწმის სახით დაკითხოს მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, რათა სარწმუნოდ დადგინდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. აღნიშნული განმსაზღვრელი მნიშვლელობის მქონე გარემოების დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს ასე ამ უფლების ადრინდელ მფლობელზე რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნას წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი და მათ შორის რეგისტრაციის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო გამორიცხავს რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობას, თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, თუ ვის გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი, ამასთან გათვალისწინებული უნდა იყოს უფლებათა რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის პრინციპი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმებისა და რ/კ ,,...“ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაეკისროს რ/კ ,,...“ მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის – 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ/კ ,,...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ/კ ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ... ქუჩა №58-60-ში მდებარე 70.36 კვ.მ მიწის ნაკვეთის რ. ჭ-ის საკუთრების უფლებად რეგისტრაციის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგსტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს რ/კ ,,...“ მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის – 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე