№ბს-620-608(კ-12) 11 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. კ-ე
წარმომადგენელი – ლ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი; წარმომადგენლები – ბ. ხ-ი; მ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 3 თებერვალს ა. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 20 წლის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2011 წლის 22 თებერვლიდან არის დათხოვნაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის შტაბის ოფიცრად ყოფნის დროს მისი ხელფასი შეადგენდა 1189 ლარს. „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 0,75%-ის ნამრავლით ზემოთხსენებულ ორგანოში მუშაობის სტაჟზე, რაც ჯამში 174 ლარს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებაზე დაყრდნობით, ხელფასის ოდენობა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს, წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატის და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამით დაიანგარიშა და ა. კ-ეს კომპენსაციის სახით 53.78 ლარი დაუნიშნა, რაც მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 ნოემბრის №05/3207 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის №04/1092 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრისათვის ა. კ-ისათვის კომპენსაციის სახით მისი ხელფასიდან - 1189 ლარიდან 174 ლარის ოდენობით თანხის დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ დამატებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქმეში მოპასუხედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართვაზე მიუთითა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით ა. კ-ის სარჩელზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს №2371 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბატალიონის შტაბის S-1-ის ოფიცერი, ... ა. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 30 ივნისიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2011 წლის 2 სექტემბრის №4759 ფულადი ატესტატის თანახმად, ... ა. კ-ე თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე იღებდა: 1. სარგოს სამხედრო წოდებისათვის 60 ლარს; 2. სარგოს თანამდებობისათვის 220 ლარს; 3. პროცენტულ დანამატს ნამსახურობისათვის 84 ლარს; 4. კვების კომპენსაციას 75 ლარს; 5. კატეგორიის დანამატს 750 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 ნოემბრის №05/3207 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის №04/1092 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ა. კ-ეს დაენიშნება კომპენსაცია მისი ხელფასიდან - 1189 ლარიდან 174 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს; იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 0,75%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ხოლო, იმავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2006 წლის 15 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და მისი გაცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების წესი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს: თანამდებობრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის სარგოს და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სპეციალური კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცალსახად არის განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილი პირისათვის განკუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის დაანგარიშების წესი. ხსენებული პირების შრომის ანაზღაურება შედგება რამოდენიმე კომპონენტისაგან, კერძოდ, მოსარჩელე მუშაობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე იღებდა: სარგოს სამხედრო წოდებისათვის, სარგოს თანამდებობისათვის, პროცენტულ დანამატს ნამსახურობისათვის, კვების კომპენსაციას და კატეგორიის დანამატს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომპენსაციის გაანგარიშებისას ხელფასის ოდენობაში შედის მხოლოდ თანამდებობრივი სარგო, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სარგო სამხედრო წოდებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ხელფასის ოდენობა დადგენილია სპეციალური კანონმდებლობით და მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე მითითება არ არის მართებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ხელფასის ოდენობის განსაზღვისას სოციალური მომსახურების სააგენტოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით უნდა ეხელმძღვანელა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 ნოემბრის №05/3207 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის №04/1092 გადაწყვეტილებების გამოცემისას გამოკვლეული და შესწავლილი იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მოპასუხე მხარის მიერ ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი), იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა ისეთი დარღვევით, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად შეიძლება გამხდარიყო მათი ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის, ხოლო შემდეგ სააპელაციო საჩივრის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება, იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას (საიდანაც უნდა იქნეს გამოთვლილი კომპენსაცია (22-ე მუხლის მე-6 პუნქტი)), თავისთავად ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, იგი ვერ იქნება უპირატესი იურიდიული ძალის მატარებელი, რის გამოც კომპენსაციის გაანგარიშებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული მასში მითითებული წესი.
კასატორი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენასიციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დაევალა მხოლოდ სტიპენდიის დანიშვნისა და მისი გაცემა-განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების წესის ჩამოყალიბება, რაც შეეხება სხვა საკითხების, მათ შორის კომპენსაციის გადაანგარიშების წესს, აღნიშნულის რეგულირების კომპეტენცია არ გააჩნია ჯანდაცვის მინისტრს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მინისტრის ბრძანება წარმოადგენს არარა აქტს.
ამასთან, კასატორის განმარტებით, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ეწინააღმდეგება კანონს, გამოიყენება კანონი, ვინაიდან, მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი), ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით. კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ მის არგუმენტებზე და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 7 თებერვალს 12:30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საკითხს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე, რომ არ იმსჯელეს მოსარჩელის არგუმენტებზე და ვერ დაასაბუთეს ა. კ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს №2371 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბატალიონის შტაბის S-1-ის ოფიცერი, ... ა. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 30 ივნისიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად (ს.ფ. 14). 2011 წლის 2 სექტემბრის №4759 ფულადი ატესტატის მიხედვით, ... ა. კ-ე თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე იღებდა: 1. სარგოს სამხედრო წოდებისათვის 60 ლარს; 2. სარგოს თანამდებობისათვის 220 ლარს; 3. პროცენტულ დანამატს ნამსახურობისათვის 84 ლარს; 4. კვების კომპენსაციას 75 ლარს; 5. კატეგორიის დანამატს 750 ლარს (ს.ფ. 15).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 ნოემბრის №05/3207 გადაწყვეტილებით ა. კ-ის სახელმწიფო კომპენსაცია 53.78 ლარის ოდენობით განისაზღვრა; ხოლო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის №04/1092 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მისთვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა. კ-ე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 ნოემბრის №05/3207 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის №04/1092 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრისათვის ა. კ-ისათვის კომპენსაციის სახით მისი ხელფასიდან - 1189 ლარიდან 174 ლარის ოდენობით თანხის დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მოითხოვს. კასატორის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა, რომ ა. კ-ეს მისი ხელფასიდან - 1189 ლარიდან 174 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის დღიდან უნდა დანიშვნოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ა. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს. ამასთან, მხარეთა შორის დავას ხელფასის (საიდანაც უნდა გაანგარიშდეს კომპენსაცია) ცნება და მისი შემადგენელი კომპონენტები იწვევს. შესაბამისად, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელფასის ცნებასთან დაკავშირებით სათანადო კანონის გამოყენება. კერძოდ, სადავოა ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, თუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს: თანამდებობრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის სარგოს და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 0,75%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე. ამდენად, აღნიშნული ნორმის თანახმად, კომპენსაციის ოდენობა გამოითვლება და გაანგარიშდება ხელფასის ოდენობიდან. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს თავად ხელფასის კომპონენტების განსაზღვრა.
ამასთან, აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ხოლო, ამავე კანონის მე-40 მუხლით განისაზღვრა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2006 წლის 15 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და მისი გაცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების წესი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კომპეტენციაზე, კერძოდ, იმაზე, თუ კონკრეტულად რა ჰქონდა კანონით მინისტრს დავალებული. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მინისტრს უნდა განესაზღვრა კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც ნორმატიული აქტით უნდა განსაზღვრულიყო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით განისაზღვრა თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა, რომელიც შეადგენს: თანამდებობრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის სარგოს და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ხელფასის ოდენობა დადგენილია სპეციალური კანონმდებლობით და მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე მითითება არ არის მართებული. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, მაგრამ საკასაციო სასამართლო სპეციალურ წესრიგად ვერ მიიჩნევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესს“. აღნიშნულ კანონქვემდებარე აქტს ვერ განვიხილავთ სპეციალურ რეგულირებად. საკასაციო სასამართლო ასეთ სპეციალურ რეგულირებად მაგალითისათვის მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სოციალური დაცვის საკითხებს (მათ შორის ხელფასის კომპონენტებს). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ასეთ სპეციალურ დათქმას ხელფასის კომპონენტების მიმართ.
დამატებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე გვაქვს ორი იერარქიულად სხვადასხვა საფეხურზე მდგომი აქტი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესი“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თავად კომპენსაციის ბუნებაზე და მისი დანიშვნის საფუძვლებზე. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამდენად, კომპენსაციის მიზნებიდან და მისი დანიშვნის საფუძვლებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კომპენსაცია თავისი არსით პირისათვის დამატებით სოციალური დაცვის გარანტს უნდა წარმოადგენდეს, მისი ოდენობა განსხვავებული უნდა იყოს ჩვეულებრივი პენსიის ოდენობისგან და იგი, მისი ოდენობიდან გამომდინარე, მისი მიზნების შეუსაბამო არ უნდა იყოს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაასაბუთეს სადავო აქტების კანონიერება, ხოლო კასატორმა - ა. კ-ემ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა. კ-ისათვის კომპენსაციის სახით 53.78 ლარის დანიშვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 ნოემბრის №05/3207 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კომპენსაციის კანონმდებლობის შესაბამისად დანიშვნისა და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობასთან ერთად საყურადღებოა მოთხოვნილი - 174 ლარის ოდენობით კომპენსაციის დანიშვნის პერიოდი, ვინაიდან, კანონმდებლობამ კომპენსაციის გაანგარიშების ახალი წესი შემოიღო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 22 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით განსხვავებულად განისაზღვრა კომპენსაციის გაანგარიშების წესი; კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე; ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე; ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე; ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს მიუთითებს, რომ ა. კ-ისათვის კომპენსაციის გაანგარიშებისა და კომპენსაციის დანიშვნის პერიოდის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების დრო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის №04/1092 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ა. კ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შასაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ იმის ნაცვლად, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საკითხისათვის, სრულად გაიზიარა და უცვლელად დატოვა სადავოდ ქცეული კომპენსაციის სახით 53.78 ლარის დანიშვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 ნოემბრის №05/3207 გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის №04/1092 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 9 იანვრის №04/1092 გადაწყვეტილება;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ა. კ-ისათვის კომპენსაციის სახით 53.78 ლარის დანიშვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 ნოემბრის №05/3207 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კომპენსაციის კანონმდებლობის შესაბამისად დანიშვნისა და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე