№ბს-651-637(კ-12) 11 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი _ მ. ს-ე
წარმომადგენელი – ნ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი – ვ. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 15 დეკემბერს მ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: მცხეთა, ... ქუჩა) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ნივთის მოსაზღვრეები არ ემთხვევა სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტში - 1998 წლის 28 ნოემბრის №169 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მოსაზღვრე პირთა სიას. მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითი გამოკვლევის გარეშე გამოსცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რითაც ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 ოქტომბრის №882011480478-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 ნოემბრის №882011480478-06 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ნოემბრის №172100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 20 მარტის №94 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ქ. მცხეთის საკრებულოს 1995 წლის 31 ოქტომბრის №80 დადგენილების (ოქმი №9/4) საფუძველზე ჯ. ხ-ას სარგებლობაში გადაეცა, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა ფართობის ერთი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებულია: ჩრდილოეთით - ქალაქის ფონდის ტერიტორია; სამხრეთით - ქალაქის ფონდის ტერიტორია; აღმოსავლეთით - გზა; დასავლეთით - ქალაქის ფონდის ტერიტორია.
1983 წლის 24 დეკემბერს გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად, ჯ. ხ-ას დაქორწინების შემდეგ მიეკუთვნა გვარი - მ-ე.
მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 601 კვ/მ ფართობის (დაზუსტებელი) მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: ...; წინა № ...), უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტის - 1999 წლის 20 მარტის №94 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რეგისტრირებულია ჯ. მ-ის საკუთრების უფლება (განაცხადის რეგისტრაციის №720002508; თარიღი 25.05.00; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 25.05.00).
სასამართლომ 12 მაისის (წელი არ იკითხება) №111 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. მცხეთის საკრებულოს 1999 წლის 31 ოქტომბრის №101 დადგენილების (ოქმი №104) საფუძველზე, გ. მ-ეს სარგებლობაში გადაეცა, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა ფართობის ერთი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებულია: ჩრდილოეთით - ქალაქის ფონდის ტერიტორია; სამხრეთით - ქალაქის ფონდის ტერიტორია; აღმოსავლეთით - გზა; დასავლეთით - ქალაქის ფონდის ტერიტორია.
მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 600 კვ/მ ფართობის (დაზუსტებელი) მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: ...; წინა № ...), უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტის - 12 მაისის №111 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რეგისტრირებულია გ. მ-ის საკუთრების უფლება (განაცხადის რეგისტრაციის №720003485; თარიღი 16.08.00; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 16.08.00).
1998 წლის 28 ნოემბრის №169 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ქ. მცხეთის საკრებულოს 1998 წლის 27 ნოემბრის №154 დადგენილების (ოქმი №11/20) საფუძველზე, თ. ზ-ს სარგებლობაში გადაეცა, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა ფართობის ერთი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებულია: ჩრდილოეთით - თ. ზ-ის ნაკვეთი; სამხრეთით - მ. მ-ის ნაკვეთი; აღმოსავლეთით - ჯ. ხ-ას ნაკვეთი; დასავლეთით - გზა.
მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 0,06 ჰა ფართობის (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი - ...; სექტორი - მცხეთა, კოდი - ...; კვარტალი - №..., ნაკვეთი - №...), უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტის - 1998 წლის 28 ნოემბრის №169 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რეგისტრირებულია თ. ზ-ის საკუთრების უფლება.
2006 წლის 13 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მ. ს-ემ, თ. ზ-ისაგან შეიძინა, უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა ფართობის (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი - ...; სექტორი - მცხეთა, კოდი - ...; კვარტალი - №..., ნაკვეთი - №...).
მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 0,06 ჰა ფართობის (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი - ...; სექტორი - მცხეთა, კოდი - ...; კვარტალი - №..., ნაკვეთი - №...), უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტის - 2006 წლის 13 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის №1/2857) საფუძველზე რეგისტრირებულია მ. ს-ის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2011 წლის 30 სექტემბერს მ. ს-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №720614254; თარიღი: 13.11.06); ი/მ „ა. რ-ის“ მიერ 2011 წლის 30 სექტემბერს შედგენილი 600 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ნივთის მოსაზღვრეები არ ემთხვეოდა სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტში - 1998 წლის 28 ნოემბრის №169 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მოსაზღვრე პირთა სიას. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განახლებისათვის მოთხოვნილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. შეჩერების აღნიშნული საფუძვლის აღმოსაფხვრელად, დაინტერესებულ პირს განესაზღვრა ვადა - 30 კალენდარული დღით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2011 წლის 28 ოქტომბერს, მ. ს-ის წარმომადგენლმა ვ. ს-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი - ...; ... და ... საკადასტრო კოდებზე არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტები, კერძოდ: ჯ. ხ-ას სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №882008087570, თარიღი: 31.03.08) და 1999 წლის 20 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №94; თ. ზ-ის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და 1998 წლის 28 ნოემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №169; გ. მ-ის სახელზე 12 მაისს (წელი არ იკითხება) გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №111 და 2011 წლის 13 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაცია №882011169983, 12/04/2011).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ. ს-ის წარმომადგენელს ვ. ს-ეს უარი ეთქვა 2011 წლის 4 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (რომლითაც მოთხოვნილი იქნა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 ოქტომბრის №882011480478-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა), ვინაიდან, მ. ს-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ნივთის მოსაზღვრე პირები არ შეესაბამებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტში - 1998 წლის 28 ნოემბრის №169 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მოსაზღვრე პირთა სიას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის წერილით დადგენილია, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკადასტრო რუკის მონაცემებით მ. ს-ის მიერ 2011 წლის 30 სექტემბრის №882011480478 განაცხადით წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან არ გამოვლინდა. რაც შეეხება ინფორმაციას მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ... ქუჩაზე ან მის მიმდებარედ, უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია ვერ ხდება. ქ.მცხეთის სარეგისტრაციო სექტორში მდებარე რაიმე უძრავ ნივთზე მ. მ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
2012 წლის 22 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ.მცხეთაში, ... ქუჩაზე მ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულია 600.00კვ.მ დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: 1. ცნობა №08–2/46, დამოწმების თარიღი 02.09.2005, 2. მცხეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილება №90, დამოწმების თარიღი 22.05.1992 და 3. მიღება–ჩაბარების აქტი №79, დამოწმების თარიღი 26.101999.
მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი N79, დამოწმების თარიღი 26.101999–ით, დადგენილია, რომ მ. მ-ს გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,06 ჰა, (20x30) ... ქუჩაზე, მოსაზღვრეებს წარმოადგენენ – სამხრეთით გზა, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით – ქალაქის ფონდის ტერიტორია. მიღება – ჩაბარების აქტს მეორე გვერდზე ერთვის მიწის ნაკვეთის ნახაზი, რომლის მიხედვითაც მოსაზღვრეებად მითითებულია – გზა, ორი მხრიდან ქალაქის ფონდის ტერიტორია და ერთ–ერთი მხრიდან გ. ხ-ის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სასამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს და პირობებს განსაზღვრავს ქონების სარეგისტრაციო წარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“. მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: „განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად...“
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა, რომ ცვლილების რეგისტრაცია გულისხმობს მიწის ნაკვეთის საზღვრის, კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის დადგენას. მოცემულ შემთხვევაში, მ. ს-ეზე რეგისტრირებული უძრავი ქონების დაუზუსტებელი ფართის დადგენა უნდა განხორციელდეს პირველადი რეგისტრაციის იურიდიული საფუძვლით - მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის შესაბამისობაში მოყვანილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით, სადაც ადგილმდებარეობა და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები დადგენილია.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 30 სექტემბერს მ. ს-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე დართული სარეგისტრაციო დოკუმენტები მიიჩნია არასაკმარისად ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისათვის, იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ნივთის მოსაზღვრეები არ ემთხვეოდა სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტში (მიღება-ჩაბარების აქტი N169 28.11.1998წ) მითითებულ მოსაზღვრე პირთა სიას. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება დამატებითი სარეგისტრაციო დოკუმენტის, კერძოდ, 1998 წლის 28 ნოემბრის N169 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის შესაბამისობაში მოყვანილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების თანახმად, მ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. ს-ემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის მიზნით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა ...; ... და ... საკადასტრო კოდებზე არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტები, კერძოდ: ჯ. ხ-ას სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №882008087570, თარიღი: 31.03.08) და 1999 წლის 20 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №94; თ. ზ-ის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და 1998 წლის 28 ნოემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №169; გ. მ-ის სახელზე 12 მაისს (წელი არ იკითხება) გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №111 და 2011 წლის 13 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაცია №882011169983, 12/04/2011).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის მ. მ-ის სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ქ.მცხეთაში, ... ქუჩაზე მ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულია 600.00კვ.მ დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: 1. ცნობა №08–2/46, დამოწმების თარიღი 02.09.2005, 2. მცხეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილება №90, დამოწმების თარიღი 22.05.1992 და 3. მიღება–ჩაბარების აქტი №79, დამოწმების თარიღი 26.101999. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების №79 აქტს, რომლის მიხედვითაც მ. მ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებს წარმოადგენენ – სამხრეთით – გზა, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით – ქალაქის ფონდის ტერიტორია, ხოლო მიღება – ჩაბარების აქტის მეორე გვერდზე დართულ მიწის ნაკვეთის ნახაზზე წინა გვერდისაგან განსხვავებული ინფორმაციაა მოსაზღვრეებთან დაკავშირებით, კერძოდ, ერთი მხრიდან მითითებულია – გზა, ორი მხრიდან ქალაქის ფონდის ტერიტორია და ერთ–ერთი მხრიდან გ. ხ-ის ნაკვეთი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი“. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ვერ წარადგინა მოთხოვილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შესაბამისი დამადასტურებელი ინფორმაცია. ამდენად, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მართებულად შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება მ. ს-ის განცხადებაზე ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე.
იქედან გამომდინარე, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2011 წლის 6 ოქტომბრის №882011480478-03 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2011 წლის 7 ნოემბრის №882011480478-06 გადაწყვეტილების კანონწინააღმდეგობრიობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ნოემბრის №172100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ და შემდეგ სასამართლომ არასაკმარისად ჩათვალა უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ჯ. მ-ის (ხ-ა) მიწის ნაკვეთი ესაზღვრება, ხოლო დასავლეთით გზა.
კასატორის მითითებით, მას კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომ მისი საკუთრების უფლება აღრიცხულია (რეგისტრირებულია) კანონის მოთხოვნათა დაცვით; საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ კი მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არაჯეროვნად გამოიკვლია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია. კასატორის მითითებით, არ მოხდა თავად სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტების მოძიება, კერძოდ, საჯარო რეესტრს თვითონვე უნდა დაედგინა, რომ მ. ს-ის მიერ წარდგენილ მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ჯ. მ-ე (ხ-ა) და ასევე, სამხრეთით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული იყო მ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.
კასატორის მითითებით, ფაქტობრივად სასამართლომ მტკიცებეულებები ფორმალურად დაურთო საქმეს და მათ არ მისცა სამართლიანი შეფასება. კასატორმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებების ერთ-ერთი სახეა მოწმის ჩვენება, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 7 თებერვალს 13:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2006 წლის 13 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მ. ს-ემ თ. ზ-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა ფართობის (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი - ...; სექტორი - მცხეთა, კოდი - ...; კვარტალი - №..., ნაკვეთი - №...) (ტ. I; ს.ფ. 89-92). მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 0,06 ჰა ფართობის (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი - ...; სექტორი - მცხეთა, კოდი - ...; კვარტალი - №..., ნაკვეთი - №...), უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტის - 2006 წლის 13 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის №1/2857) საფუძველზე რეგისტრირებულია მ. ს-ის საკუთრების უფლება (ტ. I; ს.ფ. 175).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 30 სექტემბერს მ. ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №720614254; თარიღი: 13.11.06); ი/მ „ა. რ-ის“ მიერ 2011 წლის 30 სექტემბერს შედგენილი 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია (ტ. I; ს.ფ. 99). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, იმ მოტივით, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ნივთის მოსაზღვრეები არ ემთხვეოდა სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტში - 1998 წლის 28 ნოემბრის №169 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მოსაზღვრე პირთა სიას. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განახლებისათვის მოთხოვნილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რისთვისაც მ. ს-ეს განესაზღვრა ვადა - 30 კალენდარული დღით (ტ. I; ს.ფ. 18).
2011 წლის 28 ოქტომბერს, მ. ს-ის წარმომადგენლმა ვ. ს-ემ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი - ...; ... და ... საკადასტრო კოდებზე არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტები, კერძოდ: ჯ. ხ-ას სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №882008087570, თარიღი: 31.03.08) და 1999 წლის 20 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №94; თ. ზ-ის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და 1998 წლის 28 ნოემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის №169 მიღება-ჩაბარების აქტი; გ. მ-ის სახელზე 12 მაისს (წელი არ იკითხება) გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №111 და 2011 წლის 13 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაცია №882011169983, 12/04/2011) (ტ. I; ს.ფ. 183-198). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.I; ს.ფ. 19).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ. ს-ის წარმომადგენელს ვ. ს-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (რომლითაც მოთხოვნილ იქნა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 ოქტომბრის №882011480478-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა), ვინაიდან, მ. ს-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ნივთის მოსაზღვრე პირები არ შეესაბამებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტში - 1998 წლის 28 ნოემბრის №169 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მოსაზღვრე პირთა სიას (ტ. I; ს.ფ. 16-17).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის წერილზე, რომლის მიხედვით, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკადასტრო რუკის მონაცემებით მ. ს-ის მიერ 2011 წლის 30 სექტემბრისN№882011480478 განაცხადით წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან არ გამოვლინდა (ტ. II. ს.ფ. 30).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი მ. ს-ე საკასაციო საჩივარში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებასთან ერთად მოწმის დაკითხვაზე უარის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობაზე მიუთითებდა. 2011 წლის 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მოხსნა მოთხოვნა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობის ნაწილში და საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საკითხს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე, რომ არ იმსჯელეს მოსარჩელის არგუმენტებზე და ვერ დაასაბუთეს მ. ს-ის მოთხოვნის უსაფუძვლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ მოტივად ის გარემოება იქცა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ნივთის მოსაზღვრეები არ ემთხვეოდა სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტში - 1998 წლის 28 ნოემბრის №169 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მოსაზღვრე პირთა სიას. ამასთან, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოები განსახილველ საკითხს ფორმალურად მიუდგნენ და გასაჩივრებული აქტების კანონიერის დასაბუთებისას შემოიფარგლნენ მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მ. ს-ის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო. კასატორი მიუთითებს, რომ არ მოხდა თავად სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტების მოძიება და ურთიერთშეფასება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ს-ეს ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო სამსახურს არ დაუდგენია მ. ს-ის საკუთრების დაზუსტებით და ახალი წესის შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაციით ვისი უფლებები ილახებოდა; სახეზე ხომ არ იყო ინტერესთა კონფლიქტი; ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, რა დროსაც მას შესაძლებლობა და ვალდებულებაც ჰქონდა მიეწვია ყველა დაინტერესებული პირი, ვის ინტერესსაც შესაძლოა შეხებოდა გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო სამსახურმა ფაქტობრივად ეჭვს ქვეშ დააყენა მ. ს-ის საკუთრების უფლება. განმცხადებელს იმ გარემოებების დოკუმენტურად დადასტურება მოსთხოვა, რაც მისი კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულის საპირისპიროდ კი საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ს-ე 2006 წლიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა და მისი საკუთრების უფლება დღემდე ძალაშია და სადავოდ არავის გაუხდია.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე ითვლება, რომ მ. ს-ეს საკუთრებაში გააჩნია ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა ფართობის (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი - ...; სექტორი - მცხეთა, კოდი - ...; კვარტალი - №..., ნაკვეთი - №...).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ მ. ს-ეს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვის მთელ ეტაპზე მ. ს-ე საქმის გარემოებების დასადგენად მოწმის დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მოსარჩელის შუამდგომლობა რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს არც უმსჯელია აღნიშნულის თაობაზე. ამდენად, არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეუწყეს ხელი საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სათანადოდ არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეუძლებელია საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მიხედვით, რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე ინსტრუქციით განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების, ძალაში შესვლისა და გასაჩივრების წესი. რაც ნიშნავს იმას, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების სახე და გადაწყვეტილების მიღებისას სპეციალურ ნორმებთან ერთად იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 ოქტომბრის №882011480478-03 და 2011 წლის 7 ნოემბრის №882011480478-06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 ოქტომბრის №882011480478-03 და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 ნოემბრის №882011480478-06 გადაწყვეტილებები და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და თვლის, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც აქტის გამოცემის პროცესში მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, რაც მისცემს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას საქმეზე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მ. ს-ე 2006 წლიდან ქ. მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 0,06 ჰა ფართობის (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა და ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ის ფაქტობრივადაც ფლობს ამ მიწის ნაკვეთს. აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს თავად საჯარო რეესტრის მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის წერილი), რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ზედდება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ნოემბრის №172100 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინსტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ადმინისტრაციულ საჩივარში დამატებით განუმარტავდა და მოახსენებდა სააგენტოს მოსაზღვრე პირების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ უმსჯელია მ. ს-ის არგუმენტებზე. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კანონი საჯარო რეესტრს აძლევს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ნოემბრის №172100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და მ. ს-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნ. ჩ-ის მიერ მ. ს-ის საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; სააპელაციო სასამართლოში – 150 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით; სულ – 550 ლარი) სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ნოემბრის №172100 გადაწყვეტილება;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 ოქტომბრის №882011480478-03 და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 ნოემბრის №882011480478-06 გადაწყვეტილებები და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ნ. ჩ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ მ. ს-ის საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე