ბს-Nბს-521-512 (კ-12) 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – რ/კ ,,…“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ.კ. ”…” 2011 წლის 19 სექტემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე რ.კ „…“ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქ. ბათუმში, …. ქ.N58-ში მდებარე 295 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიაროს რ/კ „…“ საკუთრების უფლება და ამავე მიწის ნაკვეთზე განახორციელოს რ/კ „…“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით. სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს N882011163244-09 გადაწყვეტილება, დავალდებულდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში, ე.… ქ.N58-ში მდებარე 295 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რ/კ „…“ საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის შესახებ, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ასევე ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 აგვისტოს N126361 გადაწყვეტილება მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქმეში, რ/კ „…“ სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, თანამოპასუხედ ჩაბმული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ.კ. ”…” სარჩელი მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე და განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 21-ე მუხლით ცალსახად განისაზღვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 4 ივლისს მიღებული იქნა N882011163244-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც განმცხადებელს განესაზღვრა 30 დღიანი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად, კერძოდ, დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ რ/კ ,, …” ქ. ბათუმში, .… ქ.№58-ში სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილი კონკრეტული ფართი; ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენი მფლობელი ირიცხებოდა რ/კ ,, …” საცხოვრებელი სახლის აშენებისა და კომუნალური მფლობელობის საცხოვრებელი სახლების ათვისების ნებართვის გაცემის დროისათვის ქ.ბათუმში, .… ქ. №58-ში; აღნიშნულ მისამართზე მდებარე 130,35 კვ.მ. დაუზუსტებელ ფართზე რეგისტრირებული მესაკუთრის _ ი. ბ-ის და ქ. ბათუმის მერიის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მიზნებისათვის, რ/კ ,, …” სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის და ცნობა-დახასიათების წარსადგენად. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მითითებული ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, მოსარჩელე მხარის მიერ დადგენილ ვადაში შევსებული ვერ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2011 წლის 4 ივლისის N882011163244-04 გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზი და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ იქნა ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, რ/კ ”…” ქ.ბათუმში, .… ქ.№58-ში სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილი კონკრეტული ფართის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენი მფლობელი ირიცხებოდა რ/კ ”…“ საცხოვრებელი სახლის აშენებისა და კომუნალური მფლობელობის საცხოვრებელი სახლების ათვისების ნებართვის გაცემის დროისათვის ქ.ბათუმში, .… ქ.№58-ში, ი. ბ-ის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა, ასევე განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ზემოაღნიშნულ პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ/კ ”…” განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს N882011163244-09 გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 აგვისტოს N126361 გადაწყვეტილების უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევისა და მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რამდენადაც ეს აქტები კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო მიღებული, ვინაიდან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ინფორმაციას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ არის დარღვეული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არის სახეზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ/კ ,, …“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით რ/კ „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მის მიერ სრულად იქნა აღმოფხვრილი მითითებული ხარვეზი და რომ სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა უფლების რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია და არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები. პალატამ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს მიეთითა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა სახლის მშენებლობისთვის კონკრეტულად თუ რა ფართი გამოეყო რ/კ ”…” უფლებამოსილი ორგანოს მიერ … ქ. №58-ში. აღნიშნულის დამაზუსტებელი რაიმე მტკიცებულება დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ წარუდგენია, უფრო მეტიც, ასეთი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში. პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც … ქ.№52-60-ში რ/კ ”…” საკუთრების უფლება რეგისტრირებული ჰქონდა 1661 კვ.მ (620+1041) - მიწის ფართზე, იმავე უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, დამატებით 290 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურმა მართებულად მოითხოვა იმის დამაზუსტებელი მტკიცებულების წარდგენა, კონკრეტულად თუ რა ოდენობის მიწის ფართი გამოეყო დაინტერესებულ პირს მითითებულ მისამართზე. ასეთი მტკიცებულება კი დადგენილ ვადაში წარდგენილი არ ყოფილა. ასევე, აღნიშნულ მისამართზე მდებარე 130.35 კვ.მ (დაზუსტებული) მიწის ფართზე (ს/კ - …), საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იყო ი. ბ-ის საკუთრების უფლება, ხოლო ტექაღრიცხვის ბიუროს არქივის მონაცემებით ამავე მისამართზე აღრიცხული იყო ქ. ბათუმის მერიაც, განცხადებას კი, არ ერთვოდა მათი სათანადოდ დამოწმებილი თანხმობა უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციისათვის.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირის მიერ, მითითებული ხარვეზი აღმოფხვრილი არ ყოფილა, წარდგენილი დოკუმენტაცია სარეგისტრაციო სამსახურმა მართებულად მიიჩნია არასაკმარისად მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად და კანონიერად შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ/კ ,, …“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება არაკანონიერია, რადგან საქმისთვისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს შეფასება არ მიეცა. შესაბამისად, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს საკუთარი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მათი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ამ ინსტანციაში წარმოდგენილი აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, … ქ. N58-ში მდებარე 295 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოთხოვნილი იყო რ/კ „…“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შედის 1988 წლის 20 დეკემბრის N1083 გადაწყვეტილებით რ/კ „…“ გამოყოფილი მიწის ფართობში და სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებასთან. კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ასევე არ შეუფასებია რ/კ ,, …“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო 295 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ შედის ი. ბ-ის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაში და არც ბათუმის მერიას გააჩნია რაიმე უფლება, კერძოდ, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურიდან მიღებული ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-ნახაზებთან ერთად, ქ. ბათუმის მერიის კორესპოდენცია და მერიის წარმომადგენლის განმარტება სასამართლო პროცესზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით რ/კ ,, …“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ/კ ,, …“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; რ/კ ,, …“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს რ/კ ,, …“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №882011163244-09 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის N880211163244-04 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის რ/კ ,, …“ სასარგებლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, რომელიც რ/კ ,, …“ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაწილის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას შეეხება.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2-ე მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 20 დეკემბრის N1083 გადაწყვეტილებით რ/კ „…“ ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ქ. ბათუმში, … (ამჟამინდელი…) ქუჩა 52-60-ში გამოეყო მიწის ნაკვეთი პირადი და კომუნალური მფლობელობის საცხოვრებელი სახლების ათვისებით, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის რ/კ „…“ სახლის მშენებლობისათვის … ქუჩა N52-60-ში, მათ შორის, N58-ში გამოყოფილი კონკრეტული ფართის ოდენობა. ქ. ბათუმის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 3 დეკემბრის №345 გადაწყვეტილებით დამტკიცდა რ/კ ”…” ხუთსართულიანი, 39 ბინიანი, საუწყებო საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით … ქ.№52-60-ში ათვისებაში მოხვედრილი ოჯახების სია და მათზე გადასაცემად წარმოდგენილი საგარანტიო წერილები. საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 8 იანვრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ბათუმის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 3 დეკემბრის N345 გადაწყვეტილებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 12 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, 2007 წლის 16 თებერვალს სამომხმარებლო კოოპერატივი „…“ საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, … ქ. N58-60-ში მდებარე 620 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის 2010 წლის 11 მარტის ამონაწერით დასტურდება, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 20 დეკემბრის N1083 გადაწყვეტილებისა და ქ. ბათუმის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2009 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებულ იქნა რ/კ „…“ საკუთრების უფლება ქ. ბათუმში, … ქ. N52-60-ში მდებარე 1041 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. 2011 წლის 31 მარტს რ/კ ”…” განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა … ქ. N58-ში მდებარე 292 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის N882011163244-04 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს დაევალა 30 კალენდარული დღის ვადაში უფლების რეგისტრაციისთვის სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ რ/კ „…“ სახლის მშენებლობის საფუძველზე გამოყოფილი ქ. ბათუმი, … ქ. N58-ში კონკრეტული ფართის დამდგენი დოკუმენტის, რ/კ „…“ საცხოვრებელი სახლის აშენების და კომუნალური მფლობელობის საცხოვრებელი სახლების ათვისების ნებართვის გაცემის დროისთვის ბათუმი, … ქ. N58-ში მფლობელთა კონკრეტული რიცხოვნობის თაობაზე დოკუმენტაციის/ინფორმაციის, რეგისტრაციის მიზნებისთვის აღნიშნულ მისამართზე მდებარე 130,35 კვ.მ დაუზუსტებელ ფართზე (ს/კ - …) რეგისტრირებული ი. ბ-ის, ქ. ბათუმის მერიის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობის და რ/კ „…“ როგორც სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (იდენტიფიკაციის) და ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა-დახასიათების/საინვენტარიზაციო გეგმის წარდგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №882011163244-09 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა რ/კ ,, …’’ მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 აგვისტოს №126361 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ/კ ,, …’’ ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების №882011163244-09 ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ განსახილველი დავა გადაწყვიტა არსებითად, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 21-ე მუხლით ცალსახად განისაზღვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 4 ივლისს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და რ/კ ,, …’’ დაავალა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, რ/კ ,, …’’ განახორციელა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისათვის დადგენილ 30 კალენდარული დღის ვადაში; კერძოდ, რ/კ ,, …“ მიერ 2011 წლის 7 ივლისს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა მ. ქ-ის და ჯ. მ-ის პირადი განცხადებები, 2006 წლის 22 სექტემბრის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ქ. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის 2009 წლის 15 ივნისის №1-10-475 წერილი (რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. ბათუმის მერიას ქ. ბათუმში … ქუჩა N58-ში რაიმე სახის უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით არ ერიცხება), ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 13 დეკემბრის №TT2010087504-03 გადაწყვეტილება, ქ. ბათუმის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 3 დეკემბრის N345 გადაწყვეტილების და მისი დანართი N1-ის (ქ. ბათუმი … ქ. N52-60-ში მობინადრეთა სახელობითი სია, რომლებიც მოხვდნენ ათვისებაში 50 ბინიანი … საუწყებო სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით) ქსეროასლები. 2011 წლის 3 აგვისტოს მ. ქ-ის მიერ წარდგენილ იქნა თანდართული ცნობებისა და აჭარის ა/რ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ქსეროასლები, 2011 წლის 4 აგვისტოს ასევე დამატებით იქნა წარდგენილი 2005 წლის 19 ოქტომბრის ბათუმის ქალაქგეგმარებითი/სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის №01-12/460 დასკვნის ასლი, სადაც მითითებულია, რომ 1988 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემულ იქნა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და მიწის გამოყოფის პასპორტი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებული ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა კონკრეტულად სახლის მშენებლობისთვის რა ფართი გამოეყო რ/კ „…“ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ქ. ბათუმში, … ქ. N58-ში წარმოდგენილი არ ყოფილა არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა კანონსაწინააღმდეგოდ გამოსცა 2011 წლის 18 აგვისტოს №882011163244-09 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რამდენადაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ინფორმაციას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს სამართალწარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევეაში სახეზეა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უგულვებელყოფილი იქნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმიისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ქ. ბათუმში, … ქ. N 58-ში წარმოდგენილ ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთზე ი. ბ-ის სახელზე რიცხული შენობა-ნაგებობები არ არის განთავსებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში რ/კ ,, …“ მიერ წარდგენილ იქნა სსიპ ლ. ს-ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2012 წლის 13 მარტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქ. ბათუმში, … ქუჩა N58-ში არსებული 295 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ი. ბ-ის საკუთრებაში მდებარე სახლთმფლობელობის მიმდებარედ, მარჯვენა ნაწილში შედის რ/კ “ …“ ბათუმის საქალაქო საბჭოს N1083 გადაწყვეტილებით გამოყოფილ მიწის ფართობში.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს; განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გამოტანილ განჩინებაში არ არის განმარტება მასზედ, თუ რა გარემოებების გამო არ გაიზიარა სასამართლომ სსიპ ლ. ს-ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2012 წლის 13 მარტის დასკვნა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რ/კ „…“ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ 1. ქ. ბათუმში, … ქ. N58-ში მდებარე 295 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედის რ/კ „…“ ბათუმის საქალაქო საბჭოს 1988 წლის 20 დეკემბრის N1083 გადაწყვეტილებით … ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილი ქ. ბათუმში … (ამჟამინდელი…) ქუჩა N52-60-ში გამოყოფილ მიწის ნაკვეთში და 2. რ/კ „…“ მიერ მოთხოვნილი 295 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმში, … ქ. N58-ში არის ი. ბ-ის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის მიმდებარედ და ამდენად, არ ხდება მიწის ნაკვეთების გადაფარვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის სახლახო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 20 დეკემბრის N1083 გადაწყვეტილებაში კონკრეტულად არ არის მითითებული რ/კ „…“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ოდენობა, თუმცა აღნიშნულია, რომ რ/კ „…“ სახლის მშენებლობისთვის გამოეყო v ( ამჟამინდელი …) ქ. N52-60-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რ/კ „…“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მოიცავს მთელ პერიმეტრს, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმი, … ქ. N52-60-ის ჩათვლით.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია განიხილოს განცხადება და საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს და იმსჯელოს რ/კ. ,, …’’ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი აქვს თუ არა სათანადო და საკმარისი დოკუმენტაცია და აგრეთვე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ექვემდებარება თუ არა განცხადება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, დაკმაყოფილებას ან პირიქით დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული – ქუთაიასის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმებისა და რ/კ ,, …“ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაეკისროს რ/კ ,, …“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
რ/კ ,, …“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; რ/კ ,, …“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს რ/კ ,, …“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე